ბებია მყავდა „პოვარი...“

© GETBGპატარა მზარეული
პატარა მზარეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

ახლა გამოტყდით, დღეს ჩვენი აივნის მისამართიც რომ არ  გცოდნოდათ ან დაგვიწყებოდათ, ხომ მაინც მომაკითხავდით? თანაც მალ-მალე… რადგანაც, წიკლაურის აღმართის სულ ქვედა მეზობლებმაც კი ტელეფონით მომიკითხეს, მაინცდამაინც დღეს და ყველამ ერთად… საქმე კი იმაშია, რომ ჩვენი აივნის მიდამოებში იმისთანა კულინარული სურნელი დადგა, რომ ცაცხვების მათრობელა არომატიც კი გადაფარა…

ასე რომ, დღეს ყველამ, იმანაც კი, ვინც დიეტაზეა, უნდა დაარღვიოს თავისი პრინციპები, რადგანაც დღეს, 20 ოქტომბერს — მზარეულების საერთაშორისო დღეა და მზარეულისთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა კი ის არის, მის მომზადებულ კერძებზე უარს რომ განაცხადებ…

სხვათაშორის,  თქვენი და, სავარაუდოდ,  ამ დღის პატივსაცემად, პირველად ცხოვრებაში გამომივიდა ზუსტად ისეთი იმერული ხაჭაპური, ბებიაჩემი ალექსანდრა ბარათაშვილი რომ აცხობდა… როგორც თავად ბრძანებდა „ფრონცკობის გარეშეო“, მარტო ფქვილისგან და წყლისგან (მაწონი აპა-პა-პა), თანაც უთხელესი და გადაძეძგვილი, რა თქმა უნდა იმერული ყველით… ბებია ხაჭაპურში პატრიოტულად და პრინციპულად მხოლოდ იმერულ ყველს დებდა… ისე კი, სიმღერა რომ არის „ბებია მყავდა პოვარიო“, ტყუილად კი არ დაწერილა… დამეთანხმეთ, რომ ბებიებზე გემრიელად არც გამზადება არ იცის არავინ და არც მორთმევა…

საერთოდ, ბებიას ქონდა ერთი ჩვევა — მნიშვნელობა არ ქონდა, რა გვექნებოდა სადილად, სუფრა ისე მოხდენილად იშლებოდა, ვითომ სულ სტუმრების მოსვლას ველოებოდით… აუცილებლად, გატკიცინებული ქათქათა თეთრი მაგიდის გადასაფარებელი, ლამაზი სერვიროვკა და 4 ცალი ვერცხლის სამარილე…

© Sputnik / Alexander Imedashviliხაჭაპური
ხაჭაპური - Sputnik საქართველო
ხაჭაპური
 

მახსოვს, ერთხელ, სკოლაში მაგვიანდებოდა და ამოვიღე მაცივრიდან ძეხვი, მაშინ სქელ ქაღალდში რომ ახვევდნენ, ზედვე ქაღალდზე დავჭერი და მივირთმევდი ფეხზე, ღია მაცივრის წინ… ამ დროს შემოვიდა ალექსანდრა და რომ დამინახა, უფრო მეტად შეიცხადა, ვიდრე გაცილებით მოგვიანებით, პირველად სიგარეტით ხელში რომ გამომიჭირა…

 ერთხელ კი, ერთი ძალიან პირდაპირი კურსელი დავპატიჟე სტუმრად… ბებიას კი ლობიოს გარდა არაფერი ქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს,  ჩემს  კურსელს უფრო დიდი იმედები გაუჩნდა, რომ დაინახა ასე ლამაზად და მდიდრულად სერვირებული სუფრა… როდესაც მიხვდა, რომ ლობიოს გარდა სხვა არაფერს აღარ უნდა ელოდოს, პირდაპირ მიახალა ბებიაჩემს: „ 4 ცალი სამარილე ამ ერთ ლობიოს რაღად უნდოდაო“? ბებია კინაღამ გაგიჟდა ჯერ, მაგრამ, იუმორის გრძნობამ წყენაც გადაუფარა და ბევრი იცინა…

მთელი ცხოვრება მაინტერესებდა, როდის გაამზადა პირველად  ქალმა  არა სტიქიური, არამედ წინასწარ მოფიქრებული კერძი, თავისი საყვარელი მამაკაცისთვის… ჯერ კიდევ გამოქვაბულში, თუ ცოტა შემდეგ… ამაზე ზუსტ პასუხს, რა თქმა უნდა ვერავინ გამცემს, მაგრამ თქვნთვის შეხვედრისთვის რომ ვემზადებოდი, გავიგე, რომ ქაღალდზე დაწერილი პირველი რეცეპტები გაჩნდა ბაბილონში, ძველ ეგვიპტეში, ძველ ჩინეთში და არაბულ ქვეყნებში… ზოგიერთმა ამ რეცეპტმა ჩვენამდეც კი მოაღწია… ასე, რომ თუ სურვილი გაგაჩნიათ, შეგიძლიათ გასინჯოთ ის კერძები, რომლებსაც მიირთმევდა ეგვიპტეს ფარაონი ან მაგალითად ჩინეთის იმპერატორი… თუმცა, ვფიქრობ, რომ აქ მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის, რადგანაც, სავარაუდოდ, მათში შემავალი ინგრედიენტები საკმაოდ ძვირი ეღირება…

