69,42–კარატიანი ორშაბათი...

რიჩარდ ბარტონი და ლიზ ტეილორი
რიჩარდ ბარტონი და ლიზ ტეილორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი აივანი ცოტა სევდიანობს, რადგან, სამწუხაროდ, ყველაფერს ყოველთვის თავისი ბოლო აქვს და ისიც წინასწარ გრძნობს, რომ მალე მოვა ნოემბერი, ეს გარდაუვალია… აცივდება, შემდეგ მოთოვს და ჩვენც ამ აივანზე ვეღარ შევიკრიბებით…

ჯერჯერობით არ ვიცი, შემომყვებით თუ არა ძალიან მყუდრო სახლში, ხართ თუ არა ამისთვის მზად.

მანამდე კი, სანამ ჯერ კიდევ შემოგვრჩენია მოკლე, მაგრამ ლამაზი, შემოდგომიანი დღეები, ალბათ, ჯობს ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რაც გაგვათბობს ამ შემოპარული ზამთრის წკიპზე…

რომი შნაიდერი - Sputnik საქართველო
რომი შნაიდერი: დღე, როდესაც ვეღარ გენდობი, გახდება უკანასკნელი ჩემს ცხოვრებაში

აი, მაგალითად, ზუსტად ამ დღეს, 1969 წლის 24 ოქტომბერს რიჩარდ ბარტონმა თავის მეუღლე ელიზაბეტ ტეილორს აჩუქა ბეჭედი, რომელშიც ჩასმული იყო 69,42–კარატიანი ბრილიანტი და რომელიც 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირდა. თანაც, ისინი უკვე 5 წლის შეუღლებულები იყვნენ და ელიზაბეტისთვის ბარტონი მეხუთე ქმარი იყო.

თავის დროზე მათ რომანს საუკუნის მოვლენა უწოდეს. ისინი ერთმანეთს ფილმ „კლეოპატრას“ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ რომში. თუმცა შემდეგ ბარტონი ჰყვებოდა, რომ რამდენიმე წლით ადრე ერთ-ერთ მიღებაზე მან ყურადღება მიაქცია აუზთან მოკალათებულ ქალბატონს წიგნით ხელში. მან ბარტონის დანახვაზე წიგნი გადადო, მზის სათვალე ჩამოიწია და… იმდენად უსაშველოდ ლამაზი იყო, რომ ბარტონმა გადაიხარხარა. ელიზაბეტმა კი წიგნის კითხვა გააგრძელა. ელიზაბეტს, სხვათა შორის, ეს ეპიზოდი საერთოდ არ ახსოვდა.

ბოროტი ენები ჰყვებოდნენ, რომ ბარტონს უკვე „კლეოპატრას“ გადაღებამდე ჰქონდა გამიზნული რომანი გაება ჰოლივუდის ვარსკვლავთან, რადგან ეს მას გარკვეულ პოპულარობას მოუტანდა. მაგრამ ძალიან ძნელია ამის დაჯერება, თუნდაც ის წერილები რომ წაიკითხოთ, რასაც ბარტონი იმ დღეებში სწერდა ელიზაბეტს.

სალვადორ დალი და გალა - Sputnik საქართველო
გალასავით რომ გიყვარდეს ქალი.. შენც უნდა იყო ცოტათი ... დალი...

„შენ თავად არ იცი, რა ფანტასტიკურად ლამაზი ბრძანდები… მე უბრალოდ ვბრმავდები, როდესაც ვერ გხედავ…“

თავიდან ელიზაბეტი ბარტონის მიმართ ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი. მას ბევრი რამ სმენოდა რიჩარდის მრავალრიცხოვანი რომანების შესახებ და უნდოდა დაემტკიცებინა ბარტონისთვის, რომ ის არ არის „ერთ-ერთი“ ქალი, რომელსაც ბარტონის მომხიბვლელობა ან შარმი თავგზას აუბნევდა.

© Biography.comლიზ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი ფილმ "კლეოპატრას" გადაღებებისას
ლიზ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი ფილმ კლეოპატრას გადაღებებისას - Sputnik საქართველო
ლიზ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი ფილმ "კლეოპატრას" გადაღებებისას

მაგრამ… „კლეოპატრას“ გადაღების პირველივე დღეს, როდესაც, სცენარის მიხედვით, ელიზაბეტს და რიჩარდს ერთმანეთისთვის უნდა ეკოცნათ, მოხდა სასწაული. როგორც ამის მომსწრენი ჰყვებოდნენ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს უცებ ორივე ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მოხვდა.

და იმის მიუხედავად, რომ რეჟისორმა ხმამაღლა გამოაცხადა, კოცნის ეპიზოდი გადაღებულიაო, ისინი კიდევ დიდხანს ვერ სცილდებოდნენ ერთმანეთს.

