მთელი მსოფლიოს პირველი ლედი – ელეონორა რუზველტი

© www.peoples.ruელეონორა რუზველტი მეუღლესთან ერთად
ელეონორა რუზველტი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენ აივანზე აუცილებლად მეუღლეებთან ერთად ამობრძანდეთ, რადგან ვაპირებ ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ შეუძლია მანდილოსანს გაალამაზოს და გაამდიდროს მამაკაცის ცხოვრება მაშინაც კი, როდესაც ეს მამაკაცი თვით აშშ-ის პრეზიდენტია.

ჩვენი დღევანდელი სტუმარია, როგორც მას უწოდებდნენ, „მთელი მსოფლიოს პირველი ლედი“, ქალბატონი ელეონორა რუზველტი, რომელიც არა მხოლოდ აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი პრეზიდენტისა და მსოფლიოში ცნობილი პიროვნების ფრანკლინ დელანო რუზველტის მეუღლე და თანამოაზრე გახლდათ, არამედ ის ასევე იყო აშშ-ის კიდევ ერთი პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის ძმისშვილი. თავად ფრანკლინ რუზველტი კი თვლიდა, რომ მისი მეუღლე რომ არა, ის ვერ შედგებოდა როგორც პოლიტიკოსი. 

გზის გასაყარზე - Sputnik საქართველო
უინსტონ ჩერჩილი: ცუდ ხელისუფლებას ირჩევს კარგი ხალხი, რომელიც არ დადის არჩევნებზე

ანა (ელეონორა) რუზველტი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1884 წლის 11 ოქტომბერს, მე-20 საუკუნის ყველაზე პატივსაცემი ადამიანების ათეულშია შესული. ის პირადად მონაწილეობდა გაეროს შექმნაში, იყო ცნობილი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ამერიკის ჟურნალისტთა გილდიის პროფკავშირების წევრი. 1939 წელს მან პოპულარობით გაუსწრო თავის მეუღლესაც კი. მაშინ მისი მოღვაწეობა დადებითად შეაფასა ამერიკელების 67%-მა, ხოლო ფრანკლინ რუზველტის მოღვაწეობა მხოლოდ 58%-მა მოიწონა. 1941 წელს ელეონორა დაინიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ხშირად ჩადიოდა დიდ ბრიტანეთში აშშ-ის ჯარების დისლოკაციის ადგილებში და აშშ-ის ბაზებზე წყნარ ოკეანეში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ელეონორა რუზველტი ბოლო წუთამდე დაკავებული იყო პოლიტიკით, ის ჯონ კენედის პრეზიდენტობის დროს თავმჯდომარეობდა ქალთა სტატუსის საკითხებში საპრეზიდენტო კომიტეტს.

მაგრამ მთავარ თავის დანიშნულებად ის მაინც თვლიდა თავისი არაჩვეულებრივი მეუღლის მხარდაჭერას ყველგან და ყველაფერში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი  პოლიომიელიტით დაავადდა და 1921 წლიდან დაწყებული, პრაქტიკულად, მიჯაჭვული იყო ინვალიდის სავარძელს.

რუზველტების დიდი ოჯახი
რუზველტების დიდი ოჯახი - Sputnik საქართველო
რუზველტების დიდი ოჯახი

ბევრი თვლიდა, რომ ფრანკლინისა და ელეონორას ქორწინება მხოლოდ საქმიანი გარიგება იყო, რადგან ელეონორა არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზით, ხოლო ფრანკლინი ცნობილი იყო თავისი მომხიბვლელობით, მაგრამ, როგორც ჩანს, მან დაინახა და დააფასა ელეონორაში ის თვისებები, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

სხვა მანდილოსნებისგან განსხვავებით მას თავის მომავალ მეუღლესთან არასდროს სწყინდებოდა ურთიერთობა. მათ აღმოაჩნდათ ბევრი საერთო ინტერესი, ისინი საათობით საუბრობდნენ პოლიტიკაზე. ელეონორა ძალიან ჭკვიანი ქალი იყო და მასაც გულის სიღრმეში ბოლომდე არ სჯეროდა, რომ შეძლო ფრანკლინის გულის მოგება. ბავშვობაში მან მშობლები დაკარგა და სულ ეშინოდა, რომ ფრანკლინიც მიატოვებდა. როგორც თვითონვე ჰყვება, მას იმდენად ეშინოდა, რომ ვერ გადაიტანდა ფრანკლინის ღალატს, რომ თავად გადაწყვიტა პირველს მიეტოვებინა ის. სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღების დღეს ფრანკლინმა მას ხელი სთხოვა.

მათ ძალიან უყვარდათ და უდიდეს პატივს სცემდნენ ერთმანეთს. ელეონორამ, თავისი აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი კარიერის მიუხედავად, ფრანკლინს 6 შვილი გაუჩინა. კიდევ აპირებდა, მაგრამ ჯანმრთელობამ არ შეუწყო ხელი. 

