ვინი პუჰი თუ ვინი პუუჰი? საკითხავი, აი, ეს არის...

ნამდვილი კრისტოფერ რობინი და ვინი პუჰი
ნამდვილი კრისტოფერ რობინი და ვინი პუჰი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

უნდა გამოგიტყდეთ, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდი, გავაგრძელებდით გუშინდელ „ინგლისურ თემას“, მაინც სერიოზული არჩევანის წინაშე დავდექი – ვინ მომეწვია ჩვენ აივანზე: ნაცრისფერთვალება, მაღალი და თხელი ლონდონელი დეტექტივი, რომელიც გამუდმებით ეწევა, არის შესანიშნავი მოკრივე, უკრავს ვიოლინოზე, ფლობს გერმანულ, იტალიურ, ლათინურ ენებს და თანაც არასდროს ჰყოლია მეუღლე… თუ ასევე ლონდონელი, საოცრად სიმპათიური, ჩაპუტკუნებული პატარა არსება, რომელსაც უყვარს თაფლი, საჰაერო ბუშტები, ბუზღუნი და ფილოსოფია, მაგრამ ჩვენ ის მაინც ძალიან გვიყვარს, თანაც ბავშვობიდან.

ბოლოს გადავწყვიტე, რომ პატარებს გზას უთმობენ და ამიტომ, მისტერ შერლოკ ჰოლმსის ნაცვლად, ამოგიყვანეთ… ვინი პუჰი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1926 წლის 14 ოქტომბერს, როდესაც გამომცემლობა Methuen & Co-მ დაბეჭდა პირველი წიგნი მის შესახებ.

მოდით, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ინგლისელი ალან მილნის პერსონაჟი, დათუნია ვინი პუჰი (Winnie-the-Pooh) ქართულად სინამდვილეში არის ვინი პუუჰი (ორი უ-თი), რის შესახებაც მან გაიგო მხოლოდ 2014 წელს (დაბადებიდან 88 წლის შემდეგ), როდესაც მასზე წიგნი ქართულ ენაზე გამოიცა. ძველი თარგმანისგან განსხვავებით, რომელიც წიგნის არასრული, რუსული ვარიანტიდან იყო შესრულებული, ახალი გამოცემა ორიგინალის ენიდან ითარგმნა და დადგინდა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ვინი პუჰს სახელში კიდევ ერთი ხმოვანი ემატება.

ედვარდ მილნი და კრისტოფერ რობინ მილნი
ედვარდ მილნი და კრისტოფერ რობინ მილნი - Sputnik საქართველო
ედვარდ მილნი და კრისტოფერ რობინ მილნი

მინდა გთხოვოთ, ვისაც პატარები გყავთ, აუცილებლად წაუკითხეთ მას წიგნები ვინი პუუჰზე, რადგან მე, მაგალითად, მას ვიცნობდი მხოლოდ საბჭოთა მულტფილმიდან, რომელიც ძალიან მიყვარდა, პირველ რიგში, პუუჰის ხმის გამხმოვანებლის, შეუდარებელი ევგენი ლეონოვის გამო, რომელმაც თავისი საოცრად თბილი ხმით ვინის ნამდვილად შემატა შარმი და მომხიბვლელობა, თანაც იმდენად, რომ, ნურავის ეწყინება და, ვერც კი შევადარებ დისნეისეულ ვინის. გავიდა წლები და როცა ჩემი ქალიშვილი პატარა იყო, მაშინ მომიწია მისთვის ამ ზღაპრის წაკითხვა და, მინდა გითხრათ, რომ საოცრად კარგად არის დაწერილი, თბილია, გულწრფელი და დიდ სიამოვნებას ანიჭებს პატარებს. 

ალბათ გახსოვთ, რომ ამ ნაწარმოების დაწერა ალან მილნს უკარნახა მისი შვილის კრისტოფერ რობინის სათამაშოებმა. პატარა კრისტოფერს მართლაც ჰყავდა დათუნია ვინი-პუუჰი, რომელიც მას მამამ 1 წლის ასაკში უყიდა და მან ვინი დაარქვა იმის გამო, რომ იმ დროს ლონდონის ზოოპარკში ცხოვრობდა დათვი ვინი, რომელსაც ძალიან უყვარდა ლონდონელი ბავშვები და მათთან სიამოვნებით ურთიერთობდა. 

