სიკეთე, სიკეთე, სიკეთე თესე

დედა ტერეზა
დედა ტერეზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ისეთი ჰაეროვანი, სხვანაირი და ამაღლებული ვარ… ალბათ, ღრუბელივით… რა მშვენიერი და გულუხვია ეს სამყარო, რომელიც ამდენ არაჩვეულებრივ ადამიანს იტევს. მაგრამ რჩეულთა შორის კიდევ უფრო რჩეულებიც არიან, ადამიანები, რომელთა წინაშე უსიტყვოდ იხრი ქედს და მუხლს იდრეკ, რადგან ის, რაც მათ შეუძლიათ, უკვე სცდება რაღაც, თუნდაც წარმოდგენაში არსებულ საზღვრებსა და შესაძლებლობებს!

თანაც, ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ სწორედ ისინი არიან ყველაზე მეტად მიმტევებლები, მომთმენები და თავგანწირულები…

დღეს ჩვენ აივანზე ასეთი ადამიანი მობრძანდება. ქალბატონი, რომელმაც უკვე 12 წლის ასაკში იცოდა, რომ მისი მთავარი დანიშნულებაა – დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც ეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება და რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ღირსეულად და დაუღალავად ასრულებდა ამ თავის, ალბათ, ზემოდან ნაბოძებ, რთულ მისიას. 

ეს გახლავთ უამრავი ადამიანის გაჭირვების ტალკვესი, ალბანელი კათოლიკე მონაზონი, „ქველმოქმედების მისიონერთა ორდენის“ დამფუძნებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი დედა ტერეზა,  რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1910 წლის 26 აგვისტოს. სხვათა შორის, 1979 წელს ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე მას იგივე, „გამოსასვლელი“ სარი ეცვა, რაც 1950 წელს, ორდენის დაარსების დღეს.

ერთხელ ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელიც დედა ტერეზას მთელი დღე დასდევდა ინტერვიუს ასაღებად, მას კი არ ეცალა, რადგან ყოველთვის ყველაფერს თავად აკეთებდა და იმ დღესაც უამრავი ხალხი ჰყავდა მოსავლელი, დღის ბოლოს, იმედი რომ ამოეწურა, ხმამაღლა უთქვამს — არა, მე ამას მილიონ დოლარადაც ვერ გავაკეთებდიო. დედა ტერეზამ გაიგო მისი სიტყვები, მიუბრუნდა და წყნარად უპასუხა — „მილიონ დოლარად ამას მეც ვერ გავაკეთებდი“.

იცით, რა მაოცებს და მხიბლავს ამ ადამიანში ყველაზე მეტად? მას არასდროს უთქვამს, რომ არის განსაკუთრებული, რომ დაიბადა ასეთი „ზებუნებრივი“ და ვერავინ მივა მასთან ახლოს. პირიქით, ის ყოველთვის ჰყვებოდა ისტორიას: პირველად, როდესაც კალკუტის ქუჩაში მომაკვდავი, ძონძებში გახვეული ქალი დაინახა, ვერ მიუახლოვდა, შეეშინდა კიდევაც და ზიზღის გრძნობაც გაუჩნდა. წავიდა, ილოცა და შესთხოვა იესოს, რომ მიეცა მისთვის ძალა — დახმარებოდა ასეთ უბედურ დღეში ჩავარდნილ ადამიანს. 

გავიდა დრო და დედა ტერეზა კეთრიანებს საკუთარი ხელით ჰბანდა, შუბლზე კოცნიდა ინფექციური დაავადებებით დასნეულებულ ადამიანებს, და სულ იმეორებდა, რომ მან ეს ისწავლა, რადგან ამის სურვილი ჰქონდა.

სანამ გავაგრძელებდე თხრობას, მინდა გაგასინჯოთ და გასწავლოთ ნამდვილი ინდური ჩაის ძალიან მარტივი რეცეპტი, რომელსაც დედა ტერეზა საკუთარი ხელით ამზადებდა დასუსტებული პაციენტების მოსამაგრებლად.

უნდა აიღო ერთი ჩაის კოვზი ინდური ჩაი, დაამატო ნახევარი ჭიქა რძე და ნახევარი ჭიქა წყალი, 2-3 წუთი ადუღო და დუღილის დროს დაამატო დანის წვერზე რომ ეტევა იმდენი ილის (кардамон, Elettaria cardamomum), დარიჩინისა და მიხაკის ფხვნილი, შემდეგ გაატარო მარლაში, დაამატო ცოტა შაქარი და მიირთვა. გაამოთ!

