ხან შველია და ხან გედი ჩვენი მშვენიერი ლედი...

© www.kinoklad.ruკადრი ფილმიდან "ჩემი მშვენიერი ლედი"
კადრი ფილმიდან ჩემი მშვენიერი ლედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენს აივანს ესტუმრება მართლაც შეუდარებელი ქალბატონი, რომელსაც ჰოლივუდში „შველს“ და „გედს“ ადარებდნენ. ქალბატონი, რომელიც ერთნაირად უყვართ ქალებსაც და მამაკაცებსაც. ეს კი არც თუ ისე ხშირი შემთხვევაა, რადგან, როგორც წესი, ის მანდილოსნები, რომლებიც ძალიან უყვართ კაცებს, ქალებში გარკვეულ ეჭვიანობას იწვევენ. თუმცა დღევანდელ სტუმარზე ეს არ ვრცელდება. ის იმდენად მომხიბვლელია გარეგნულადაც და შინაგანადაც, რომ არ შეიძლება ვინმეს არ უყვარდეს.

ის იმდენად ჰაეროვანია და თავმდაბალი, რომ მეშინია ჩვენ აივანზე მისი ამოსვლა არ გამოგვეპაროს. არც ის ვიცი, რაში იქნება გამოწყობილი, თეთრ ულამაზეს მდიდრულ კაბაში, დეკოლტეთი და ბრილიანტის დიადემით, თუ ჩვეულებრივი ყვავილების გამყიდვლის სამოსში და პატარა ქუდით, რომელიც, სხვათა შორის, არანაკლებად შვენის, რადგან ის მართლაც ნამდვილი ლედია.

რაღა თქმა უნდა, ეს გახლავთ შეუდარებელი ოდრი ჰეპბერნი და სწორედ დღეს, 1964 წლის 21 ოქტომბერს ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ ჯორჯ კიუკორის მიუზიკლი: „ჩემი მშვენიერი ლედი“, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებდა… 

კადრი ფილმიდან "ჩემი მშვენიერი ლედი"
კადრი ფილმიდან ჩემი მშვენიერი ლედი - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "ჩემი მშვენიერი ლედი"

აღსანიშნავია, რომ ფილმმა მიიღო 8 „ოსკარი“ — საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო რეჟისურისთვის, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის, საუკეთესო მუსიკისთვის, საუკეთესო ხმის გაფორმებისთვის, საუკეთესო მხატვრობისთვის, საუკეთესო კოსტიუმებისთვის, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. შეგიძლიათ ეს სია კიდევ ერთხელ არ გადაიკითხოთ, მე სამჯერ გადავიკითხე. სამწუხაროდ, ოდრი ჰეპბერნს 1965 წელს „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ არც ოსკარი მიენიჭა და არც „ოქროს გლობუსი“, თუმცა ნომინაციაში ის შეყვანილი იყო.

გარდა ამისა, ფილმი „ჩემი მშვენიერი ლედი“ 1998 წელს შევიდა ამერიკული ფილმების საუკეთესო ასეულში, 2000 წელს — სასაცილო ფილმების ასეულში, ხოლო 2002 წელს კი, თქვენ წარმოიდგინეთ… ყველაზე ვნებიანი ფილმების ასეულშიც კი.

ოდრი ჰეპბერნი და რეჟისორი ჯორჯ კიუკორი "ჩემი მშვენიერი ლედის" გადასაღებ მოედანზე
ოდრი ჰეპბერნი და რეჟისორი ჯორჯ კიუკორი ჩემი მშვენიერი ლედის გადასაღებ მოედანზე - Sputnik საქართველო
ოდრი ჰეპბერნი და რეჟისორი ჯორჯ კიუკორი "ჩემი მშვენიერი ლედის" გადასაღებ მოედანზე

საერთოდ, ამ ფილმს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ის შეიქმნა ბერნარდ შოუს პიესა „პიგმალიონისა“ და ბროდვეიზე დადგმული ფრედერიკ ლოუს მიუზიკლის მიხედვით. ეს მიუზიკლი მთელი 8 წლის განმავლობაში დიდი წარმატებით გადიოდა და ხალხი მასზე ბილეთებს ნახევარი წლით ადრე ძლივს შოულობდა. მიუზიკლში ფონეტიკის პროფესორ ჰენრი ჰიგინსის როლს რექს ჰარისონი, ხოლო ყვავილების გამყიდველი ელიზას როლს ჯული ენდრიუსი ასრულებდნენ (გახსოვთ, ალბათ, ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი ფილმ-მიუზიკლიდან „მუსიკის ჰანგები“). თავიდაპირველად გადაწყვეტილი იყო მიუზიკლის კინოში გადმოტანა მსახიობებთან ერთად, მაგრამ რეჟისორმა ჩათვალა, რომ ჯული ენდრიუსი არასაკმარისად პოპულარული იყო და ელიზას როლზე ოდრი ჰეპბერნი მიიწვია. უნდა გამოგიტყდეთ, რომ, სცენარის მიხედვით, ელიზა 21 წლის უნდა ყოფილიყო, ოდრი კი იმ დროს 34 წლის გახლდათ. მამაკაცის მთავარ როლში რექს ჰარისონს კი, რა თქმა უნდა, კონკურენტი არ ჰყოლია. სხვათა შორის, ცნობილია, რომ ელიზას როლის შესრულებაზე ელიზაბეტ ტეილორიც კი ოცნებობდა.

