ექიმი ქულის დიეტა გულის...

CC0 / Pixabay / დიეტა
დიეტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს საოცრად კეთილ განწყობაზე უნდა დაგაყენოთ, ისეთზე, რომელსაც ვერც ორშაბათი და ვერც სიცხე ვერ გაგიფუჭებთ, რადგან მინდა ყველამ  გავიხსენოთ – და დამიჯერეთ, რომ დღეს ამისთვის შესანიშნავი საბაბი და მიზეზი გაგვაჩნნია – დიდებული პროფესიის წარმომადგენლები — ჩვენი საყვარელი ექიმები. არ მეგულება ადამიანი, რამდენად ჯანმრთელიც არ უნდა იყოს, ვის ცხოვრებაშიც მათ ერთხელ მაინც განსაკუთრებული როლი არ ეთამაშოთ.

მე, სამწუხაროდ, „არ მახსოვს“ ის ექიმი, ვინც ჩემ გაჩენაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სულ ბავშვობიდან მახსოვს ის, რომ ავად გახდომა მიხაროდა, რადგან ამ დროს ჩვენთან სახლში მოდიოდა ექიმი დათიკო კვიტაიშვილი, რომელსაც დღესაც ვიხსენებ უდიდესი მოწიწებით, სითბოთი და სიყვარულით… 

აი, შარშან ამ დროს კი ნაკუწ-ნაწკუწ დავხიე საიქიოში წასაღებად გამზადებული წერილი, უკვე მეორედ. პირველად ეს 32 წლის წინ მოხდა, როდესაც სწორედ ამ დროს, გულის ოპერაციის შემდეგ გამოვეწერე მოსკოვის ბაკულევის სახელობის ინსტიტუტიდან, რომელსაც მაშინ ხელმძღვანელობდა შეუდარებელი თბილისელი კაცი ვლადიმერ (ვოვა) ბურაკოვსკი, რომლის მოადგილე მაშინ ჩვენი სასიქადულო ლეო ბოკერია გახლდათ, და ამის შემდეგ 31 წელი ექიმი არ დამჭირვებია. ახლა კი ამ ინსტიტუტის დირექტორი სწორედ ის კაცია, ვინც პირადად გამიკეთა გულის ოპერაცია – საოცარი კარდიოლოგი და პიროვნება ამირან რევიშვილი.

სხვათა შორის, ჩვენი დღევანდელი სტუმარი 2011 წელს დაჯილდოვდა სწორედ ალექსანდრე ბაკულევის და ვლადიმერ ბურაკოვსკის სახელობის პრემიით. ეს გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი კარდიოქირურგი, 1400 სამეცნიერო ნაშრომისა და 12 წიგნის ავტორი, ტეხასის „გულის  ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ცნობილი ამერიკელი მწერლის არტურ ჰეილისა და თურქმენეთის პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის მკურნალი ექიმი, რომელსაც ამერიკის ორმა პრეზიდენტმა — 1984 წელს რონალდ რეიგანმა, ხოლო 1998 წელს ბილ კლინტონმა გადასცეს უმაღლესი ჯილდო — თავისუფლებისა და ტექნოლოგიების დარგში ეროვნული მედლები… დენტონ ქული, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1920 წლის 22 აგვისტოს.

© www.thefamouspeople.comექიმი ქული
ექიმი ქული - Sputnik საქართველო
ექიმი ქული

დენტონ ქული ისტორიაში, პირველ რიგში, შევიდა როგორც ქირურგი, რომელმაც 1969 წელს ადამიანს პირველი ხელოვნული გული გადაუნერგა. გულმა სულ 65 საათი იმუშავა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში შესაძლებელი გახდა პაციენტისთვის დონორის გულის შერჩევა და, შესაბამისად, მისი გადარჩენა. საერთოდ კი დენტონ ქულიმ თავის ასისტენტებთან ერთად ჩაატარა 10 ათასი ოპერაცია გულზე და გამოსცა წიგნი, სახელწოდებით „100 000 გული“.

