“ცხოვრება სცენარი არ არის, მას თავიდან ვერ გადაწერ, სამწუხაროდ...“

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიკინორეჟისორი გიორგი დანელია
კინორეჟისორი გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს შემატყობდით, როგორ ამაყად დავბორიალობ წინ და უკან აივანზე, თითქოს საკუთარი თავი დავპატიჟე სტუმრად… ალბათ გახსოვთ, რომ განსაკუთრებით „სახეზე მატყობთ კმაყოფილობას“ სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი აივნის სტუმარი ქართველია. დღეს კი ამ სასიამოვნო ფაქტს ისიც ემატება, რომ მისი დედა ჩემი მოგვარეა — ქალბატონი მერი ანჯაფარიძე, დიდი ვერიკო ანჯაფარიძის და… ისე, ანჯაფარიძეები 100%-იანი მეგრელები ვართ და ახლა მეგრელი მეგრელის სტუმრობისთვის როგორ მოვემზადებოდი, ხომ წარმოგიდგენიათ!..

თუხთუხებს მეგრული ნიგვზიანი ხარჩო, ღომი, შიგნით კოხტად ჩაწყობილი შებოლილი სულგუნით, ჯურჯანი (მეგრული კუჭმაჭი), კუპატი, გებჟალია, ელარჯი უკვე მზადყოფნაშია. საცივიც კი შევკაზმე… თუმცა, ჩვენს დღევანდელ სტუმარს რაღაც არ ეტყობა, რომ სმა-ჭამას გადაყოლილი იყოს. მართალი გითხრათ, მეგრულად ნამეტანი ჩაწიწაკებასაც ავარიდე თავი, ასეა თუ ისე, საქართველოში საკმაოდ დიდი ხანია აღარ ცხოვრობს და რა იცი… ყოველ შემთხვევაში, იმედია, ფანტასტიკურ „ოჯალეშზე“ უარს არ გვეტყვის…

ამ კერძების სურნელით ისედაც გაბრუებულები ძალიანაც რომ არ გაგაწვალოთ, გამოგიტყდებით, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ჩვენს საამაყო კაცს, უნიჭიერეს, უსაყვარლეს, უკეთილშობილეს ბატონ გიორგი (გია) დანელიას, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს — 1930 წლის 25 აგვისტოს… ადამიანს, ვისაც თავისი შემოქმედებით ჩვენ ცხოვრებაში შემოჰქონდა და დღემდე შემოაქვს განსაკუთრებული სითბო, სილაღე, დახვეწილი იუმორი და ამავე დროს ღრმა ცხოვრებისეული ფილოსოფია.

დღეს დაბნეული ვარ, არ ვიცი, რა უნდა დავწერო თქვენთვის ახალი. ვის უნდა შევეჯიბრო გია დანელიას ხელოვნების ცოდნაში ან მის სიყვარულში. მისი ფილმები ყველას აქვს ნანახი, და არაერთხელ. რადგან „არ იდარდო“, „აფონია“, „შემოდგომის მარათონი“, „პასპორტი“, „მიმინო“, „ქინ–ძა–ძა“ (სხვათა შორის, „იღბლიანი ჯენტლმენებიც“ კი ბატონი გიას თანაავტორობით და სცენარით არის გადაღებული)… ეს ისეთი ფილმებია, რომლებიც არ ბერდება, არ კარგავს აქტუალობას და ხიბლს და სიამოვნებით უყურებ კიდევ და კიდევ, რადგან როგორ შეიძლება მოგბეზრდეს ის, რაც ასეთი სუფთა, ნათელი და კეთილისმსურველია…

© SPUTNIK/ И. ГНЕВАШЕВგიორგი დანელია "მიმინოს" გადაღებისას
გიორგი დანელია  მიმინოს გადაღებისას - Sputnik საქართველო
გიორგი დანელია "მიმინოს" გადაღებისას

საერთოდ რომ არ იცოდე არაფერი ბატონი გია დანელიას შესახებ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ კინემატოგრაფიაში მისი თილისმა ევგენი ლეონოვი იყო, კაცი, რომლის სახელის გაგონებაც კი კარგ ხასიათზე გაყენებს, უკვე ბევრის მთქმელია. ევგენი ლეონოვის შეფასებით კი, „გია დანელია პირველ რიგში ნიჭიერი და თვითმყოფადი ხელოვანია, ყოველთვის განსხვავებული და მოულოდნელი მათთვისაც კი, ვინც მას კარგად იცნობს… და კიდევ — ის უბრალოდ კეთილი ადამიანია… მისი ნიჭიც და მისი ფილმებიც კეთილია. ის ყველა მათგანში საკუთარი სიკეთის, გულის და კაცთმოყვარეობის ნაწილს ტოვებს“…

დღეს მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მოდიხართ ხოლმე ჩვენ აივანზე, რადგან თქვენთან შეხვედრის წინ მართლა სერიოზულად ვემზადები და თავადაც ბევრ ახალ რამეს ვიგებ. გუშინაც ასე იყო: ერთდროულად დავიწყე გიორგი დანელიას ორი ავტობიოგრაფიული წიგნის „უბილეთო მგზავრი“ და „კატა წავიდა, ღიმილი კი დარჩას“ წაკითხვა; ვემზადები მესამისთვისაც, რომელიც სინამდვილეში რიგით მეორეა.

