მორის ტიიე, ანუ როგორ იქცა ანგელოზი შრეკის პროტოტიპად

© FL/ Gabriel Di Stasioმორის ტიიე - შრეკის პროტოტიპი
მორის ტიიე - შრეკის პროტოტიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1903 წლის 23 ოქტომბერს ურალში მცხოვრები გარუსებული ფრანგების ტიიეების ოჯახში ბიჭუნა დაიბადა. ბავშვი იმდენად ლამაზი იყო, რომ ოფიციალური სახელის – მორისის პარალელურად ანგელოზი შეარქვეს.

მამა რკინიგზის ინჟინრად მსახურობდა, დედა — სკოლის მასწავლებლად. 1917 წელს ოჯახი რევოლუციას გაერიდა და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. ამ დროს მორისი უკვე 14 წლისა იყო.

დაახლოებით იმავე პერიოდში ბიჭს ტერფების, ხელებისა და თავის გასივება დაეწყო, 19 წლისას კი აკრომეგალიის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დაავადებას ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე იწვევს, რომლის შედეგადაც ადამიანის ძვლები მსხვილდება, განსაკუთრებით სახის არეში. 170 სმ სიმაღლის მორის ტიიე 122 კილოგრამს იწონიდა. საკუთარ გარეგნობას ის ფილოსოფიურად და იუმორით უყურებდა, მაგრამ ახალგაზრდობაში ძალიან უჭირდა საზოგადოებასთან მორგება, სოციუმთან ადაპტაცია. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად მორისი მიხვდა, როგორ უნდა ექცია საკუთარი ნაკლი უპირატესობად.

© FL/products4industryმორის ტიიე ამერიკის მოქალაქეობას იღებს
მორის ტიიე ამერიკის მოქალაქეობას იღებს  - Sputnik საქართველო
მორის ტიიე ამერიკის მოქალაქეობას იღებს

„თანატოლები მაიმუნს მეძახდნენ და ძალიან მწყინდა. აბა, ვის მოეწონებოდა ასეთი რამ? დაცინვებისთვის რომ თავი დამეღწია, ნავმისადგომზე მივდიოდი და თავისუფალ დროს წყლის პირას ვატარებდი. ახლომახლო მცხოვრებლებს საერთოდ არ ანაღვლებდათ, როგორ გამოვიყურებოდი“, — ამბობდა ტიიე.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადება თანდათან პროგრესირდებოდა, მორისი ცდილობდა, სისხლსავსე ცხოვრებით ეცხოვრა. უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, კარგად თამაშობდა რაგბის და სამომავლო გეგმებსაც ადგენდა, მაგრამ მალე სწავლის მიტოვება მოუხდა — ხმის იოგების პრობლემის გამო. ეს კია, ამან მორისს მხნეობა ვერ დააკარგვინა, დაუდგრომელმა ყმაწვილმა სამხედრო ფლოტში დაიწყო სამსახური, სადაც ინჟინრის სპეციალობა შეისწავლა.

© FL/ Rowan Millarმორის ტიიე სიამოვნებით პოზირებდა პალეონტოლოგიური მუზეუმისთვის ნეანდარტალელების ექსპონატების გვერდით, რომლებთან მსგავსებაც მას ფრიად ართობდა
მორის ტიიე სიამოვნებით პოზირებდა პალეონტოლოგიური მუზეუმისთვის ნეანდარტალელების ექსპონატების გვერდით, რომლებთან მსგავსებაც მას ფრიად ართობდა - Sputnik საქართველო
მორის ტიიე სიამოვნებით პოზირებდა პალეონტოლოგიური მუზეუმისთვის ნეანდარტალელების ექსპონატების გვერდით, რომლებთან მსგავსებაც მას ფრიად ართობდა

„იქნებ სახეს სულაც არ შეეშალა ხელი, რომ ადვოკატი გავმხდარიყავი, მაგრამ ვირის ყროყინის მსგავსი ხმის მოსმენა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ამიტომაც წავედი სამხედრო-საზღვაო ფლოტში“, — იხსენებდა იგი.

