კაცი, რომელიც დააკლდა... რუსეთს...

© ruskline.ruვასილი შუკშინი
ვასილი შუკშინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი აივანი გვირილებით, ღიღილოებითა და „კალაკოლჩიკებით“ მოვრთე… „ხოხლომით“ მოხატულ ლამბაქებზე დავაწყვე მოცვი, ჟოლო, შავი მოცხარი და ხურტკმელი, ხოლო ცირცელისა და წითელი ძახველის ტოტებით ჯერ კიდევ ფერმკრთალი ადესა გავალამაზე… რა თქმა უნდა, დავდგი დიდი „სამოვარი“, ზედ ჩექმაჩამოცმული… სანამ გამაკრიტიკებდეთ იმისთვის, რომ ქართული ენის სიწმინდეს არ ვიცავ, მითხარით, აბა, როგორ არის ქართულად „კალაკოლჩიკი“ და „სამოვარი“ და მე სამაგიეროდ გაგიმხელთ, რა ხილია ხურტკმელი და როგორ არის რუსულ ენაზე იმერული პატარა ყვავილი საპოვნელა…

ეჰ, რა კარგი იქნებოდა, მდგმურებს ჩემთვის მე-5 კურსზე შეჭრილი, ოქროსფერი და სქელი ნაწნავი რომ არ მოეპარათ (თანაც ეჭვი მაქვს, რომ ტიმოშენკოს მიჰყიდეს)… ხომ მივიბავდი ახლა ვასილისასავით… ერთი გაშვებული და სადა ჩითის სარაფანი კი მაქვს, საბედნიეროდ… ფეხსაცმელი კი საერთოდ რა საჭიროა… დღეს აივანზე ჩემს ლაბრადორსაც გამოვუშვებ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ „რუსულენოვანია“, დაბადებიდან 5 წელი მოსკოვში გაატარა, და ასეც რომ არ იყოს, ძაღლი ყველაზე კარგად გრძნობს წრფელ, ლაღ, მართალსა და ლამაზ  ადამიანს…

დღეს ჩვენი აივნის სტუმარია დიდი რუსი მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, პირველ რიგში კი ნიჭიერი, უკომპრომისო, პირდაპირი კაცი და შემოქმედი — ვასილ შუკშინი, რომელსაც მოფერებით „მაკარიჩს“ ეძახდნენ, და რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1929 წლის 25 ივლისს…

შუკშინი ამბობდა, უნდა წერო ისე, რომ შენი სიტყვები ფეთქდებოდეს, როგორც კოცონში ჩაგდებული ვაზნები… ის სწორედ ასე წერდა და ცხოვრობდა. იყო უსაზღვროდ სამართლიანი, ძალიან კრიტიკული და მომთხოვნი — პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. ზედმეტად სიტყვაძუნწი, მაგრამ ბავშვივით გულწრფელი და გახსნილი, პირველი შეხედვით უხეში, მაგრამ საოცრად ფაქიზი სულის პატრონი.

მან საკმაოდ რთული ცხოვრება გაიარა. დაიბადა ალტაის მხარის სოფელ სროსტკიში. სულ პატარა იყო, როდესაც მამა დაუხვრიტეს. 1944 წელს დაამთავრა საშუალო სკოლის 7 კლასი და, დედას მხარში რომ ამოსდგომოდა, ზეინკლად და მშენებლად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ჯარში გაიწვიეს. მხოლოდ სოფელში დაბრუნების შემდეგ დაასრულა შუკშინმა საშუალო განათლების მიღება და რამდენიმე ხანს სოფლის სკოლის დირექტორადაც კი მუშობდა.  

