ვაზის ნაჟურად ქცეული მამაპაპისეული ტრადიცია

© ი. იმედაშვილიიმედაშვილები "ოჯახური ღვინის" დეგუსტაციაზე იწვევენ სტუმრებს
იმედაშვილები ოჯახური ღვინის დეგუსტაციაზე იწვევენ სტუმრებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი კაცის ვაზისა და ღვინისადმი განსაკუთრებული სიყვარული საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. ტრადიციული მეღვინეობით, ვაზის მიმართ საოცარი დამოკიდებულებით განსაკუთრებით კახეთი გამოირჩევა. დღეს ახმეტის რაიონში მცხოვრებ ერთ ქართულ ოჯახზე გიამბობთ, რომელმაც წინაპართა ნაკვალევზე სვლა გააგრძელა და მამაპაპისეული ვენახები ააღორძინა.

ცნობილია, რომ ახმეტის რაიონში ვაზის განვითარებისთვის განსაკუთრებული მიკროკლიმატია. მიკროზონა სამი მდინარის — ილტოს, ალაზნისა და ორვილის შესაყარზეა განფენილი. სწორედ ახმეტაში, მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობს იმედაშვილების ოჯახი, რომელმაც ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების ძველი, ტრადიციული მეთოდი ააღორძინა.  

„პაპაჩემი 1930 წელს გადმოსულა ახმეტაში საცხოვრებლად. მაშინ ასეთი ტრადიცია ყოფილა კახეთში – ადამიანი რომ მკვიდრდებოდა და ახალ ცხოვრებას იწყებდა, სახლის საძირკველთან ერთად ვენახს აშენებდა და ქვევრებს ყრიდა. პაპასაც ხის სახლთან ერთად მარანიც აუშენებია. დღეს ეს მარანი ისევ არსებობს, თუმცა სიძველის გამო ვერ ხერხდება მისი გამოყენება“, – მოგვითხრო ოჯახის უფროსმა დავით იმედაშვილმა.

© ი. იმედაშვილიიმედაშვილების ოჯახი თავისი ოჯახის ღვინოს ფართო საზოგადოებას წარუდგენს
იმედაშვილების ოჯახი თავისი ოჯახის ღვინოს ფართო საზოგადოებას წარუდგენს - Sputnik საქართველო
იმედაშვილების ოჯახი თავისი ოჯახის ღვინოს ფართო საზოგადოებას წარუდგენს

რამდენიმე წლის წინ ბატონი დავითის ქალიშვილი ანა გათხოვდა და აღმოჩნდა, რომ ანას იმერელი მეუღლე და მისი დეიდაშვილი დაინტერესებული იყვნენ მეღვინეობით. ახალგაზრდა ოჯახმა გადაწყვიტა კახური მეღვინეობის გამოცდილება და ტრადიციები იმერულისთვის შეერწყა და შეეთვისებინა, ძველი ახლით გაემდიდრებინა და სწორედ ძველ ტრადიციებზე დაყრდნობითა და ახლებური ხედვით დაიწყეს კახურ-იმერული მარნის შენება.

© ი. იმედაშვილიიმედაშვილების მარანი ახმეტაში
იმედაშვილების მარანი ახმეტაში - Sputnik საქართველო
იმედაშვილების მარანი ახმეტაში

მდინარე ალაზნის პირას განფენილ მამაპაპისეულ ვენახებს პირველი „მატება“ 2014 წელს შესძინეს. „ძველებიდან“ კი „კახური მწვანის“ 1,5 ჰექტარზე გაშენებული ვენახი ახმეტის შესასვლელში, ალაზანსა და ორვილს შორის არის მოქცეული და უკვე 40 წლისა. 30 წლისაა „რქაწითელის“ ვენახი, რომელიც ასევე 1,5 ჰექტარზეა გაშენებული და ახმეტის შესასვლელში, საბეროშია განთავსებული. "საფერავი“ თავის არაჩვეულებრივ მოსავალს ბითაანიდან 25 წლის წინ გაშენებული ვენახებიდან იძლევა.

გათენებიდან გვიან ღამემდე, სიცივესა და გვალვაში, ტალახით და ბირკით,,დამშვენებულები“, იმედაშვილები ყველაზე ბედნიერად თავს მაინც მამაპაპისეულ ვენახებში გრძნობენ. 