ძალიან საინტერესოა თავად დათვი ვინის „ბიოგრაფია“. ის ჯერ კიდევ ბელი იყო, როცა კანადაში 20 დოლარად შეიძინა კავალერისტთა ასეულ „ფორტ ჰარი-პოსტის“ სამხედრო ვეტერინარმა გარი კოლბორნმა და ლონდონში ჩამოიყვანა. ამ დროს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და ასეულის წევრებმა ბელი დროებით ლონდონის ზოოპარკს ჩააბარეს. ვინის ისე შეუყვარდა ლონდონის ზოოპარკი და ისე მყუდროდ გრძნობდა იქ თავს, რომ სამხედროებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ის ომის შემდეგაც იქ დაეტოვებინათ, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ვინი ოფიციალურად ასეულის კმაყოფაზე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ 1981 წელს ლონდონის ზოოპარკში გაიხსნა დათვი ვინის ძეგლი, რომლის გახსნის პატივი წილად ხვდა 61 წლის კრისტოფერ რობინ მილნის, რომელმაც თავის სათამაშო დათუნიას თავის დროზე ძეგლის გმირის სახელი დაარქვა.

61 წლის კრისტოფერ რობინ მილნი ლონდონის ზოოპარკში გახსნილ დათუნიას ქანდაკებასთან
61 წლის კრისტოფერ რობინ მილნი ლონდონის ზოოპარკში გახსნილ დათუნიას ქანდაკებასთან - Sputnik საქართველო
61 წლის კრისტოფერ რობინ მილნი ლონდონის ზოოპარკში გახსნილ დათუნიას ქანდაკებასთან

კრისტოფერ რობინის სათამაშო ვინი პუუჰი კი 1947 წლის შემდეგ მის მეგობრებთან ერთად გამოფენილია ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის მთავარ ფილიალში. მილნმა ეს სათამაშოები ბიბლიოთეკას დროებით, მხოლოდ გამოფენისთვის გადასცა, მაგრამ შემდეგ ისინი ამერიკულმა გამომცემლობამ შეისყიდა. ბრიტანელები დღემდე თვლიან, რომ ეს სათამაშოები ბრიტანეთის საკუთრებაა და მათი დაბრუნების საკითხი პარლამენტშიც კი იყო დასმული.

ახლა, მას შემდეგ, რაც დეტალებში გავერკვიეთ, თუ რატომ ერქვა მილნის პერსონაჟს სახელად ვინი, ალბათ, ყველას დაებადა შეკითხვა: „და ეს პუუჰ რაღაა?“ ამაზეც გაგცემთ პასუხს.   კრისტოფერი დათვი ვინის გარდა მეგობრობდა ასევე პარკის ტბაში მცხოვრებ გედთან, რომელსაც შეარქვა „პუუჰ“. დაუძახებდა ამ სახელს და გედი მისკენ მოცურავდა. მერე გედი გაფრინდა, სახელი კი დარჩა და კრისტოფერმა ის აჩუქა თავის მეორე მეგობარ ვინის. ჰოდა, გამოვიდა ვინი პუუჰი.

ახლა წარმოიდგინეთ, თუ პატარა სათამაშო დათვის მხოლოდ სახელშია ამხელა სითბო და სიყვარული, რამდენად თბილი იქნება მასზე შექმნილი ისტორიები, თანაც როდესაც ვინის გვერდით ჰყავს საოცარი მეგობრები… მე, მაგალითად, განსაკუთრებით მიყვარს გულისამაჩუყებლად სევდიანი ჩოჩორი ია-ია.

საერთოდ, მე ასე ვთვლი, რომ იყო მეზღაპრე, არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და რთული მისია, რადგან სწორედ ზღაპრების გმირები აყალიბებენ პატარებში პირველ სერიოზულ ემოციებს და თუ მათ შეუყვარდათ ზღაპრის გმირი, ის სიცოცხლის ბოლომდე არ ავიწყდებათ. არ მითხრათ, რომ არ გახსოვთ კაი და გერდა, ბურატინო, ჩებურაშკა, ჩექმებიანი კატა, კონკია, ან კარლსონი, ბოლოს და ბოლოს… რომც მითხრათ, მაინც არ დაგიჯერებთ.

ადამიანის ცხოვრებაში, ალბათ, პირველი მეზღაპრეები არიან, მშობლებს ნუ ეწყინებათ და, პირველ რიგში ბებიები და ბაბუები, მერე მშობლები და ის საყვარელი ადამიანები, ვინც მათ გვერდით ჰყავთ… მერე პატარები იზრდებიან და თავად ხდებიან მეზღაპრეები თავისი შვილებისთვის და, განსაკუთრებით, შვილიშვილებისთვის… და ეს არის სწორედ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და ზღაპრული ზღაპარი… 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და, რა თქმა უნდა,  ზღაპრულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0