ყველაზე მშვენიერი დღე ჩემ ცხოვრებაში იყო... ღამე

ბრიჯიტ ბარდო
ბრიჯიტ ბარდო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

კიდევ კარგი, წინასწარ გაგაფრთხილეთ ეს კვირა კინემატოგრაფიული გვექნება–მეთქი, თორემ ვინმე დამაბრალებდა თემის ამოჩემებას. არადა რა ვქნა, თუ ამდენი მომხიბვლელი კინოვარსკვლავის და ამავდროულად საინტერესო პიროვნების მშობლები სწორედ დეკემბრის ბოლოს წყვეტდნენ შვილების გაჩენას (მიხვდით, ალბათ, რომ მე, როგორც მათემატიკოსმა, სექტემბრის ბოლოს 9 თვე გამოვაკელი). სავარაუდოდ შობა — ახალი წლის დღესასწაულების დროს დაგეგმილი ბავშვები მასიურად ილტვიან ჰოლივუდისკენ.

დღეს ნურავის გეწყინებათ, მაგრამ აივანზე დაგხვდებით ჩემ უკეთილშობილეს ლაბრადორთან ერთად. ნურც ის გაგიკვირდებათ, რომ ნაძალადევის რაიონსა და მის მახლობლად მცხოვრებმა ძაღლებმა, კატებმა, თევზებმა, ჩიტებმა და პეპლებმა ალყა შემოარტყან ჩვენს აივანს, რადგან შესანიშნავმა კინოვარსკვლავმა, რომელიც დღეს გვესტუმრება, ცხოვრების უდიდესი ნაწილი მათი უფლებების დაცვას მიუძღვნა, თანაც, გულწრფელ დაცვას — ის არ ატარებს ნატურალურ ქურქებს და ვეგეტარიანელია. 

"პარიზელი"
პარიზელი - Sputnik საქართველო
"პარიზელი"

სხვათა შორის, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც მაღალფარდოვნად ვამბობ, რომ მიყვარს ცხოველები და ამ დროს შემიძლია გემრიელად მივირთვა იმ ძროხის მწვადი, რომელიც გუშინ ეზოში სიყვარულს მიხსნიდა თვალებით, ან იმ ქათმის ჩახოხბილი, რომელსაც იმ დღიდან ვეფერებოდი, წიწილა რომ იყო, გულის სიღრმეში ვგრძნობ, რომ ვარ მოღალატე და ცხოველები კი არა, ცხოველების გარკვეული სახეობები მყვარებია.

რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხანია მიხვდებოდით, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის მსოფლიოში ცნობილი კინოვარსკვლავი, რომელიც ახერხებდა ერთდროულად ყოფილიყო საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული სიმბოლოს — მარიანას პროტოტიპი (1968 წლიდან 1972 წლამდე) და ევროპის სექს–სიმბოლო (ევროპელი მერლინ მონრო, როგორც მას ეძახდნენ)… ეს გახლავთ ბრიჯიტ ბარდო, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1934 წლის 28 სექტემბერს.

ბრიჯიტი ბავშვობიდან გამოირჩეოდა არა მხოლოდ მომხიბვლელობით, არამედ განსაკუთრებული პლასტიკითა და გრაციოზულობითაც, ამიტომაც გადაწყვეტილი ჰქონდა გაჰყოლოდა ბალეტს და 1947 წელს ჩააბარა ცეკვის ეროვნულ აკადემიაში. სწავლის პარალელურად მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში და 1950 წელს მისი ფოტო ცნობილი გლამურული ჟურნალის ELLE-ს გარეკანზეც კი გამოქვეყნდა. სწორედ ეს ფოტო შეამჩნია იმ დროისთვის დამწყებმა კინორეჟისორმა როჟე ვადიმმა და ბრიჯიტი თავისი მეგობრის ფილმის კინოსინჯებზე მიიწვია. მართალია, ფილმი ეკრანებზე არ გამოსულა, სამაგიეროდ ამ ეპიზოდმა როჟე და ბრიჯიტი ისე დააახლოვა, რომ 1952 წელს 18 წლის ბრიჯიტ ბარდომ და 24 წლის როჟე ვადიმმა იქორწინეს.

© top-antropos.comბრიჯიტ ბარდო და როჟე ვადიმი
ბრიჯიტ ბარდო და როჟე ვადიმი - Sputnik საქართველო
ბრიჯიტ ბარდო და როჟე ვადიმი

1952-1956 წლებში ბრიჯიტი, მეტწილად როჟეს პროტექციით, 17 ფილმში გადაიღეს. თუმცა ნამდვილი წარმატება მას მოუტანა ჟიულიეტ არდის როლმა მეუღლის სარეჟისორო სადებიუტო ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“, რომელიც კრიტიკოსებმა 60-იანი წლების „სექსუალური რევოლუციის“ წინამორბედად გამოაცხადეს. ამ ფილმში ბრიჯიტი  ტანსაცმლის გარეშე ცეკვავდა მაგიდაზე. კათოლიკურმა ეკლესიამ სასტიკად დაგმო ეს ფილმი, სამაგიეროდ როჟესა და, განსაკუთრებით, ბრიჯიტს მან მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. თუმცა, სწორედ ამ ფილმის გადაღებისას ბრიჯიტს გაუჩნდა სერიოზული გრძნობა მისი პარტნიორის ჟან-ლუი ტრენტინიანის მიმართ, რომელიც საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ ბრიჯიტის და როჟე ვადიმის ურთიერთობების შეწყვეტის მიზეზი კი გახდა.