სალვადორ დალი და გალა - Sputnik საქართველო
გალასავით რომ გიყვარდეს ქალი.. შენც უნდა იყო ცოტათი ... დალი...

სამწუხაროდ, ელეონორასაც არ ასცდა მოტყუებული მეუღლის როლი. მან გაიგო იმის შესახებ, რომ ფრანკლინი მას ღალატობდა თავის მდივანთან ლიუსი პეიჯთან, ძალიან სხარტი გონებისა და ამავე დროს საკმაოდ ლამაზი გარეგნობის ქალთან. ელეონორამ ქმრის ღალატის შესახებ გაიგო ყველაზე გვიან, მას მერე, რაც ამაზე უკვე ყველა ჭორაობდა. მან ფრანკლინის ჩემოდანში შემთხვევით აღმოაჩინა სასიყვარულო წერილები. როგორც თავად ელეონორა იხსენებდა, მას მოეჩვენა, რომ მთელი სამყარო თავზე ჩამოექცა და ცხოვრებას აზრი დაეკარგა, მაგრამ მაინც შეძლო აეყვანა თავი ხელში და „საქმის გასარჩევად“… დედამთილი გამოიძახა, რომელსაც პირველივე დღეებიდან არ უყვარდა ელეონორა და ვერაფრით ეგუებოდა მის რძლობას. ჭკვიანმა ელეონორამ ყველაფერი ზუსტად გათვალა. დედამთილმა ქალური სოლიდარობა გამოიჩინა, ფრანკლინს კი გამოუცხადა, რომ თუ ის ელეონორას გაშორდებოდა, ის საკუთარ შვილს ანდერძში აღარ მოიხსენიებდა და არაფერს დაუტოვებდა.

© yablor.ruფრანკლინ რუზველტი მეუღლესთან და დედასთან ერთად - 1920 წელი
ფრანკლინ რუზველტი მეუღლესთან და დედასთან ერთად - 1920 წელი - Sputnik საქართველო
ფრანკლინ რუზველტი მეუღლესთან და დედასთან ერთად - 1920 წელი
 

რუზველტმა მეუღლეს ბოდიში მოუხადა და სიტყვა მისცა, რომ შეწყვეტდა ურთიერთობებს ლიუსისთან. ამბობენ, რომ მან სიტყვა ვერ შეასრულა, უბრალოდ, ცდილობდა მაქსიმალურად დაეცვა სიფრთხილე. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ თავად ლიუსიმ მიატოვა ფრანკლინი და ცოლად გაჰყვა ექვსშვილიან ქვრივს… თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ 1945 წელს, ფრანკლინის გარდაცვალების დღეს მის გვერდით სწორედ ლიუსი იყო და ის ელეონორას მოსვლამდე საიდუმლოდ გაიყვანეს მისი რეზიდენციიდან.

რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ელეონორა იმდენად ჭკვიანი ქალი იყო, რომ ის, რა თქმა უნდა, არ ტყუვდებოდა და იცოდა, რომ ლიუსისა და ფრანკლინის რომანი გრძელდებოდა, მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა ამჯობინა. მე, მაგალითად, მისი მესმის, რადგან, როცა ადამიანი ძალიან გიყვარს და ვერ შორდები, ჯობია თავი მოიტყუო, ვიდრე იცხოვრო მის გარეშე.

ელეონორა რუზველტი
ელეონორა რუზველტი - Sputnik საქართველო
ელეონორა რუზველტი

რუზველტის სიკვდილის დღეს ელეონორამ განაცხადა: „მე უფრო ვუთანაგრძნობ ჩემ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს, ვიდრე საკუთარ თავს“… 

მან კიდევ 17 წელი იცოცხლა. ეს წლები მისი აქტიური კარიერის წლები იყო. ის იმდენად ძლიერი პიროვნება გახლდათ, რომ ბოლომდე არავინ იცოდა, რომ ის რამდენიმე წლის განმავლობაში ლეიკემიით იყო დაავადებული. ის ებრძოდა ავადმყოფობას ისევე ღირსეულად, როგორც აკეთებდა ყველაფერს თავის საოცრად საინტერესო, სიყვარულით სავსე და ლამაზ ცხოვრებაში.

ბოლოს კი მინდა გავიხსენო მისი ცნობილი სიტყვები — „ცხოვრება რომ პროგნოზირებადი იყოს, ის ცხოვრება აღარ იქნებოდა და გემოსაც დაკარგავდა. აკეთეთ ის, რასაც გულის სიღრმეში სწორად თვლით, რადგან რაც არ უნდა გააკეთოთ, თქვენზე მაინც იჭორავებენ“.

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და წარმატებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0