ავთო ვარაზი – ფიროსმანზე უფრო ფიროსმანი...

© saintereso.comავთო ვარაზი ფიროსმანის როლში
ავთო ვარაზი ფიროსმანის როლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ პატარა და მყუდრო აივანზე ისეთი დიდი და ბუმბერაზი კაცი ამობრძანდება, სულში და გულში ფერადი, საოცრად თავმდაბალი და შინაგანად დახვეწილი, რომ სულ არავითარი მნიშვნელობა არ ექნება ბოლო დღეებში ოდნავ უღიმღამო, განაცრისფრებულ ბუნებას და სიცივესაც კი… თუმცა, რა ვიცი, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მზემაც შემოიჭყიტოს, რადგან დღეს ჩვენი აივანი განსაკუთრებით თბილისური გახდება. თუ არა და, სითბო ჩვენ ისედაც არ გვაკლია.

დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ საოცარ თბილისელს, უდიდეს შემოქმედსა და ადამიანს.

მინდა დასაწყისშივე მისი სიტყვები შეგახსენოთ, რადგან ამ ერთ ფრაზაშიც კი ჩანს ყველაფერი: 

„მთავარია ნახატი გესაუბრებოდეს და სუნთქავდეს. მართალია, ნახატის ბოლო ლურსმანია, რომელზეც უნდა ეკიდოს იგი მუდმივად თუ დროებით, მაგრამ მხატვარს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ იგივე ლურსმანზე მისი ცხოვრების ნაწილი ჰკიდია“…

ავთო ვარაზი
ავთო ვარაზი - Sputnik საქართველო
ავთო ვარაზი

დარწმუნებული ვარ, მიხვდებოდით, რომ დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი ავთო ვარაზი, რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1926 წლის 25 ოქტომბერს. ის დღეს 90 წლის გახდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სულ რაღაც 51 წლის ასაკში გარდაიცვალა, სხვათა შორის ისე, რომ სიცოცხლეში საკუთარ პერსონალურ გამოფენასაც კი ვერ მოესწრო…

მე ეს კაცი მიყვარს იმ დღიდან, როდესაც ვნახე გიორგი შენგელაიას ფილმში, რომელშიც ის ფიროსმანის როლს ასრულებდა. მახსოვს, მე და მამამ ერთად ვუყურეთ და ორივეს ცრემლები მოგვადგა. მაშინ მამამ მითხრა — ეს ავთო გამაგიჟებს, ფიროსმანზე უფრო ფიროსმანიაო!“ მე კი გულში ვიფიქრე, რომ მეც ზუსტად ასე ავღიქვი და გამიხარდა.

მერე უკვე დავინტერესდი მისი შემოქმედებით. მე, სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, ვერ ვერკვევი ფერწერაში და ჩემთვის მხოლოდ ერთი კრიტერიუმი არსებობს – დავკიდებდი თუ არა ამ მხატვრის სურათს ჩემ ოთახში და მზად ვარ თუ არა, რომ სულ ვუყურო.

ბატონი ავთოს სურათები ჩემთვის იმდენად ახლოა, რომ ამისთვის ნამდვილად მზად ვარ, რადგან სულამდე ჩემია და მიყვარს.

თუმცა, უკაცრავად, ჩემი აზრი ვის აინტერესებს, ან ახლა ვინ მომცემს ერთ სურათს მაინც ჩამოსაკიდად… აი, თვითონ რომ მეთხოვა, დარწმუნებული ვარ, მაჩუქებდა.

დღეს ავთო ვარაზის ტილოები მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებშია წარმოდგენილი. მამაკაცის შარვლისგან შექმნილი მისი „ხარის თავი“ ნიუ-ორკის „მოდერნ არტის“ მუზეუმში ინახება. მეორე ნამუშევარი „ხარის თავის“ სახელწოდებით (თუმცა სინამდვილეში „კრავის თავს“ წარმოადგენს) აშშ-ის ზიმერლის ნონკონფორმისტულ მუზეუმშია; მესამე „ხარის თავი“ — ალექსანდრ გლეზერთან, პარიზში, ხოლო „რვაფეხა“ – კოსტაკისის კერძო კოლექციაში, საბერძნეთში ბინადრობს. მისი 15 ნამუშევარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ასევე ქუთაისის, ცაგერის, ამბროლაურის და სენაკის სახვითი ხელოვნების მუზეუმებშია განთავსებული. სამწუხაროდ, ავთო ვარაზის ზოგიერთი ნამუშევრის ბედი დღემდე უცნობია. თუმცა, რატომღაც მგონია, რომ ეს ნამუშევრები აუცილებლად კარგი და ღირსეული ადამიანების ხელში მოხვდებოდა. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია – სურათსაც ხომ უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება…

© tbiliso.geყველა, ვინც მის ტილოებზეა გამოსახული, მისი მეგობრები, ნათესავები ან ახლობლები არიან...
ყველა, ვინც მის ტილოებზეა გამოსახული, მისი მეგობრები, ნათესავები ან ახლობლები არიან...  - Sputnik საქართველო
ყველა, ვინც მის ტილოებზეა გამოსახული, მისი მეგობრები, ნათესავები ან ახლობლები არიან...