მინდა ძალიან გთხოვოთ, წაიკითხეთ. მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას, დამიჯერეთ, არანაკლებს, ვიდრე ბატონი გიორგის ფილმებისგან. სწორედ მისი მოგონებების წაკითხვისას ბოლომდე წვდები მის საოცარ დელიკატურ ბუნებას და შინაგან კულტურას, დახვეწილობას და წესიერებას. ხომ გგონიათ, რომ ისედაც იცით, თურმე, მთლად ბოლომდეც არ გცოდნიათ. ის სულ სხვანაირად ფაქიზი სულის ადამიანია, და მისი წიგნების წაკითხვის დროს იმდენად შენიანი ხდება, რომ გიკვირს…

მაგალითად, ჩემზე საოცრად იმოქმედა ბატონი გიორგის სიტყვებმა, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი მოგონებაა სამზარეულოს განათებული ფანჯარა, რომლის უკანაც დედაა… გეფიცებით, ჩემთვისაც ზუსტად ასეა. ამიტომაც, როცა დედას ვხატავ, სულ სამზარეულოს ფანჯარასთან დგას.

და ასეთ რამეს უამრავს შეხვდებით, რადგან, ადამიანები ცუდი რაღაცების კეთებაში განვსხვავდებით ერთმანეთისგან, თორემ კეთილ რღაცებში ყველა ცოტათი მაინც ვგავართ ერთმანეთს.

ბატონი გიორგი წერს საოცარი იუმორით. არ შემიძლია ერთი ეპიზოდი არ მოგიყვეთ მისი წიგნიდან:

გიორგი დანელია და ევგენი პრიმაკოვი
გიორგი დანელია და ევგენი პრიმაკოვი - Sputnik საქართველო
გიორგი დანელია და ევგენი პრიმაკოვი

ის მეგობრობდა ევგენი პრიმაკოვთან და როდესაც პრიმაკოვი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშნეს, ბატონი გიას თქმით, მას მისმა „შინაგანმა მემ“ მოუხმო და უკარნახა — „100 წელიაო იცნობ ამ კაცს და არასდროს არაფერი გითხოვია“. ამ დროს ბატონ გიორგის უწევდა საზღვარგარეთ წასვლა და, როგორც თავად ჰყვება, მისულა ევგენი მაქსიმოვიჩთან და უთხოვია, საფრანგეთში, კანში მივდივარ და რამე დავალება მომეციო. პრიმაკოვი დაბნეულა — „რა დავალება?!“ ბატონ გიორგის კი „სერიოზულად“ უპასუხია: „აი, მაგალითად, ყვავილების ქოთანი რომ გავდგა სასტუმროს ფანჯრის რაფაზე, ან კრუაზეტის სანაპიროზე მდებარე სკამს კევით რაიმე საიდუმლო წერილი მივაწებო. ამისთვის კი „თქვენი“ სამივლინებო ხარჯები დამჭირდება, ტაქსის ფულიც, თორემ „გოსკინოში“ დღეში მხოლოდ 3 მანეთს იძლევიან“. ევგენი პრიმაკოვს ასევე „სერიოზულად“ გაუცია პასუხი — „გიორგი ნიკოლაევიჩ, გპირდები, თუ ქოთნის გადაადგილება, ან წერილის მიწებება დაგვჭირდება, ამ თხოვნით შენ გარდა არავის მივმართავთ“.

სხვათა შორის, თბილისში ანეკდოტად დადიოდა ისტორია, რომელიც სინამდვილეში სწორედ გიორგი დანელიას გადახდომია. თურმე, თბილისში ჩამოსულ 15 წლის გიორგის ფული დაუხარჯავს და მოსკოვში გაუგზავნია დეპეშა — „საყვარელო მამა, დავკარგე ჯიბის ფული. გკოცნი, გია“, რაზეც მამამ ასევე დეპეშით უპასუხა: „გაიკერე ჯიბე. მამა“.

ასევე საოცრად მომხიბლა ბატონი გიორგის პასუხმა შეკითხვაზე მისი პირადი ცხოვრების შესახებ — „მე მიყვარდა და მეც ვუყვარდი… მე მივდიოდი და ჩემგანაც მიდიოდნენ… სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია პირად ცხოვრებაზე“. ამაზე სრული „სულ ესაა“ თუ წაგიკითხავთ სადმე?

ბოლოს მინდა თქვენთან ერთად ვისიამოვნო საოცარი ნაწყვეტით „აფონიადან“, შეუდარებელი ლეონიდ კურავლიოვის შესრულებით, რომელმაც ისე მომხიბვლელად ითამაშა ლოთი სანტექნიკოსის როლი, რომ ბატონმა გიორგიმ უამრავი აღშფოთებელი წერილი მიიღო ლოთი სანტექნიკოსების ცოლებისგან.

ერთი წერდა: „ამხანაგო რეჟისორო, თქვენ როდისმე გძინებიათ მთვრალ სანტექნიკოსთან?“ რაზეც დანელიამ უპასუხა: „არა არ მძინებია. არც მთვრალთან და არც ფხიზელთან“…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ხალისიან დღეს!   

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0