ნუ უგდებთ ანკესებს პატარა ქალთევზებს...

ქალთევზა კოპენჰაგენში
ქალთევზა კოპენჰაგენში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

სამშაბათმა ისევ განსაკუთრებით გაამართლა – მართლაც ზღაპრული დღეა. თანაც არა მხოლოდ გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც, ამიტომაც არ გაგიკვირდეთ, თუ ჩვენ აივანზე ამოსვლისას ჟასმინების სუნი ოდნავ დაგათრობთ და თქვენს ნაცნობ ბროწეულს თეთრყვავილებიან დედოფალთან ჩახუტებულს დაინახავთ…

საქმე ისაა, რომ დიდი ხნის წინ, უხსოვარ დროს, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, სწორედ ასეთი ჟასმინებიანი ბაღის შუაგულში მოკალათებული დიდი თეატრის აგარაკზე, მოსკოვის გვერდით მდებარე ულამაზეს „სერებრიანი ბორში“ ცნობილი მოცეკვავე მორის ლიეპას შესანიშნავმა დედამ თუ სიდედრმა, მოკლედ, მისი შვილების ბებიამ პირველად წაგვიკითხა ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარი „პატარა ქალთევზა“… მახსოვს, რომ ელზე, ანდრისი და, მით უმეტეს, მე ისე ვტიროდით, რომ ბებიაჩემი შემოვარდა, ბავშვებს რამე ხომ არ დაემართათო. ჩემთვის ეს იყო პირველი ზღაპარი, რომლისგანაც გულში დამრჩა სევდა, რადგან თანაგრძნობამ იმდენად ამოხეთქა, რომ პატარა ქალთევზასთვის თავის გაწირვაც შემეძლო…

ზუსტად დღეს კი კოპენჰაგენის მცხოვრებლები ტრადიციულად გავლენ სანაპიროზე, სადაც 1913 წლის 23 აგვისტოს დაიდგა ანდერსენის ულამაზესი გმირის ძეგლი, რომელიც არა მარტო მათი ქალაქის, არამედ მთელი დანიის სიმბოლოც გახდა.

ქანდაკების ავტორია დანიელი მოქანდაკე ედვარდ ერიქსენი. ის დამზადდა ცნობილი ლუდსახარში კომპანია Carlsberg-ის ფუძემდებლის კარლ იაკობსონის დაკვეთით, რომელიც მოხიბლული დარჩა კოპენჰაგენის სამეფო თეატრში პრიმა-ბალერინა ელენ პრაისის მიერ „პატარა ქალთევზას“ როლის შესრულებით. ამბობენ, ბალერინამ კატეგორიული უარი განაცხადა შიშველ მდგომარეობაში პოზირებაზე, ამიტომაც ქანდაკებას მისი სახე და მოქანდაკის მეუღლის ელინე ერიქსენის ტანი ამშვენებს.

კოპენჰაგენის სიმბოლოდ ქცეული ქალთევზა
კოპენჰაგენის სიმბოლოდ ქცეული ქალთევზა - Sputnik საქართველო
კოპენჰაგენის სიმბოლოდ ქცეული ქალთევზა

სამწუხაროდ, „პატარა ქალთევზას“ ქანდაკებასაც, როგორც მის გმირს, ბედი არ ჰქონია… 

1960-იანი წლებიდან დაწყებული, ის რამდენჯერმე გახდა ვანდალური აქტების მსხვერპლი. 