© Photo: Courtesy of Barbarestanქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო - Sputnik საქართველო
ქართული სამზარეულო

მზარეულის საერთაშორისო დღის მსოფლიოს მასშტაბით 20 ოქტომბერს გადახდა კი  2004 წლიდან დაწესდა. ამ საქმის ინიციატორი გახლდათ კულინარული საზოგადოებების მსოფლიო ასოციაცია, რომელიც, სხვათაშორის 8 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს, წარმოიდგინეთ, 8 მილიონი მზარეული ერთად! თანაც, მზარეულები იყოფიან კლასებად და მაღალი კლასის მზარეულის შემოქმედება კი მართლაც ხელოვნებაა…

საერთოდ, მზარეულის პროფესია გახლავთ ერთერთი უძველესი. პირველი მზარეულის სახელი ისტორიას, სამწუხაროდ, არ შემოუნახავს, მაგრამ, სამაგიეროდ, არსებობს ლეგენდა ქალზე, რომლის სახელმაც დასაბამი მისცა კულინარიის დარგს. ძველ საბერძნეთში ექიმობის  ღმერთი გახლდათ  ასკლეპია, რომელსაც ყავდა ქალიშვილი ჰიგეა, რომელიც ჯანმრთელობის მფარველად ითვლებოდა (აქედან წამოვიდა სიტყვა — „ჰიგიენა“). ხოდა ამ ჰიგეას ყოლია მზარეული, სახელად კულინა, და სწორედ მისი სახელიდან გაჩნდა სიტყვა „კულინარია“…

აი, ხომ ხედავთ, რამდენი საინტერესო ინფორმაცია დავაყოლეთ  ჩვენს იმერულ ხაჭაპურებს…

დღეს კი მე ჩემს საფირმო კერძსაც გაგასინჯებთ, ძალიან ვეცადე ბევრი წიწაკა არ ჩამედო, რადგანაც, როგორც ყველა მეგრელს, ეს ტენდენცია მახასიათებს… კერძი კი გახლავთ, ხორცით ფარშირებული ბულგარული წიწაკები, ბადრიჯნები და პამიდორები… გაგეღიმათ, ხო ქალბატონებს? იფიქრეთ, რა არის ამაში ან ახალი ან ორიგინალური და ან მითუმეტეს საფირმო?  ჯერ გასინჯეთ… 

© FB / Barbarestanმოდით ერთად აღვნიშნოთ მზარეულის დღე!
მოდით ერთად აღვნიშნოთ მზარეულის დღე! - Sputnik საქართველო
მოდით ერთად აღვნიშნოთ მზარეულის დღე!

არა, არა, ახლა რეცეპტს ნუ მთხოვთ ტყუილად… ერთადერთი რასაც გასწავლით არის ის, რომ ამ კერძში, ფარშირებული ელემენტების გარდა, შიგ აუცილებლად გუფთებიც უნდა ჩაყაროთ და გატარებულ ხორცში კი აუცილებლად რეჰანი ჩააბრძანოთ, თანაც საკმაოდ ბევრი…

ნუ, ის, რომ ხორცი უნდა იყოს ყველაზე გემრიელი, ეს ხომ ისედაც ცხადია…  ხორცზე ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება, არც მისი ზედმეტი გაზავება ბრინჯით და არც იაფიანი პამიდვრების ჩადება (მაინც უნდა მოიხარშოსო-ლოგიკით)… გაამოთ…

ბოლოს კი გეპატიჟებით ჩაიზე… რაღა თქმა უნდა არა „პაკეტიანზე“, ამას თქვენ როგორ გაკადრებთ… მე დღეს შემოგთავაზებთ ისევ ბებიაჩემის ჩაის რეცეპტს… მთელი ჩვენი ნათესაობა დადიოდა ხოლმე ბებიას ჩაიზე და ჩემი უკრაინელი  დედიკო სულ ეკითხებოდა — “დედა, ნუ ამიხსენით, ერთი და იგივე ჩაიდან, თქვენ რატომ გამოგდით ასე გემრიელი და მე არაო?“, რაზეც ბებიას სულ ეღიმებოდა… ერთხელაც კი უპასუხა — „შვილო გალია, მე ჩაიდანში ვყრი ნახევარზე ოდნავ ნაკლებ ჩაის და ყოველი დალევის შემდეგ ვცვლიო… შენ კიდევ ამხელა ჩაიდანში 3 ჩაის კოვზს ყრი და სანამ წყალი არ დაიცლება, არ ცვლიო… ესაა და ესო“…

ბებია, რა თქმა უნდა ეშმაკობდა, რადგანაც ერთხელ წავასწარი იმაზე, რომ ჩაიში ჩაის ფერის გარდა კიდევ რაღაცას ამატებდა…  ამ ოჯახის საიდუმლოს კი ნამდვილად ვერ გაგანდობთ…

უბრალოდ მენდეთ, რომ ის, რასაც ის ამატებდა და მე ვამატებ, ჯანმრთელობისთვისაც და განწყობისთვისაც სასარგებლოა!

გისურვებთ წარმატებულ, ლამაზ და გემრიელ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

 

ყველა ახალი ამბავი
0