1954 წელს შუკშინმა გადაწყვიტა ჩაებარებინა კინემატოგრაფიის ინხტიტუტში. მის მოსკოვში გასამგზავრებლად ოჯახს ერთადერთი ძროხის გაყიდვა მოუხდა. გამოცდებზე შუკშინი ნახევრად სამხედრო კოსტუმში გამოწყობილი გამოცხადდა, რომლის ქვეშაც „მეზღვაურის ზოლიანი მაისური ეცვა, შარვალი-კლიოში და ჩექმა“… სწორედ აქ, ინსტიტუტის კულუარებში გაიგო ვასილიმ, რომ, თურმე, მსახიობები ერთმანეთში მოლაპარაკებით კი არ დგამენ ფილმებს, არამედ არსებობს ყველაზე „მთავარი კაცი“ — რეჟისორი… და ამიტომაც სწორედ სარეჟისოროზე შეიტანა საბუთები. საგამოცდო კომისიის წევრმა, ცნობილმა რეჟისორმა მიხეილ რომმა კითხვა დაუსვა, თუ რას ფიქრობდა ის პიერ ბეზუხოვის პერსონაჟზე და შუკშინმა, რომელსაც ცხოვრებაში ტყუილი არ უთქვამს, პირდაპირ განაცხადა, რომ „ომი და მშვიდობა“ ძალიან სქელი წიგნია და ვერ მოახერხა მისი წაკითხვა“, თუმცა წაკითხული აქვს და ძალიან მოსწონს ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენი“…

რომი თავიდან მისმა პასუხმა გააბრაზა და გაიკვირვა — კი, მაგრამ ასეთი გაუნათლებელი და უკულტურო ადამიანი სკოლის დირექტორი როგორ გახდითო?! და აქ კი შუკშინი აფეთქდა, ის მიუახლოვდა რომს და უპასუხა — „აქ, თქვენთან სკოლის დირექტორები რას აკეთებენ, მე არ ვიცი და ჩემ სოფელში, იცით, ვინ არის სკოლის დირექტორი? ის შეშას შოულობს, ბავშვები რომ არ გაიყინონ, ზოგჯერ ნავთს იპარავს, შუქი რომ ჰქონდეთ, თავისი ხელით აჭედებს მერხებს, ასწორებს დაგრეხილ სახურავს და სახელმძღვანელოებსაც  შოულობს!“ ბოლოს კი დაამატა — სწორედ ამიტომ არ გვცალია ჩვენ სქელი წიგნების წასაკითხადო… 

ამ სიტყვების შემდეგ შუკშინი შეტრიალდა და კარისკენ წავიდა… რომმა (აბა რისი რომი იქნებოდა?) კომისიას გადახედა და განაჩენი გამოიტანა: მხოლოდ უნიჭიერეს ადამიანს შეუძლია ასე დაიცვას თავისი საქმეო და… „5“-იანი დაუწერა.

ვასილი შუკშინი მეუღლესთან და შვილებთან ერთად
ვასილი შუკშინი მეუღლესთან და შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
ვასილი შუკშინი მეუღლესთან და შვილებთან ერთად

გავიდა წლები… შუკშინმა, რომელსაც თვითმყოფადი, მიწისა და ბუნების წიაღიდან გამოყოლილი ნიჭი ჰქონდა, გადაიკითხა ყველა ის წიგნი, რისი წაკითხვაც მანამდე ვერ მოახერხა და იმაზე გაცილებით მეტიც, რაც მის მოსკოველ თანაკურსელებს ჰქონდათ წაკითხული… დაიწყო მოთხრობების გამოქვეყნება მოსკოვის წამყვან ჟურნალებში, მონაწილეობა ცნობილი რეჟისორების ფილმებში, საკუთარი ფილმების გადაღება… მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ის მოსკოვში უკვე ძალიან პოპულარული იყო, საკუთარი, პატარა 2-ოთახიანი ბინის ყიდვა მხოლოდ 35 წლის ასაკში შეძლო.

სწორედ იმ წელს მოსკოვი-სიმფეროპოლის მატარებელში, რომლითაც ზღვაზე მიემგზავრებოდა ფილმის „როგორია ზღვა?“ გადამღები ჯგუფი, ვასილ შუკშინმა გაიცნო თავისი პარტნიორი ფილმში, 26 წლის ლიდია ფედოსეევა. როდესაც ლიდიამ გაიგო, რომ მისი პარტნიორი ფილმში შუკშინი იქნებოდა, ძალიან განიცდიდა, რადგან „კეთილისმსურველებისგან“ ბევრი ცუდი ჰქონდა მოსმენილი მისი მძიმე ხასიათისა და „ლოთობის“ შესახებ. როდესაც შუკშინი მის კუპეში შევიდა და ემოციურად დაიწყო მოყოლა, როგორ ოცნებობდა სტეფანე რაზინზე ფილმის გადაღებასა და მასში მთავარი როლის შესრულებაზე, ლიდიას ის შეუყვარდა. ხოლო როდესაც მსახიობებმა სიმღერა დაიწყეს და ლიდიამ შეასრულა რუსული ხალხური Калина красная, აქ უკვე სიყვარული „მაკარიჩსაც“ ეწვია… შემდგომში შუკშინის ბოლო ფილმს სწორედ ამიტომ დაერქვა ეს სახელი.