შესაძლოა, ტიიეს დროთა განმავლობაში კარგი სამხედრო კარიერაც გაეკეთებინა, მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება. 1937 წელს, სინგაპურში შვებულებით ყოფნისას შემთხვევით გაიცნო პროფესიონალი რესლინგერი კარლ პოჯელო, რომელმაც ბიჭი დაარწმუნა, შენი გარეგნობის მქონე კაცმა აუცილებლად პროფესიულ რესლინგს უნდა მოჰკიდოს ხელიო. მოგვიანებით კარლი მორისის პრომოუტერი და უახლოესი მეგობარიც გახდა.

ჭადრაკის პაიკი - Sputnik საქართველო
უცნაური და აუხსნელი დამთხვევები — რეალური ისტორიული ფაქტები

მომდევნო ორი წლის განმავლობაში მორის ტიიე ვარჯიშის პარალელურად ბრძოლებს მართავდა საფრანგეთსა და ინგლისში, მოგვიანებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მან უმალ მიიპყრო ყურადღება და მოკლე დროში გაითქვა სახელი. კაცი ფსევდონიმით „ფრანგი ანგელოზი“ რამდენჯერმე გახდა მსოფლიო ჩემპიონი რესლინგის სხვადასხვა ვერსიაში.

თუმცა მორის ტიიეს შესაძლებლობები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. „ფრანგ ანგელოზს“ უამრავი სხვა ნიჭი ჰქონდა: ბრწყინვალედ თამაშობდა ჭადრაკს, თავისუფლად ლაპარაკობდა 14 ენაზე, თამაშობდა კინოში და ჰქონდა იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა.

მორისი სიამოვნებით პოზირებდა პალეონტოლოგიური მუზეუმისთვის ნეანდარტალელების ექსპონატების გვერდით, რომლებთან მსგავსებაც მას ფრიად ართობდა.

სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში თავი იჩინა ჯანმრთელობის პრობლემებმა – თავის გამუდმებულმა ტკივილებმა, ძლიერმა დაღლილობამ, მხედველობის დაქვეითებამ. და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომლებიც აკრომეგალიას სდევს თან. გარდა ამისა, პროფესიულმა რესლინგმაც შეიტანა კორექტივები მორისის ჯანმრთელობის მდგომარეობაში: ტიიეს გულის სერიოზული ტკივილები დაეწყო. თუმცა ბრძოლები 1953 წლამდე მაინც არ შეუწყვეტია. მერე კი დიდი სპორტი მიატოვა.

© FL/Gabriel Di Stasioმორის ტიიე მოკლე დროში იქცა ამერიკულ ღირსშესანიშნაობად
მორის ტიიე მოკლე დროში იქცა ამერიკულ ღირსშესანიშნაობად  - Sputnik საქართველო
მორის ტიიე მოკლე დროში იქცა ამერიკულ ღირსშესანიშნაობად

1954 წლის 4 სექტემბერს მორისის საუკეთესო მეგობარი კარლ პაჯელო კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. „ფრანგმა ანგელოზმა“ ვერ გაუძლო უახლოესი ადამიანის სიკვდილს და იმავე დღეს განუტევა სული გულის შეტევით…

განუყრელი მეგობრების საერთო საფლავზე ამოტვიფრულია სიტყვები: „მეგობრებს სიკვდილიც ვერ დააშორებს“…

მორისის გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ეკრანებზე გამოვიდა მულტფილმი, რომლის მთავარი გმირი ოგრი, სახელად შრეკი, ძალიან ჰგავს „ფრანგ ანგელოზს“ — როგორც გარეგნობით, ისე უკეთილშობილესი ბუნებით.

ეს კია, კინოკომპანია „დრიმვორქსი“ ამ თემაზე არანაირ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს და ყველა შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს…

ყველა ახალი ამბავი
0