კადრი ფილმიდან "და ღმერთმა შექმნა ქალი"
კადრი ფილმიდან და ღმერთმა შექმნა ქალი - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "და ღმერთმა შექმნა ქალი"

ბრიჯიტის ცხოვრებაში კიდევ იყვნენ მამაკაცები. 1959 წელს ის ცოლად გაჰყვა მსახიობ ჟაკ შარიეს და გააჩინა შვილი, ნიკოლა. ხვდებოდა ცნობილ ფრანგ მუსიკოსებს საშა დისტრელს, ბობ ზაგურის, სერჟ გენსბურს. მერე ისევ გათხოვდა, ამჯერად გაჰყვა გერმანელ მილიონერ გიუნტერ საქსს, ხოლო 1982 წელს უკანასკნელად გადაწყვიტა ბედის ცდა და გახდა ფრანგი პოლიტიკოსისა და მეწარმის ბერნარდ დ’ორმალის მეუღლე.

ბრიჯიტი არასდროს არ მალავდა, რომ იყო ზედმეტად რომანტიკული, ადვილად ჰყვებოდა ემოციებს და ზოგჯერ საკუთარ თავსაც ვერ აკონტროლებდა. ერთხელ იხუმრა კიდეც — “ბავშვობიდან ჩემი მშობლები, მორალის კითხვის დროს, ყოველთვის ერთი შეყვარებულით აგვიანებდნენ“…

მთავარი კი ისაა, რომ თითქოსდა ასეთმა თავდაუჭერელმა და დაუოკებელმა ბრიჯიტ ბარდომ რაღაც შინაგანი ინტუიციით იგრძნო, როდის უნდა დაეტოვებინა მსახიობის კარიერა და ფაქტიურად მის პიკზე, 39 წლის ასაკში (ამ დროისთვის კი მან მოასწრო ეთამაშა 48 ფილმში და ჩაეწერა 80-მდე სიმღერა) წავიდა ეკრანიდან და სცენიდან, რისთვისაც მე დიდ პატივს ვცემ, რადგან ძალიან დასაფასებელია, როდესაც ადამიანი, მით უფრო ხელოვანი, დროზე აცნობიერებს, რომ მისი წასვლის დრო დადგა და ტოვებს ძალიან ლამაზ, მისით მცირეოდენი დაუკმაყოფილებლობისა და მონატრების კვალს… 

ამის შემდეგ ბრიჯიტ ბარდომ დაიწყო და დღემდე აგრძელებს ცხოველების უფლებების დაცვას. ამ კეთილშობილი მისიის განსახორციელებლად მან შექმნა თავისი სახელობის ფონდი (Brigitte Bardot Foundation for the Welfare and Protection of Animals), რომლის დასაფუძნებლად აუქციონზე გაყიდა თავისი ტანსაცმელი და სამკაულები. მისი ყურადღების გარეშე არ რჩებიან არც კანადური ზღვის ლომები, არც ცხენები, არც ბუქარესტის ქუჩის ძაღლები და არც ლიონის სპილოები, რომლებიც უნდა „დაეძინებინათ“ და გადარჩნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ბრიჯიტი საფრანგეთის მთავრობას რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნით დაემუქრა.

ერთხელ ბრიჯიტი იმაშიც დაადანაშაულეს, რომ მას ცხოველები ადამიანებზე მეტად უყვარს, რაზეც მსახიობმა მოკლე პასუხი გასცა: „ადამიანებისგან განსხვავებით ძაღლი გულს გტკენს მხოლოდ ერთხელ, როდესაც კვდება“. მე მგონი, ამ სიტყვებით უსასრულოდ ბევრი რამ არის ნათქვამი…

ასეთია მშვენიერი ბრიჯიტ ბარდო, რომელიც ახალგაზრდა ჯონ ლენონისთვის სილამაზის სიმბოლო იყო, რომლის სახელი ჟღერს ბობ დილანის, ელტონ ჯონის, ნინა ჰაგენის, The Who-ს, Red Hot Chili Peppers-ის კომპოზიციებში… ხოლო ეპოქალურ ფილმ-მიუზიკლში, რომელიც აგებულია The Beatles-ის 34 კომპოზიციაზე, პრინსტონის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს სწორედ ბრიჯიტ ბარდოს სურათი ამშვენებს… 

ბრიჯიტ ბარდოსი, რომელიც უამრავი თაყვანისმცემლისა და რამდენიმე საყვარელი მამაკაცის მიუხედავად თავს მუდამ მარტოსულად გრძნობდა და რომელმაც განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება ოცნებობდა დიდ და ნამდვილ სიყვარულზე, დიდ და ლამაზ მამაკაცთან და დიდ და ლამაზ სახლში…

მეც გისურვებთ დიდ, ლამაზ და წარმატებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0