ქართველი თინეიჯერი, რომელიც ლაზურად მღერის

© ა. მამულაშვილის პირადი არქივიანი მამულაშვილი
ანი მამულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანი მამულაშვილი ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და უკვე სამი ენა: რუსული, ფრანგული და ინგლისური იცის. ფრანგულ ინსტიტუტში მალე საერთაშორისო დიპლომს აიღებს.

წერს მოთხრობებს, ლექსებსა და ჩანახატებს. ლექსები ფრანგულადაც აქვს დაწერილი. სამომავლოდ, ძირითადი პროფესიის პარალელურად, მწერლობასაც აპირებს. გატაცებულია ხატვით და რამდენიმე ნახატი მაისურზეც აქვს შექმნილი. რაც მთავარია, ის კომპოზიტორი მამის მიერ შექმნილ სიმღერებს ლაზურ ენაზე მღერის. 

- ანი, დავიწყოთ იმით, რომ შენი თანატოლების უმრავლესობა ძირითადად ინგლისურ ენაზე სიმღერებს ანიჭებს უპირატესობას, შენ ხარ თინეიჯერი, ვინც ლაზურად მღერის… 

— დიახ, ასეა. ძალიან მომწონს ლაზური ენა და სიმღერებიც- მათში ერთდროულადაა დიდი სევდა და სითბო, რაც საოცარ ჰარმონიას ქმნის. ზოგადად, ძალიან მიყვარს სიმღერა და სამომავლოდ ვისურვებდი, რომ სხვა ენის კილოკავებიც შემესწავლა. ამ სიმღერებს ლაზურ ენაზე მამა, კომპოზიტორი მერაბ მამულაშვილი წერს და ისინი მართლა ძალიან მომწონს. ამჟამად, სკოლის მოსწავლე ვარ, თუმცა, ყოველთვის ვცდილობ სკოლის გარეთ რაიმე საინტერესო შევქმნა. რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა ვახერხებ, რომ სწავლის პარალელურად ვწერო კიდეც. ამასთან ერთად ვხატავ. მხატვრობას მომავალ პროფესიებში არ განვიხილავ, თუმცა მიუხედავად ამისა, საინტერესო გატაცებად მიმაჩნია. რამდენიმე ნახატი მაისურზეც შევქმენი და მას შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ ამ კუთხით მუშაობა დამეწყო. იმედი მაქვს, ეს ჩემს თანატოლებს მოეწონებათ და ამ მხრივ, ერთფეროვნებაც აღარ იქნება. მხედველობაში მაქვს ის, რომ ყველა თითქმის ერთ სტილში ჩაცმული დადის…

© ა. მამულაშვილის პირადი არქივიანი მამულაშვილი
ანი მამულაშვილი - Sputnik საქართველო
ანი მამულაშვილი

- ძირითად პროფესიაზე უკვე ჩამოყალიბდი? 

— სამომავლოდ, კარგი განათლების მიღებას უცხოეთში ვგეგმავ. ძირითად პროფესიად დიპლომატობას მოვიაზრებ, მაგრამ პარალელურად მწერლობასაც ვაპირებ. ბევრი უცხო ენის შესწავლა მინდა. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან ამ პროცესში მხოლოდ ენას კი არა, კონკრეტული ქვეყნების ისტორიას და ტრადიციებსაც ვეცნობი. ჩემთვის მთავარია, დასახულ მიზანს მივაღწიო და საკუთარი კვალი დავტოვო სასარგებლო საქმეებით.  ვიცი, ამ ყველაფერს საკმაო შრომა სჭირდება, თუმცა შეუძლებელი არაფერია. 

- უცხოეთში სწავლა ახსენე და არჩევანის უფლება რომ ჰქონდეს, რომელ ქვეყანაში იცხოვრებდა 16 წლის ანი?

— ალბათ ფიქრობთ, რომ გიპასუხებთ ასეთი ქვეყანა საფრანგეთიაო, არა?.. პირველ რიგში, მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და სამომავლოდ მის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა მინდა. თუმცა, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი გერმანიაში, რადგან იქ კანონმორჩილი, მოწესრიგებული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებმაც საკუთარი უფლება-მოვალეობები კარგად იციან. ამას გარდა, ინგლისის კულტურა და ტრადიციებიც მომწონს. ბრიტანელები მთელი გულით უფრთხილდებიან ყველაფერს, რაც მათ ეროვნულობას უკავშირდება. კარგი იქნება, თუ მაგალითს მათგან ავიღებთ და ჩვენს ინდივიდუალიზმს შევინარჩუნებთ.

