მე არასდროს ვეჯიბრებოდი არავის საკუთარი თავის გარდა – ლუჩანო პავაროტი

ლუჩანო პავაროტი
ლუჩანო პავაროტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე უკვე მეორედ მოვიწვიეთ და, სხვათა შორის, უარი არ უთქვამს, ერთი პიროვნება, რომელიც ყველას გვიყვარს. მისი უბრალო დანახვაც კი პოზიტიურ ემოციებს იწვევს. დამეთანხმებით, ალბათ, რომ არსებობენ ისეთი სხვანაირად თბილი აურის მატარებელი ადამიანები, რომ შეხედავ, სულ რომ არაფერი იცოდე მათ შესახებ, გსიამოვნებს და გეღიმება… ახლა ჩვენმა სტუმარმა კიდევ ხმაც თუ ამოიღო, ეს ხომ უკვე მართლა დიდი ბედნიერება იქნება, რადგან დღეს ვმასპინძლობთ „მაღალი „დო“-ების მეფეს“, მსოფლიოში ცნობილ ტენორს, არაჩვეულებრივ ხელოვანსა და საოცრად მომხიბვლელ ადამიანს, მაესტრო ლუჩანო პავაროტის, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1935 წლის 12 ოქტომბერს.

მინდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან მერიდებოდა მისი შეწუხება და მოწვევა განმეორებით. თუ გახსოვთ, პირველად ის „დიდი ტრიოს“ შემადგენლობაში, ხოსე კარერასთან და პლაჩიდო დომინგოსთან ერთად მობრძანდა ჩვენთან. თუმცა იმდენი ვეხვეწე და თანაც გავახალისე ტენორის ერთ-ერთი სიკვდილისწინა არიის ჩემეული შესრულებით (კიდევ კარგი, რომ იუმორის გრძნობა აქვს), რომ დამთანხმდა. ოღონდ ერთი პირობით, რომ მეტს არასდროს აღარ ვუმღერებ.

სამი ტენორი - Sputnik საქართველო
სამი კაცი... სამი გული და... ერთი დიდი ნეაპოლური მზე...

ლუჩანო პავაროტი დაიბადა იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოდენას გარეუბანში. მისი მამა — ფერნანდო პროფესიით პურის მცხობელი იყო, მაგრამ გულში ის შემოქმედი და მომღერალი გახლდათ. ლუჩანოს დედა — ადელი სიგარების ქარხანაში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ძალიან უჭირდა, ლუჩანო ყოველთვის უდიდესი სიყვარულით იხსენებდა ბავშვობის წლებს. სავარაუდოდ, სწორედ ოჯახში მიღებული სითბო გაჰყვა მას მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, რომელსაც ის ასე უხვად ურიგებდა მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს.

მამა ლუჩანოს ბავშვობიდან ასმენინებდა კარუზოს, ჯილის, ტიტო სკიპას გრამფირფიტებს. უკვე 9 წლის ასაკში კი ლუჩანო მამასთან ერთად გამოდიოდა პატარა ადგილობრივ საეკლესიო გუნდში. სკოლის დასრულების შემდეგ ლუჩანოს, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ კარგად თამაშობდა ფეხბურთს და მეკარეობაზე ოცნებობდა, სპორტულ კარიერაზე უარი დედამ ათქმევინა და დაარწმუნა იმაში, რომ მომავალში მას მასწავლებლის პროფესია უფრო გამოადგებოდა. მან დედას დაუჯერა, ორი წლის განმავლობაში სკოლაშიც კი მუშაობდა მასწავლებლად, მაგრამ უცებ მიხვდა, რომ მუსიკის გარეშე ვერ გაძლებდა. მამამისი იმაზეც დათანხმდა, რომ ხელს შეუწყობდა ლუჩანოს მუსიკალურ კარიერაში და 30 წლამდე არჩენდა, მაგრამ თუ 30 წლის შემდეგ ის თავისი მუსიკალური ნიჭით ფულს ვერ იშოვიდა, მამა მას აღარ დაეხმარებოდა. შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, როდესაც განსაკუთრებულ ადამიანებთან გვაქვს საქმე, თითქოს რაღაც ზებუნებრივი ძალა ჩაერია ღირსეული და უანგარო ადამიანების სახით…

მუსიკოსთა პარკი - Sputnik საქართველო
ურეკში „მუსიკოსთა პარკი“ გაიხსნა

ჯერ მის მშობლიურ ქალაქში მცხოვრები ტენორი არიგო პოლა დათანხმდა, ლუჩანოსთვის უფასოდ მიეცა ვოკალის გაკვეთილები. სწორედ ამ გაკვეთილების დროს გაირკვა, რომ 19 წლის პავაროტის უნიკალური სმენა ჰქონდა. შემდეგ კი, პოლას იაპონიაში წასვლის შემდეგ, პავაროტის ცნობილი პედაგოგი ეტორი კამპოგალიანი ამეცადინებდა. 