1964 წლის 24 აპრილს მას თავი მოჰკვეთეს და ხელს გააყოლეს; 

1984 წლის 22 ივლისს მას მარჯვენა ხელი მოკვეთეს, რომელიც შემდგომში უკან დააბრუნეს;

1990 წელს ისევ ჰქონდა ადგილი ქანდაკების თავის მოკვეთის მცდელობას. დამნაშავეები დააფრთხეს, მაგრამ ქანდაკებას კისერზე 18 სმ-იანი იარა დარჩა;

1998 წელს მას ისევ მოჰკვეთეს თავი, რომლის დაბრუნება მოხერხდა;

2003 წლის 11 სექტემბერს ის ააფეთქეს და პოსტამენტიდან ჩამოაგდეს… 

რამდენჯერ დააწერეს, დაახატეს პატარა ქალთევზას სხვადასხვა სიმბოლოები, შეღებეს, გადააცვეს, მათ შორის ჰიჯაბიც, ამას ვინ მოთვლის… და ეს ყველაფერი ხდება დანიაში, ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეულში შედის, თანაც მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, როგორც მანდილოსნებისთვის „ყველაზე კომფორტული ქვეყანა“. 

2010 წელს „პატარა ქალთევზამ“ 25 მარტიდან 31 ოქტომბრამდე საკუთარი ნებით დატოვა სამშობლო და გაძლიერებული დაცვის თანხლებით გაემგზავრა შანხაიში, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნულ პერიოდში კოპენჰაგენში მისი ადგილი დაიკავა ვიდეოინსტალაციამ, რომლის ავტორი გახლდათ ცნობილი ჩინელი მხატვარი აი ვეინეემი. 

ჰანს ქრისტიან ანდერსენი… სულ მაინტერესებს, საიდან იყო ამ უბრალო დანიელი მეწაღის შვილში ამდენი სიღრმე, სიბრძნე, სითბო და სიკეთე, რომ მისი ზღაპრები სულ პატარაობიდან დიდობამდე და კიდევ უფრო იქით მოგყვება და გიცავს, და სულ ცოტათი მაინც უფრო კარგ პიროვნებად გაყალიბებს.

ნუ ეწყინებათ ძმებ გრიმებს, ნურც ერთს და ნურც მეორეს, მაგრამ მე მათი ზღაპრები მაშინებდა, ვერაფრით ვერ ვიგებდი, მაგალითად, სახლში საჭმელი თუ ცოტა იყო, ჰანსის და გრეტელის მშობლებს საწყალი ბავშვები ტყეში რატომ მიჰყავდათ, მოსაცილებლად, საკვებში რომ არ შეეცილონ, იმისთვის? მაშინ რითი იყვნენ ისინი ბებერ ჯადოქარზე უკეთესები, რომელსაც ასევე შიოდა, როდესაც ჰანსის და გრეტელის შეჭმას აპირებდა და რომელიც, სხვათა შორის, და-ძმის ნათესავი არ ყოფილა, დედ-მამისგან განსხვავებით, შორეულიც კი…

სამაგიეროდ, ანდერსენის ზღაპრის „გოგონა ასანთით“ წაკითხვის შემდეგ ჩემს მშობლებს დიდი ხნის განმავლობაში იმით ვაწვალებდი, რომ დრო და დრო, როცა ძალიან ციოდა, გარეთ გამყავდა იმის შესამოწმებლად, სადმე კუთხეში პატარა ასანთებიანი გოგო ხომ არ ზის… სახლში რომ შემომეყვანა.

დღესაც კი, როდესაც ძალიან თოვს და ყინვა ფანჯრის მინებზე რაღაცას ხატავს, უცებ წარმოვიდგენ ხოლმე „თოვლის დედოფლის“ გადაფრენას…

„პატარა ქალთევზაზე“ რომ აღარაფერი ვთქვათ. მთელი ცხოვრება მჭირდა მისი კომპლექსი და, როცა შეყვარებული ვიყავი, ნამდვილად „ვქალთევზობდი“ და ამიტომაც სულ ვიწვოდი, ვიფერფლებოდი და ზღვის ქაფად ვიქცეოდი… რას იზამ, ყველა ხომ კარმენად დაბადებული ვერ იქნება… 

სამაგიეროდ, ბოლოს და ბოლოს, ჩემი უფლისწული ვიპოვე.

კარმენი კი… დღემდე „ჰაბანერას“ ასრულებს… მარტო.

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ზღაპრულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0