დედა ტერეზას სწავლებებს რომ გადაიკითხავ, ყველაფერი დაფუძნებულია ერთ მთავარ პოსპულატზე — ადამიანში დაბადებიდანვე ჩადებულია დადებითი თვისებები, მათ გამოვლენას კი მუშაობა და ნებისყოფა სჭირდება, მანამ, სანამ ეს თვისებები ჩვევაში არ გადაგივა. ჩემთვის სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გავიგე — სიკეთესაც სწავლა სჭირდება, რადგან ის სულ უნდა აკეთო და არა მაშინ, როდესაც ამის ხასიათზე ხარ.

როდესაც კითხულობ დედა ტერეზას საოცრად უბრალო და მისაწვდომი ენით დაწერილს, ყველაფერში ეთანხმები, თუმცა ხვდები, რომ რაღაცას ვერ შეძლებ და, სავარაუდოდ, ვერ შეძლებ ვერასდროს. მაგრამ თავად ის, რომ ამის სურვილი გიჩნდება, უკვე იმდენად გზრდის საკუთარ თვალში, რომ…

აი, მე, მაგალითად, ჩემთვის ერთი რამ შევარჩიე — უნდა ვისწავლო პატიება. ყოველთვის მეგონა, რომ ვარ ტოლერანტული და უკონფლიქტო, ბოდიშის მოხდაც შემიძლია და სხვისგან ბოდიშის ღირსეულად მიღებაც ისე, რომ ის კაცი არ დავამცირო. მაგრამ დედა ტერეზას განმარტება რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ სინამდვილეში მე პატიება არ მცოდნია.

თურმე, პატიება ის კი არ არის, ადამიანს უბრალოდ უთხრა, რომ აპატიე და ხმა გასცე ან მასთან ურთიერთობა აღადგინო. აპატიო ადამიანს — ნიშნავს შენი ცხოვრებიდან ძირფესვიანად ამოიღო და სამუდამოდ დაივიწყო ის ეპიზოდი, რომელიც გეწყინა და დაიწყო ამ ადამიანთან ურთიერთობა ისე, თითქოს ის ეპიზოდი საერთოდ არ ყოფილა. თანაც ისე, რომ ის ძველი წყენა არასდროს არ ამოგიტივტივდეს მეხსიერებაში. აი, ეს ჯერჯერობით მიჭირს, მაგრამ ვცდილობ.

დედა ტერეზას კიდევ ერთი საოცარი წესი აქვს: მისი სწავლებით, ადამიანს უნდა ესაუბრო მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ გულში სიმშვიდე და სიყვარულია, რადგან სიტყვა შექმნილია იმისთვის, რათა ადამიანებმა ერთმანეთს ცხოვრება გაულამაზონ, ნათელი აჩუქონ და გადაარჩინონ ერთმანეთი. ხოლო თუ შენ საუბარს იწყებ იმისთვის, რომ სხვას გული ატკინო, დაემუქრო, დაამცირო ან, თუნდაც, შენი სიმართლე დაუმტკიცო, ჯობს საერთოდ არ ამოიღო ხმა.

აი ეს კი ბოლო დროს, მგონი, გამომდის, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ამაზე მუშაობა ბავშვობიდან დავიწყე. ბებია მასწავლიდა, როცა რამე გეწყინება, 50-მდე დაითვალე და პასუხი მერე გაეციო…

დედა ტერეზას ცხოვრებაზე ბევრი წიგნია დაწერილი, გადაღებულია ორი მხატვრული ფილმი. ერთ-ერთი, 2003 წელს რეჟისორ ფაბრიციო კოსტას მიერ შექმნილი ფილმი ნანახი მაქვს და ძალიან მომეწონა. წარმოიდგინეთ, დედა ტერეზას როლს, თანაც შესანიშნავად ასრულებს ინგლისელი მსახიობი ოლივია ჰასი, რომელიც ჯულიეტას თამაშობდა ძეფირელის ცნობილ ფილმში „რომეო და ჯულიეტა“ და შემდეგ თითქოს გაქრა დიდი ეკრანიდან. დედა ტერეზას როლმა კი ის კინემატოგრაფიაში დააბრუნა. ისე კი, არის რაღაც სიმბოლური იმაში, რომ სწორედ ჯულიეტას როლის შემსრულებელმა შექმნა დედა ტერეზას სახე, რომელიც ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ყველაზე ძლიერი და მაღალი გრძნობა არის სიყვარული, და „გიყვარდეს, ეს ისეთივე ბუნებრივია, როგორც ისუნთქო და იცხოვრო, ყოველდღე, ბოლო წუთამდე“…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და სიყვარულით გამთბარ პარასკევს და დასვენების დღეებს!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0