კადრი ფილმიდან "ჩემო მშვენიერი ლედი"
კადრი ფილმიდან ჩემო მშვენიერი ლედი - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "ჩემო მშვენიერი ლედი"

ოდრის ძალიან გაუხარდა ეს შეთავაზება, რადგან მას ყოველთვის უნდოდა შეესრულებინა როლი მიუზიკლში და თავად ემღერა. რეჟისორი მას დაჰპირდა, რომ ის თვითონ შეასრულებდა ვოკალურ პარტიას, მაგრამ, სანამ ოდრი დაუღალავად მუშაობდა როლზე და ნოტებში იყო ჩაფლული, მისი მუსიკალური დუბლიაჟისთვის მან სხვა მომღერალი — მარნი ნიქსონი მონახა… როგორც ჰყვებიან, როდესაც ოდრის აცნობეს, რომ ფილმში მის ნაცვლად სხვას უნდა ემღერა, ძალიან დაწყდა გული, შეურაცხყოფილადაც კი იგრძნო თავი, მაგრამ, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა და უბრალოდ უკონფლიქტო ადამიანმა, მიიღო რეჟისორის ეს გადაწყვეტილება, თუმცა ისიც განაცხადა, თავიდანვე რომ სცოდნოდა ეს, ამ როლზე ნამდვილად უარს იტყოდა… 

მონიკა ბელუჩი - Sputnik საქართველო
ვერავინ და ვერასდროს წამართმევს მამაკაცს, რომელიც ბოლომდე ჩემია

გავა წლები და ოდრი იმ დროისთვის უკვე საკმაოდ ცნობილ ჯული ენდრიუსთან ერთ-ერთ შეხვედრაზე მას გამოუტყდება, რომ ის გულწრფელად ფიქრობს, რომ ჯული მასზე გაცილებით უკეთესად შეასრულებდა ელიზას როლს.

და ყოველივე ამის მიუხედავად ოდრი ყოველთვის აცხადებდა, რომ ელიზა დულიტლის როლი ერთ-ერთი უსაყვარლესი იყო მისთვის.

და რა მნიშვნელობა აქვს, მიიღო თუ არა მან ამ ფილმში „ოსკარი“, რადგან „ჩემ მშვენიერ ლედიში“ ყველას სწორედ მშვენიერი ოდრი ახსოვს და, ალბათ, იმაშიც დამეთანხმებით, რომ ის ყველაზე მეტად ალამაზებს და ამშვენებს ამ ფილმს.

რომი შნაიდერი - Sputnik საქართველო
რომი შნაიდერი: დღე, როდესაც ვეღარ გენდობი, გახდება უკანასკნელი ჩემს ცხოვრებაში

2008 წელს დაიწყო სერიოზული საუბარი იმაზე, რომ ჰოლივუდში „ჩემი მშვენიერი ლედის“ რემეიკის გადაღებას აპირებდნენ და ელიზას როლში, სავარაუდოდ, კირა ნაითლის მიიწვევდნენ. პროფესორ ჰიგინსის როლში კი ჯორჯ კლუნი ან ბრედ პიტი მოიაზრებოდნენ. შემდეგ ეს ჭორები შეწყდა, თუმცა, 2010 წელს საუბრები კვლავ განახლდა. გამოაცხადეს, რომ ფილმს დადგამს რეჟისორი ჯო რაიტი, ხოლო მთავარ როლს შეასრულებს კერი მალიგანი (ალბათ, გახსოვთ ფილმში „დიდი გეტსბი“). ჯერჯერობით სხვა მეტი არაფერია ცნობილი.

მე კი, მართალი გითხრათ, ვერ წარმომიდგენია სხვა ელიზა ოდრის გარდა.

 

კი ამბობენ, რომ შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ და ეს, სავარაუდოდ, მსახიობებსაც ეხება. მე კი ამაზე არ მომბეზრდება შემდეგი პასუხის გაცემა: „შეუცვლელი ადამიანები, შეიძლება, არ არსებობენ, მაგრამ არსებობენ… განუმეორებელი ადამიანები!“

სწორედ ასეთი იყო საოცარი ოდრი ჰეპბერნი – ჩვენი საყვარელი ლედი…

გისურვებთ წარმატებულ, ლამაზ და განუმეორებელ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0