გადაღებების შემდეგ ისინი ცოტა ხნით დაშორდნენ ერთმანეთს, როგორც ამბობენ, გრძნობების შემოწმება გადაწყვიტეს. როდესაც ისინი ერთმანეთს კინოსტუდიაში შეხვდნენ, სადაც ფილმის გახმოვანება უნდა მომხდარიყო, შუკშინმა ლიდიას ჩუმად გადასცა ბინის გასაღები და ცოტაოდენი ფული — ჩემ მოსვლამდე ერთი ლეიბი, ერთი საბანი და 2 ბალიში იყიდეო. ლიდიას ეგონა, რომ შუკშინს ეს ახალი ქვეშაგები ძველზე დასამატებლად სჭირდებოდა, მაგრამ სახლში რომ შევიდა, მხოლოდ ოთხი კედელი დახვდა… მაშინვე გაიქცა „ბავშვთა სამყაროში“ და სიმყუდროვისთვის პატარა, საბავშვო 2 სკამი და მაგიდა იყიდა, სულ 5 მანეთად…

მათ საოცარი ცხოვრება გაიარეს, ბობოქარი, საინტერესო, არც თუ იოლი, რადგან შუკშინი ძალიან ეჭვიანი იყო. თუმცა, როგორც ლიდია ფედოსეევა-შუკშინა იხსენებს, ის იყო კაცი, რომელსაც შეგეძლო დაყრდნობოდი, თანაც ყველაფერში და ბოლომდე. მასავით მოსიყვარულე და თანგადაყოლილი მამა კი საერთოდ ძნელი წარმოსადგენი იყო. სხვათა შორის, როდესაც მათ მეორე ქალიშვილი — ოლია შეეძინათ, შუკშინს სერიოზული პრობლემები გაუჩნდა ალკოჰოლთან დაკავშირებით. ერთხელ მოხდა ისე, რომ მას ოლია დაუტოვეს მოსავლელად, ამ დროს კი მეგობრებმა გამოუარეს. მან ბავშვი თან წაიყვანა და გარეთ დატოვა სულ რამდენიმე წუთით. როდესაც მაღაზიიდან გამოვიდა, ოლია არ დახვდა… აღმოჩნდა, რომ ნათესავს გამოევლო და  შუკშინი რომ არყის რიგში დაინახა, ბავშვს ხელი მოჰკიდა და თავისთან წაიყვანა… 

ამ შემთხვევის შემდეგ შუკშინმა ლიდიას სიტყვა მისცა, რომ აღარ დალევდა, და არასდროს, მაშინაც კი, როცა თავად მეუღლე სთხოვდა სიმბოლურად ჭიქის აწევას, ერთი წვეთიც აღარ დაულევია, იმიტომ, რომ სიტყვა ჰქონდა მიცემული.

მე ვთვლი, რომ ვასილ შუკშინის ბოლო, საოცრად მტკივნეული და მართალი ფილმი „წითელი ძახველი“ (Калина красная) იყო არა მხოლოდ მისი შემოქმედების, არამედ ვასილი შუკშინის და მისი მეუღლე ლიდიას სიყვარულის პიკი და აპოთეოზი… საოცარია ამ ფილმის ორი სცენა — როდესაც შუკშინის გმირი მიტოვებული დედისგან ბრუნდება, რომელიც მას ვერ სცნობს და ბავშვივით ტირის… და როდესაც ფილმის ბოლოში მის გმირს კლავენ – ლიდია მირბის მისკენ, თავგანწირულად, გზაში ეცემა, დგება და ისევ მირბის… არა, ასე თამაში შეუძლებელია! ეს ფილმი მართლაც მათ დამშვიდობებას ჰგავდა… 

შუკშინი ამბობდა — „ღმერთი არსებობს და მისი სახელია — სიცოცხლე. მე ამ ღმერთის მწამს, მჯერა და ამიტომაც არ მეშინია სიკვდილის!“

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!

ყველა ახალი ამბავი
0