გაიდაის „შესანიშნავი სამეული“ და... ჯინა ლოლობრიჯიდა...

გაიდაის სახელგანთქმული სამეული: ნიკულინი, მარგუნოვი და ვიცინი
გაიდაის სახელგანთქმული სამეული: ნიკულინი, მარგუნოვი და ვიცინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს მნიშვნელობა არა აქვს, ეწევით თუ არ ეწევით სიგარეტს, ჯანმრთელ ცხოვრებას ეწევით, თუ თავს იკლავთ… დილა უნდა დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ აივანზე დავაგდოთ სიგარეტის ნამწვავი (შეგიძლიათ სხვისი მოწეულიც) და ჯერ მარჯვენა, ხოლო მერე მარცხენა ფეხით გავსრისოთ… ვისაც ახსოვს, ამ ცეკვას ჰქვია „ტვისტი“, მისი ყველაზე კრეატიული მასწავლებელი კი დღეს ჩვენ აივანზე მოწვეული, კინემატოგრაფიის „შესანიშნავი სამეულის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის წევრი, რომელიც თავისი, რბილად რომ ვთქვათ, არაქორეოგრაფიული აღნაგობის მიუხედავად საოცრად დახვეწილად და გრაციოზულად ასრულებს ამ ცეკვას.

 

გაგეღიმათ? ესე იგი მიხვდით, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან შესანიშნავი და პოზიტიური ადამიანები — იური ნიკულინი („ბალბესი“), ევგენი მორგუნოვი („ბივალი“) და გიორგი ვიცინი („ტრუსი“). ზუსტად ამ დღეს კი, 55 წლის წინ, 1961 წლის 18 ოქტომბერს ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ ლეონიდ გაიდაის მოკლემეტრაჟიანი ფილმი — „ძაღლი ბარბოსი და არაჩვეულებრივი კროსი“, რომელშიც ისინი პირველად გამოჩნდნენ ასეთი შემადგენლობით. და, რა კარგია, რომ ეს სამეული შედგა.

მათ ერთად სულ 6 ფილმში ითამაშეს, მაგრამ ჩემი თაობის წარმომადგენლებს ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდათ, რომ ეს სამეული სულ არსებობდა და იარსებებდა. ისინი ალამაზებდნენ ჩვენს ცხოვრებას, ყველას საკუთარი ხასიათი ჰქონდა, ერთად კი სიხარული და ღიმილი მოჰქონდათ.

"შესანიშნავი სამეული" ფილმში "კავკასიელი ტყვე ქალი".
შესანიშნავი სამეული ფილმში კავკასიელი ტყვე ქალი. - Sputnik საქართველო
"შესანიშნავი სამეული" ფილმში "კავკასიელი ტყვე ქალი".

მათი ყველაზე პოპულარული ფილმი, რაღა თქმა უნდა, იყო „კავკასიელი ტყვე ქალი“, რომელიც ეკრანებზე 1966 წელს გამოვიდა. უნდა ითქვას, რომ თავიდან ამ ფილმში მონაწილეობაზე კატეგორიული უარი განაცხადა იური ნიკულინმა. ამ ფილმამდე ცოტა ხნით ადრე მან ანდრეი ტარკოვსკის ფილმ „ანდრეი რუბლიოვში“ ითამაშა და თვლიდა, რომ „დრო არ ჰქონდა ასეთი სისულელეებისთვის“, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიდაიმ შეძლო მისი დარწმუნება, რომ ფილმი იმპროვიზაციებზე იქნებოდა აგებული, დათანხმდა. თანაც რეჟისორმა სახალხოდ განაცხადა, რომ ყოველი გამოგონებისთვის მისი ავტორი პრიზის სახით ერთ ბოთლ შამპანურს მიიღებდა. არსებული ინფორმაციით, ნიკულინმა ამ ფილმის გადაღების დროს მოიგო 24 ბოთლი, მორგუნოვმა — 18, ვიცინმა კი მხოლოდ ერთი ბოთლი შამპანური. არა და, სწორედ ვიცინის მოგონილი იყო ფილმის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდები: უზარმაზარი მოქანავე შპრიცი, რომლითაც მორგუნოვს უკეთებენ ნემსს; ტრასაზე მდგომი „სამეული“, როდესაც შუაში ვიცინი ჰყავთ მომწყვდეული და ბევრი სხვა. ვიცინი საკუთარი ავტორობის აფიშირებას ერთი უბრალო მიზეზის გამო არ ახდენდა — თურმე, მას არ უყვარდა არც შამპანური და არც სხვა ალკოჰოლური სასმელები.

"კავკასიელი ტყვე ქალი"
კავკასიელი ტყვე ქალი - Sputnik საქართველო
"კავკასიელი ტყვე ქალი"

სამწუხაროდ, ეს ფილმი გახდა ის პიკი, რომლის შემდგომ სამეული, ფაქტიურად დაიშალა. ამბობენ, რომ ისინი ცხოვრებაში მაინც და მაინც არ მეგობრობდნენ. მორგუნოვი იყო ძალიან ამპარტავანი და მას საშინლად აღიზიანებდა ის, რომ მისი ერთადერთი დასამახსოვრებელი კინოროლი სწორედ „ბივალი“ გახდა. ნიკულინსა და მორგუნოვს შორის, ისევე, როგორც მორგუნოვსა და გაიდაის შორის ხშირად ხდებოდა სერიოზული შეკამათებები. რაც შეეხება წყნარ და ინტელიგენტ ვიცინს, ის გაურბოდა ზედმეტად აქტიურ მორგუნოვთან ურთიერთობას,   ნიკულინი კი ძალიან უყვარდა, მაგრამ იმის გამო, რომ ნიკულინი მიღებული იყო ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, მასთანაც გარკვეული დისტანცია ეჭირა. ისე კი, ბევრმა არ იცის, რომ „სამეულში“ მონაწილეობამდე ვიცინი „ჰამლეტის“ როლისთვის ემზადებოდა.