-ტრადიციები ახსენე, რომელია ქართული ტრადიცია, რაც გაღიზიანებს?

— მამაკაცების ქალებისადმი დამოკიდებულება არ მომწონს… ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავითავისოთ, რომ ქალსაც, ისევე, როგორც მამაკაცს, რაიმე ახლის წამოწყების სრული უფლება აქვს. მომწონს ქალები, რომლებიც დასახული მიზნებისკენ მიისწრაფვიან და საკუთარი წვლილი შეაქვთ სამყაროს გაუმჯობესებაში. სამწუხაროა, მაგრამ ქართველ ქალს, საზოგადოება რატომღაც, ყოველთვის სუსტ ინდივიდად აღიქვამს, რაც ჩემთვის მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ჩემი თაობა ამ მოსაზრებას დაამტკიცებს.

- როგორ ფიქრობ, ამ ასაკში რას ნიშნავს შენთვის იყო თავისუფალი ადამიანი?

— ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩემი ერთი ჩანახატიდან ციტირებით მინდა დავიწყო: „მახსოვს, ბავშვობაში საპნის ბუშტებს ვბერავდი. ხელის გულზე რომ მეტეოდა, იმხელას. მერე სულს შევუბერავდი და ჰაერში ვუშვებდი. ისეთი ლამაზი იყო… გულის გაჩერებამდე მინდოდა შევხებოდი, მაგრამ ვერასოდეს გამებედა უკვე გაფრენილი ბუშტისთვის ხელი დამეკარებინა, ვიცოდი —გაქრებოდა… ახლაც ბავშვი ვარ. ვფიქრობ, მუდამ ასეთად დავრჩები. ადამიანი მანამდეა ბავშვი, სანამ ოცნების ფრთებს არ მოაჭრის დაუნდობელი სამყარო. მე კი მწამს, რომ ამ ფრთებით მუდამ ვიცოცხლებ… საპნის ბუშტებიც სისულელედ მოეჩვენება ყველას, მაგრამ ისინი ხომ საოცრად ჰგვანან თავისუფალ ინდივიდებს. ერთი სულის შებერვაა ადამიანი და შეუძლია ისეთ სილამაზედ გადაიქცეს, მიახლოებაც ვერ გაბედო და მხოლოდ შორიდან დატკბე მისი ყურებით. რატომღაც მჯერა, რომ ასეთ სილამაზეს, უამრავ ფერს, ისეთს, როგორიც საპნის სათუთ ბუშტებში აირეკლება, მხოლოდ თავისუფალი ადამიანი შეიძლება ასხივებდეს“… ვფიქრობ, გავეცი პასუხი თქვენს კითხვას, საერთოდ კი ჩვენი თაობა ბევრად თავისუფალია. თავისუფლება, ჩვენი შინაგანი სამყაროდან მოდის და არავის აქვს მისი წართმევის უფლება. კარგი იქნება, თუ არ ჩავერევით ერთმანეთის ცხოვრებაში და საკუთარ ნაკლოვანებებს მივაქცევთ უფრო მეტ ყურადღებას. დღემდე ვცდილობ, საკუთარ თავზე ვიმუშავო და ამ მხრივ ოდნავი პროგრესიც ბედნიერებას მანიჭებს. 

© ა. მამულაშვილის პრადი არქივი.ანა მამულაშვილი მშობლებთან ერთად
ანა მამულაშვილი მშობლებთან ერთად - Sputnik საქართველო
ანა მამულაშვილი მშობლებთან ერთად

-16 წელი — რისთვისაა ბევრი და რისთვის ცოტა?

— ბევრი, ალბათ, არაფრისთვისაა. უბრალოდ იმიტომ, რომ შანსი ყოველთვის გვეძლევა. ყოველი ახალი დილა ერთ შანსს უდრის — გვიანი არასოდეს არაფერია. ცოტას რაც შეეხება, ყველაფრისთვის მეცოტავება ეს ასაკი, სწორედ აქედან ვიწყებთ რეალურ, დამოუკიდებელ ცხოვრებას და ყველაფერი წინაა. 16 წელი- უცნაური, მაგრამ საინტერესო ასაკია. დრო მართლაც საოცრად სწრაფად გადის და მეჩვენება, რომ ბედნიერების დანახვა-მოპოვება მცირე დეტალებში შეგვიძლია, მაგრამ არ ვეძებთ ხოლმე… ვფიქრობ, ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოდის. სხვისი უბედურების ხარჯზე საკუთარი ბედნიერების მოპოვება ჩემთვის მიუღებელია და ყველა მიზანი არ ამართლებს საშუალებას…

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0