პავაროტიმ პირველ სერიოზულ წარმატებას  1961 წელს, ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში მიაღწია, როდესაც პირველი ადგილი გაიყო მომღერალ დიმიტრი ნაბოკოვთან ერთად. იმავე წელს ნაბოკოვთან ერთად ჩატარდა მისი დებიუტი რეჯიო ემილიას თეატრში, ოპერა „ბოჰემაში“. 1963 წელს მან  რუდოლფის პარტია შეასრულა ვენის ოპერაში და ლონდონის „კოვენტ-გარდენში“. 

© kinor65ლუჩანო პავაროტი მოსკოვში - 1964 წელი
ლუჩანო პავაროტი მოსკოვში - 1964 წელი - Sputnik საქართველო
ლუჩანო პავაროტი მოსკოვში - 1964 წელი

პავაროტის დებიუტი ამერიკაში შედგა 1965 წელს, როდესაც ის მაიამის ოპერის თეატრის სცენაზე დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურში“ გამოვიდა. მას ამ შემთხვევაშიც ბედმა გაუღიმა, რადგან ტენორი, რომელიც იმ დღეს უნდა გამოსულიყი სცენაზე, ავად გახდა, მისი დუბლიორი კი პავაროტი იყო. ასე დაიწყო მისი სვლა ოპერის ოლიმპზე. 

არნახულ წარმატებასა და პოპულარობას პავაროტიმ 1990 წელს მიაღწია, როდესაც შეასრულა არია Nessun Dorma პუჩინის ოპერა „ტურანდოტიდან“, რომელიც კომპანია ВВС-მ გახადა თავის მთავარ თემად იტალიაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას. შემდგომ ამ არიას მომღერლის „სავიზიტო ბარათსაც“ უწოდებდნენ. იგივე არია უკვე „დიდი ტრიოს“ შესრულებით აჟღერდა რომში, ძველი კარაკალას თერმულ აბანოებთან და სწორედ ეს შესრულება შევიდა გინესის წიგნში, როგორც ყველაზე „გაყიდვადი“ მელოდია მუსიკის მთელი ისტორიის განმავლობაში. 

თავად პავაროტი კიდევ ორჯერ იყო შესული მსოფლიო რეკორდების წიგნში — ერთხელ, როდესაც მის კონცერტს ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ნახევარი მილიონი მსმენელი დაესწრო და მეორედ, როდესაც „მეტროპოლიტენ–ოპერაში“ მისი გამოსვლის შემდეგ ფარდა 165-ჯერ ასწიეს, რათა მაყურებელს კიდევ და კიდევ შეძლებოდა ლუჩანოსთვის ტაშის დაკვრა და სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა.

რაც შეეხება ლუჩანოს პირად ცხოვრებას, მან პირველი მეუღლე, დამწყები საოპერო მომღერალი ადუა ვერონი ადრეულ ასაკში მოიყვანა ცოლად, მაგრამ მათი ქორწინება, სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელდა. მომღერალი ყოველთვის ხაზგასმით აცხადებდა, რომ სწორედ ადუას დამსახურებაა, რომ ლუჩანო სერიოზულად დაფიქრდა საოპერო კარიერაზე. შემდეგ ლუჩანოს ჰქონდა ბევრი რომანი, მას სამი შვილიც გაუჩნდა. მეორე მეუღლეზე ნიკოლეტა მანტოვანზე მან საკმაოდ სოლიდურ ასაკში იქორწინა და მასთან გაუჩნდა ქალიშვილი, რომელმაც საოცრად გაულამაზა მომღერალს ცხოვრების ბოლო წლები. თავის ბოლო ინტერვიუში მაესტრო ლუჩანო პავაროტიმ ხუმრობით საკუთარ ინვალიდის სავარძელს „მისი ბოლო ტახტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის ბოლომდე ოპტიმისტად რჩება და მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა უყუროს, როგორ ცურავს მისი 4 წლის ქალიშვილი აუზში და ამოსვლის დროს ასრულებს იტალიის ჰიმნს, რომელსაც, სავარაუდოდ, წყალშიც მღერის… გარდაცვალების შემდეგ, მომღერლის ანდერძით, ქონება გადაუნაწილდა მის მეუღლეს, დას და ოთხივე ქალიშვილს.

არ გაგიკვირდებათ, ალბათ, და პავაროტისაც ჰყავდა თავისი არაკეთილმსურველები და კრიტიკოსები, რომლებიც ბრალს სდებდნენ მას იმაში, რომ მან ოპერა „გააიაფა“, „გაიტანა ქუჩაში“, იმაშიც, რომ ის მონაწილეობდა ერთობლივ პროექტებში ესტრადის ვარსკვლავებთან საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვის… მაგრამ უამრავჯერ და უთვალავჯერ უფრო მეტია ადამიანი, ვინც მისი მადლობელია, ვისაც მის კონცერტებზე უდიდესი ბედნიერების გრძნობა ეუფლებოდა, არა მხოლოდ მისი შესანიშნავი შემოქმედების და შესრულების, არამედ სიხალისის, იუმორის და პოზიტივის გამო, ვინც მას დღემდე აფასებს, უყვარს და ვინც დიდი სიამოვნებით ისმენს მის დაუვიწყარ ხმას და შესრულებას…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ, პოზიტიურ და ოპტიმისტურ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0