თქვენ, ალბათ, შეამჩნევდით, რომ დღეს ერთი ცალი სიგარეტიც კი არ მომიწევია, რადგან ექიმ ქულის მერიდება. ის მკაცრად იცავს ჯანმრთელი ცხოვრების თითქმის სპარტანულ წესს და ამიტომაც თავის 96 წლის ასაკში ჯანმრთელი და ხალისიანი ადამიანია. მისი აზრით, ადამიანმა თავიდანვე უნდა მიხედოს ჯანმრთელობას და, განსაკუთრებით, თავის ყველაზე უფრო ვაჟკაცურ და ამავე დროს ფაქიზ ორგანოს — გულს.

ისე კი, რომ დავუკვირდეთ, მართლა როგორ სათუთად უნდა მოვეპყროთ და ჩვენ კი როგორ ვტკენთ ერთმანეთს გულს, მაშინაც კი, როცა „ჩემი გული შენი გული — ჯაჭვით არის გადაბმული“…

ახლა კი მინდა გაგიზიაროთ ექიმი ქულის მსოფლიოში ცნობილი „კარდიოლოგიური დიეტა“, რომელიც, მისი აზრით, ნებისმიერმა ადამიანმა თვეში ერთხელ უნდა დაიცვას, თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით და, მით უმეტეს, თუ გული აწუხებს. ეს დიეტა 4-დღიანია და მისი მთავარი მოთხოვნაა დიეტის ზუსტი, უმკაცრესი დაცვა. ანუ, უნდა იკვებო ზუსტად ერთსა და იმავე საათებში და არც ერთი ინგრედიენტი არ შეცვალო და არ გამოტოვო, რადგან ყველაფერი მუშაობს მხოლოდ კომპლექსში.

პირველი დღე:

საუზმე — ოთხივე დღეს უცვლელია: 1 ცალი ნებისმიერი ხილი (ყურძნისა და ბანანის გარდა);

სადილი: 1 ცალი ფორთოხალი ან ახლადგაწურული ფორთოხლის წვენი, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა მაწონი;

ვახშამი: 2 პომიდორის და 1 კიტრის სალათა, ოხრახუშით და ზეითუნის ზეთით, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, ტოსტი შავი პურისგან.

მეორე დღე:

სადილი:  1 ფორთოხალი ან ნახევარი გრეიფრუტი, 1 მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა ნატურალური იოგურტი;

ვახშამი:  100-200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 1 პომიდორი, 1 შავი პურის ტოსტი, 1 ფორთოხალი;

დღე მესამე:

სადილი: 1 მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 ფორთოხალი,  1 ჭიქა იოგურტი, 1 კიტრი;

ვახშამი: 100-200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ფორთოხალი, 1 ტოსტი შავი პურისგან

მეოთხე დღე:

სადილი:  150 გ ყველი ან რძე, 1 პომიდორი ოხრახუშით, 1 ტოსტი შავი პურისგან;

ვახშამი: 100-200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 2 პომიდორი, 1 ვაშლი, 1 შავი პურის ტოსტი…

სულ ესაა. ამ დიეტის დროს შეიძლება დალიოთ მხოლოდ მწვანე ჩაი ლიმონით, არაგაზირებული წყალი, ისიც ლიმონით. ალკოჰოლი, მარილი და შაქარი კატეგორიულად აკრძალულია.

როგორც მიხვდით, ეს დიეტა „ძალიან დიეტურია“, რადგან მისი დაცვით გულის პრობლემის მოგვარების ან პროფილაქტიკის გარდა წონის რეგულირებაც მოხდება, ხოლო ზედმეტი კილოგრამები არა მხოლოდ გულს, არამედ განწყობასაც გვიფუჭებს. ასე რომ, თქვენი არ ვიცი და მე აუცილებლად მოვსინჯავ. მით უმეტეს, რომ ზღვაზე ვაპირებ წასვლას და გუშინ მაღაზიაში ისეთ საცურაო კოსტიუმს დავადგი თვალი, რომ ერთი 3 კილო თუ არ დავიკელი და არ მოვირგე, გინდ გულს მოვუკვლივარ და გინდ ქულს…

გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ სამუშაო კვირას!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0