ავთო ვარაზი არასდროს ხატავდა შეკვეთით. ყველა, ვინც მის ტილოებზეა გამოსახული, მისი მეგობრები, ნათესავები ან ახლობლები არიან. ის უცნობებს არ ხატავდა, რადგან პორტრეტებში, მისი თქმით, ატევდა არა მხოლოდ ადამიანის შინაგან სამყაროს, ისე, როგორც ის გრძნობდა, არამედ მის ამ ადამიანთან ურთიერთობების დროს მიღებულ განცდებსა და შთაბეჭდილებებსაც. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი — „ბუკინისტის პორტრეტი“ საერთოდ მეხსიერებით არის დახატული, რადგან მოხუცი ბუკინისტი ლიოვა არ დათანხმდა მხატვრისთვის პოზირებაზე. მან რატომღაც ამოიჩემა, რომ თუ მას ავთო დახატავდა, ის აუცილებლად მოკვდებოდა. ამიტომ ავთო ვარაზმა ის მეხსიერებით დახატა და ეს პორტრეტი მსოფლიოშია აღიარებული ფსიქოლოგიური პორტრეტის შედევრად. სხვათა შორის, იმასაც გაგიმხელთ, რომ ლიოვა ბუკინისტმა იმ პორტრეტის შემდეგ კიდევ ძალიან დიდხანს იცოცხლა.

ძალიან  მიყვარს ავთო ვარაზის ნატურმორტები. მისი მეგობრები ჰყვებიან, რომ ის ხშირად მთელი დღეების განმავლობაში უცვლიდა ნატურმორტის კომპონენტებს ადგილებს და აკვირდებოდა. ისე დიდხანს, რომ ზოგჯერ ეს კომპონენტები ფუჭდებოდა ან ძველდებოდა და მაშინ მათ ცვლიდა. თავად მხატვარი ამბობდა, რომ „ნატურმორტის ხატვისას უნდა გახსოვდეს საგნებს შორის სივრცე, ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თვით საგანი“. 

© tbiliso.geავთო ვარაზი გახლდათ ქართულ მხატვრობაში პირველი, ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა.
ავთო ვარაზი გახლდათ ქართულ მხატვრობაში პირველი,  ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა.  - Sputnik საქართველო
ავთო ვარაზი გახლდათ ქართულ მხატვრობაში პირველი, ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა.

ავთო ვარაზი გახლდათ ქართულ მხატვრობაში პირველი, ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. აქ კი უნდა გამოგიტყდეთ, რომ კოლაჟი ბავშვობიდან ჩემი სისუსტეა. განსაკუთრებით მომწონს ავთო ვარაზის „თევზების“ თემაზე შექმნილი კოლაჟების სერია – უკან ძველი გაზეთების ამონაჭრების ფონზე, და კიდევ ის კოლაჟი, სადაც სიგარეტ „ჟიტანის“ კოლოფია. და კიდევ მიყვარს კოლაჟი „ბეატრიჩე“, სადაც ჩოგანი და კარის ზარია…

რაღაც ისე ორგანულად არის დაკავშირებული ყველაფერი ერთმანეთთან, რომ სხვადასხვა ისტორიების დაწერაც კი მოგინდება ადამიანს. არც ერთი პატარა კომპონენტიც კი არ არის თავისთვის განცალკევებული.

საერთოდ, ალბათ, როდესაც ადამიანი დიდი ხელოვანი და შემოქმედია, ის აუცილებლად მისდევს უძველეს ტრადიციებს, რომლებსაც მხოლოდ მისთვის ჩვეული ნიჭით უხამებს თანამედროვე ელემენტებს.

რა გითხრათ კიდევ… მე დღეს, ისევე, როგორც ხშირად, ოდნავ მწყდება გული იმაზე, რომ არ დავიბადე ცოტა ადრე. სიამოვნებით მექნებოდა ურთიერთობა ცოტა უფრო ახლოს ჩემი მშობლების თაობის საოცარ წარმომადგენლებთან, მაგალითად, ავთო ვარაზთან, მის ძმაკაც ნიაზ დიასამიძესთანაც, მეფეთა შთამომავალ პეტრე გრუზინსკისთან და კიდევ ბევრ სხვა ლამაზ ადამიანთან…

და მაშინ ხომ აუცილებლად მეკიდებოდა სახლში ბატონი ავთოს ერთი, სულ პატარა, ფანქრით შექმნილი ესკიზი მაინც.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და თბილისურად ლამაზ დღეს! 

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0