არა და ელიზაბეტის იმდროინდელმა მეოთხე ქმარმა ედი ფიშერმა მისი გულისთვის მეუღლე მიატოვა და ელიზაბეტს სულაც არ აწყობდა კიდევ ერთ სასიყვარულო ინტრიგაში გახვევა. ამიტომ ბარტონთან ისინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ერთმანეთთან მხოლოდ სცენარით განსაზღვრული სიტყვებით ექნებოდათ ურთიერთობა.

მაგრამ ამ შეთანხმებიდან ზუსტად სამ დღეში ელიზაბეტი და რიჩარდი პორტო-სან-სტეფანოს პატარა ვილაში გაიპარენ და ორივე სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ არასდროს არ ყოფილან ისეთი ბედნიერები, როგორც იმ დროს.

1964 წელს ელიზაბეტი გაშორდა მეუღლეს, ბარტონმა კი მას მთელი 4 თვით დაასწრო. ისინი გაემგზავრენ მონრეალში და იქ იქორწინეს. ელიზაბეტს ყვითელი ფერის შიფონის კაბა ეცვა, რომლის ავტორი გახლდათ ირენ შარაფი, „კლეოპატრას“ კოსტიუმების დიზაინერი. 

მონრეალიდან წყვილი ჩავიდა ტორონტოში, სადაც ბარტონი სპექტაკლში ჰამლეტის როლს თამაშობდა. როდესაც სპექტაკლი დასრულდა, რიჩარდმა სცენაზე გამოიყვანა ელიზაბეტი და მიმართა მას შექსპირის რეპლიკით: „მე ვამბობ — მეტი არავითარი ქორწილები!“ ამბობენ, დარბაზი ცრემლებს ვერ იკავებდა…

© rachttlg.comრიჩარდ ბარტონი და ლიზ ტეილორი
რიჩარდ ბარტონი და ლიზ ტეილორი - Sputnik საქართველო
რიჩარდ ბარტონი და ლიზ ტეილორი

მათი ცხოვრება თავიდან ზღაპარს ჰგავდა, მეუღლეები დადიოდნენ „როლს-როისებით“, რიჩარდს ვერცხლისფერი მანქანა ჰყავდა, ელიზაბეტს კი მწვანე. მათ შეისყიდეს უძრავი ქონება ირლანდიაში, მექსიკაში, ინგლისში, აგროვებდნენ მონეს, პიკასოს, ვან გოგის და რემბრანდტის ნამუშევრებს. ქირაობდნენ სართულებს ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში. რომში ლიზ ტეილორს უცებ უნდებოდა ჩილი ბევერლი-ჰილზიდან, ხოლო პარიზში — ლონდონის სოსისი და ეს ყველაფერი მასთან თვითმფრინავებით ჩაჰქონდათ…

რაც შეეხება ბრილიანტს, რომელზეც თავიდან ვსაუბრობდით, რიჩარდ ბარტონმა ის თვალსა და ხელს შუა გამოსტაცა თვით არისტოტელე ონასისს და დღიურში ჩაწერა: „ეს ბრილიანტი უნდა ატაროს მსოფლიოში ყველაზე მშვენიერმა ქალმა და მე ვერ დავუშვებდი, რომ ეს ყოფილიყო ჯეკი კენედი ან, მაგალითად, სოფი ლორენი“…

მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მაინც დაშორდნენ… შემდეგ ისევ შეუღლდნენ, ამჟამად უკვე აფრიკაში… შემდეგ მაინც დაშორდნენ.

ერთ-ერთ ბოლო წერილში რიჩარდი ელიზაბეტს სწერდა – „ერთადერთი, რაც ახლა მე მაწუხებს, არის ის, რომ შენ იყო ბედნიერი. ვისთან ერთად, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. არასდროს არ დაივიწყო, რომ შენ ხარ შესანიშნავი პურიტანელი ლედი და, სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე დიდი მსახიობი. მე შენ მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები. დამიბრუნდი“.

ელიზაბეტი არ დაუბრუნდა. რიჩარდმა კი ცოლად მოიყვანა 27 წლის მოდელი სიუზან ჰანტი, ხოლო ელიზაბეტი ცოლად გაჰყვა ვირჯინიის სენატორ ჯონ უორნერს.

1984 წელს შვეიცარიის ქალაქ სელინიაში ბარტონმა თავი ცუდად იგრძნო და წერილი მისწერა ელიზაბეტს. სამწუხაროდ, პასუხი არ მოსვლია… და იმ ღამით სისხლის ჩაქცევისგან გარდაიცვალა.

ლიზ ტეილორმა კი 2011 წელს თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა — „რომში პირველი დანახვიდან ჩვენ ბოლომდე ვიყავით ერთმანეთში შეყვარებულები“…

ალბათ, ასეთი სიყვარული მართლაც ბედნიერებაა მაშინაც კი, როდესაც მას ტკივილი ახლავს…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და სიყვარულიან დღეს! 

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0