© ი. იმედაშვილიმამაპაპისეული ვენახის მოსავალი
მამაპაპისეული ვენახის მოსავალი - Sputnik საქართველო
მამაპაპისეული ვენახის მოსავალი

ბატონი დავითის მამა რაიონში განთქმული, ღვინის და ვენახის მოყვარული კაცი ყოფილა. სიტყვამოსწრებულ და ენაწყლიან კახელს მეტსახელად „ლეგენდარას“ ეძახდნენ. ნებისმიერი სუფრის და საზოგადოების სული და გული დიდ პატივს სცემდა ტრადიციებს, წარსულს, ისტორიას. იმედაშვილების სახლში დღესაც ნახავთ მის მიერ შეგროვილ ძველებურ ნივთებს, ხევსურულ სამოსს და საბრძოლო იარაღებს, ვერცხლის თუნგებსა და თიხის ფიალებს, რომლებსაც ბატონი დავითის მარანში დაუდიათ ბინა. მისაღები ოთახი სავსეა მრავალნაირი ძველებური, უნიკალური სასმისებით. წინაპართა ტრადიციებს დღესაც აგრძელებს ოჯახი და ახალ სიცოცხლეს ჩუქნის მათ. აქ პაპის მიერ დანატოვარ ვაზისა და ღვინის მოხმარების კულტურას სათუთად უნახავენ მომავალ თაობას. 

© ი. იმედაშვილი დავით იმედაშვილი: ამ ქვევრებმა უნდა შეინახონ მამაპაპისეული ვენახის წლის მოსავალი
 დავით იმედაშვილი: ამ ქვევრებმა უნდა შეინახონ მამაპაპისეული ვენახის წლის მოსავალი - Sputnik საქართველო
დავით იმედაშვილი: ამ ქვევრებმა უნდა შეინახონ მამაპაპისეული ვენახის წლის მოსავალი

დიდებულ საქმეში ოჯახის ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული და ყველას თავისი „ხმა“ აქვს ქართული ღვინის მრავალხმიანი სიმღერის შექმნაში: ანა არაჩვეულებრივად ხატავს – ოჯახის მიერ წარმოებული ღვინის ბოთლის ეტიკეტის, ლოგოს დიზაინი მისი იდეითა და დამსახურებით შეიქმნა; 

ანას დედამთილი, ქალბატონი გულიკოც მხატვარი გახლავთ. მის მიერ შექმნილი ულამაზესი კერამიკული ნივთებიც ამშვენებს იმედაშვილების მარანს;

ბატონი დავითის მეუღლეს კი განსაკუთრებული, ფაქიზი დამოკიდებულება აქვს ყვავილებთან და მცენარეებთან, იგი ამ კუთხით ცდილობს მარანში საოცარი გარემო და განწყობა შემოიტანოს. 

თვითონ ოჯახის უფროსი ხეზე კვეთის დიდოსტატია, მისი დამზადებული მარნის ავეჯი განსაკუთრებულ ქართულ სულს სძენს აქაურობას.

© ი. იმედაშვილიეს ბუხარი განსაკუთრებულ ხიბლს და სითბოს სძენს იმედაშვილების მარანს
ეს ბუხარი განსაკუთრებულ ხიბლს და სითბოს სძენს იმედაშვილების მარანს - Sputnik საქართველო
ეს ბუხარი განსაკუთრებულ ხიბლს და სითბოს სძენს იმედაშვილების მარანს
  

მიწაში ჩაყრილი 12 ქვევრი 10 ტონა ღვინოს იტევს. ამ ქვევრებში რჩეული ჯიშის ყურძნის სამი სახის ღვინო დუღს — ქვევრის წითელი მშრალი ღვინო „საფერავი“, ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო „რქაწითელი“ და ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო „კახური მწვანე“.

მარანი ძველ ყაიდაზე, ქვით და ქართული აგურით არის ნაშენები. აქ თითოეული ნივთი ოჯახის ისტორიის, ტრადიციის მატარებელია. საგანგებოდ მოწყობილი ბუხარი, თბილი და შინაური გარემო განსაკუთრებულ ელფერს მატებს მარანს. ეს ოჯახი დიდი ხანია ახმეტაში ჩასულ უცხოელ თუ ქართველ ტურისტთა მარშრუტის განუყოფელ ნაწილად იქცა. 

© photo: courtesy of I. Imedashviliქვევრი, რომელშიც ოჯახის გარჯა, ისტორია და ტრადიციები ვაზის ნაჟურად ინახება
ქვევრი, რომელშიც ოჯახის გარჯა, ისტორია და ტრადიციები ვაზის ნაჟურად ინახება - Sputnik საქართველო
ქვევრი, რომელშიც ოჯახის გარჯა, ისტორია და ტრადიციები ვაზის ნაჟურად ინახება

უდიდეს სიყვარულსა და სითბოს იტევს ეს მარანი, განსაკუთრებით რთველში, როცა ქვევრები ქუდს იხდიან და მოთმინებით ელიან იმედაშვილების ვენახების ნაყოფს, რათა შემდეგ ერთი წლის მანძილზე კვლავ უმასპინძლონ კახური სტუმართმოყვარეობით აღფრთოვანებულ სტუმრებს და მოუთხრონ მათ იმ დიდებულ ტრადიციებზე, გარჯასა და სიყვარულზე, რომელიც იმედაშვილების ოჯახმა მათი ვაზის ნაჟურის თითოეულ წვეთში ჩააქსოვა.

ყველა ახალი ამბავი
0