რც შეეხება ნიკულინის, მორგუნოვისა და ვიცინის პირად ცხოვრებას, დღეს მოსკოვში გახსნილი სამი მსახიობის მუზეუმის დირექტორი ვლადიმირ ცუკერმანი, რომელიც მეგობრობდა სამივე მსახიობთან და რომელიც ასევე ცნობილია იმით, რომ „ვოვაჩკაზე“ პოპულარული ანეკდოტების ციკლის ავტორია, ჰყვება, რომ მორალურად ყველაზე ნაკლებად მდგრადი ევგენი მორგუნოვი იყო. ის ყოველთვის გარშემორტყმული იყო უამრავი თაყვანისმცემელი მანდილოსნით, ჰქონდა რომანები კინოს ულამაზეს მსახიობებთან და მთელი ცხოვრების განმავლობაში სერიოზულად ამტკიცებდა, რომ ჯინა ლოლობრიჯიდას მისგან ვაჟი ჰყავდა… 

ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც საფრანგეთის სიმბოლო კატრინ დენევი მოსკოვში ჩამოვიდა, მორგუნოვმა მასთან კინოფესტივალზე შეხვედრის დროს მის გვართან (რომელიც ჟღერადობით რუსულად  „დღეს“ — День – ჰგავს) დაკავშირებული კალამბურით მიმართა, რომ მას კატრინი მთელი დღით თუ არა, ერთი საათითაც კი გააბედნიერებდა, რაზეც ქალბატონ დენევს გაეცინა და განაცხადა, რომ მორგუნოვი „დიდი არამზადა ვინმე ყოფილა“.

ამ დროს იური ნიკულინმა 47 წლის განმავლობაში იცხოვრა თავის მეუღლესთან ტატიანა პოკროვსკაიასთან ერთად. ტატიანას მშობლები თავის დროზე ძალიან უკმყოფილო იყვნენ იმით, რომ მათი ქალიშვილი ცოლად კლოუნს მიჰყვებოდა, მაგრამ მან თავისი არჩევანი გააკეთა და, უფრო მეტიც, თავად იღებდა მონაწილეობას მეუღლის რეპრიზებში. ნიკულინს ხშირად მიაწერდნენ ხოლმე რომანებს საბჭოთა კინოს ვარსკვლავებთან, მათ შორის, სექს-სიმბოლო სვეტლანა სვეტლიჩნაიასთან, რომელიც ფილმში „ბრილიანტის ხელი“ მისი თანდასწრებით ეკრანზე ხალათს იხდიდა, ნატალია ვარლეისთან, თავად ლიუდმილა გურჩენკოსთანაც კი, მაგრამ, ყოვლისმცოდნე ცუკერმანის თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ მითები იყო. თუმცა, სულ ბოლოს, 74 წლის ნიკულინი კინაღამ შეაცდინა ერთმა ექსტრასენსმა ქალბატონმა, მაგრამ, რადგანაც კინაღამ, მოდით შევუნდოთ.

გაგიკვირდებათ და, თურმე, ყველაზე თავდაჭერილმა გიორგი ვიცინმა ახალგაზრდობაში მეუღლე დინა მოსტაცა საკუთარ პედაგოგს, სახალხო არტისტ ნიკოლაი ხმელიოვს. მათ რამდენიმე წლის განმავლობაში იცხოვრეს ერთად, შემდეგ კი დასცილდნენ ერთმანეთს და ვიცინმა 35 წლის ასაკში მეორედ იქორწინა. თუმცა ცხოვრების ბოლო წუთამდე ის ეხმარებოდა დინას, რომელიც მასზე გაცილებით უფროსი იყო, და გიორგი ვიცინი თავის ძალიან პატარა ხელფასს ორ ოჯახს შორის ანაწილებდა.

გამოდის, რომ ჩვენი გმირებისთვის ძალიანაც აქტუალური ყოფილა ცნობილი სიმღერა კინოფილმიდან „კავკასიელი ტყვე ქალი“. აქვე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება იმასაც, რომ   შემოთავაზებულ შავ-თეთრ ვერსიაში შესულია ერთი კუპლეტი, რომელიც ფილმის საბოლოო ვერსიიდან ამოღებულია (ალკოჰოლიზმთან ბრძოლის კამპანიის საბაბით). ასე რომ, ესაა ვრცელი ვერსია, რომელიც ადრე ნანახი არ გექნებოდათ.

ასეა… ეკრანი ეკრანია, ცხოვრებას კი თავისი წესები და კანონები გააჩნია… სამწუხაროდ, აქ დუბლები არ არსებობს და წარუმატებელ ეპიზოდებს თავიდან ვერ გადაიღებ. ალბათ, მთავარია, ყველაფერი ღირსეულად გადაიტანო და ბოლომდე შეინარჩუნო გულში ჩაბუდებული ენძელა. დიახაც, სწორედ ენძელა, რადგან ის საოცარი ყვავილია – უძლებს ყველა ყინვას, განსაცდელს, წინააღმდეგობას და მაინც ყვავის…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და ყვავილებით სავსე დღეს!      

 ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0