იანუშ კორჩაკი - გზა უკვდავებისკენ...

© www.thinglink.comიანუშ კორჩაკი ბავშვების გარემოცვაში
იანუშ კორჩაკი ბავშვების გარემოცვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

როგორ მიყვარს, აი, ასეთი განსაკუთრებული დღეები, როდესაც მხოლოდ მიხარია კი არა, მეამაყება კიდეც, რომ ადამიანი ვარ და მეც იმავე მშვენიერ და მყუდრო პლანეტაზე დავიბადე, რომელზეც, მაგალითად, ჩვენი აივნის დღევანდელი სტუმარი, კაცი, ვისაც ასე უყვარდა ბავშვები…

ის თვლიდა, რომ ბავშვამდე მისაწვდომად დახრა კი არა, ფეხისწვერებზე შედგომაა საჭირო. რომ კანონები, პირველ რიგში, ბავშვებისთვის უნდა შეიქმნას და მერე გავრცელდეს უფროსებზე. რომ ყველაფერი, რასაც ბავშვთან ურთიერთობაში მიაღწევ წვრთნით, ზეწოლითა და თუნდაც უმნიშვნელო ძალადობით, არასწორი, არამდგრადი და დროებითია. რომ ბავშვი, პირველ რიგში, ადამიანია და მერეა უკვე ბავშვი და იმსახურებს პატივისცემას და გულწრფელ სიყვარულს, ამიტომაც დააძალო მას დაძინება, როცა სულაც არ ეძინება, ან ჭამა, როდესაც არ შია – ნამდვილი დანაშაულია. დამერწმუნეთ, რომ ამ ადამიანს სრული უფლება ჰქონდა ეს, ერთი შეხედვით, საკამათო სიტყვები წარმოეთქვა, რადგან მან ბავშვებს სიყვარული დაუმტკიცა არა მხოლოდ საოცარი წიგნებითა და მეცნიერული თეზისებით…

ჩვენი დღევანდელი სტუმარია ცნობილი პოლონელი პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საოცარი პიროვნება იანუშ კორჩაკი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1878 წლის 22 ივლისს ქალაქ ვარშავაში.

კორჩაკი იზრდებოდა ძალიან ინტელიგენტურ ებრაულ ოჯახში, მაგრამ დიდხანს თვლიდა თავს “წმინდა“ პოლონელად, რასაც ყოველთვის ხაზს უსვამდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლონეთში დაიწყო ებრაელების დევნა… კორჩაკმა ამაყად განაცხადა, რომ ებრაელია, და დაამატა — „მაგრამ პოლონელი ებრაელი“.

იანუშ კორჩაკი ადამიანთა იმ საკმაოდ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვინც ცხოვრების დასაწყისიდან დაისახა მიზანი და ბოლომდე მიჰყვებოდა მას. ის პროფესიით იყო ექიმი, მოწოდებით კი პედაგოგი. კარიერის დაწყებამდე გაემგზავრა შვეიცარიაში, რათა ადგილზე შეესწავლა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი პედაგოგის იოჰან პესტოლაცის მოღვაწეობა. ამის შემდეგ კორჩაკმა გამოცდილების მისაღებად გერმანიასა და საფრანგეთს მიაშურა, სადაც გაიარა პრაქტიკა საბავშვო საავადმყოფოებსა და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ კი კორჩაკმა გახსნა პირველი ბავშვთა სახლები და დაიწყო ლექციების კითხვა უმაღლეს პედაგოგიურ კურსებზე…

1940 წელს, გერმანელების მიერ ვარშავის ოკუპაციის შემდეგ ბავშვთა სახლი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, ვარშავის გეტოში გადაიყვანეს. თავად კორჩაკი დააკავეს, თუმცა რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს გერმანელებთან დაახლოებული ვინმე განცვაიხის შუამდგომლობით, რომელსაც ამ ჟესტით ებრაელებში ავტორიტეტის მოპოვება სურდა. ციხიდან გამოსვლისთანავე კორჩაკი საკუთარი ნებით გეტოში დაბრუნდა, სადაც ყოველდღიურად ნამდვილ გმირობებს ჩადიოდა, რათა ბავშვებისთვის საკვები და მედიკამენტები ეშოვა. თანაც იმისთვის, რომ მათ არ ეგრძნოთ შიში და მოახლოებული საფრთხე, სისტემატურად უტარებდა გაკვეთილებს, თითქმის ჩვეულებრივ რეჟიმში.

იანუშ კორჩაკმა უარყო გეტოდან გამოპარვის და „არიელთა“ რაიონში გადამალვის ყველა შეთავაზება. მისი მეგობარი, პოლონელი ჟურნალისტი იგორ აბრამოვი იხსენებდა, რომ კორჩაკისთვის ბინა და საბუთები უკვე გამზადებული იყო, მას ნებისმიერ დროს შეეძლო გეტოდან გასვლა. როდესაც იგორმა მას საშვი მიაწოდა, იანუშმა მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა მეგობარს — „შენ მიატოვებდი შენს შვილს ავადმყოფობასა და უბედურებაში?“ იგორი იხსენებდა, რომ მან პასუხად მხოლოდ თავი დახარა. „ჰო-და აქ ჩემი 200 შვილია, როგორ მივატოვო, ან როგორ უნდა ვიცხოვრო ამის შემდეგ?!“

იანუშ კორჩაკის მემორიალი იერუსალიმში
იანუშ კორჩაკის მემორიალი იერუსალიმში - Sputnik საქართველო
იანუშ კორჩაკის მემორიალი იერუსალიმში

1942 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში გეტოში მოვიდა ბრძანება „ბავშვთა სახლის“ „დეპორტაციის“ შესახებ. ბავშვების გარდა ყველამ იცოდა, რას ნიშნავდა ამ შემთხვევაში ეს სიტყვა… ბავშვები და კორჩაკი ჩასვეს მატარებლის საბარგო ვაგონებში, რომელიც ტრემბლინკის საკონცეტრაციო ბანაკის მიმართულებით გაემგზავრა. ამ მომენტიდან ბოლო წუთამდე ყველაფრის თვითმხილველი ემანუელ რინგელბლუმი (რომელიც შემდეგ გერმანელებმა დახვრიტეს) წერდა, რომ კორჩაკს სულ ბოლო მომენტშიც შესთავაზეს ბავშვების დატოვება, მაგრამ…

„იდგა საშინელი სიცხე… იანუშმა დააყენა ბავშვები ოთხრიგად, მოჰკიდა ორ მათგანს ხელი და მარშით გაუძღვა წინ… გაზის კამერამდე… მას თავი ამაყად ჰქონდა აწეული და ის ისე მიდიოდა, რომ პოლიციელები უნებლიედ გაიჭიმნენ მის წინაშე და სამხედრო სალამიც კი მისცეს… ერთ-ერთმა მათგანმა გაკვირვებულმა მკითხა — „ეს კაცი ვინ არის?“ მე კი ვერ ვუპასუხე, იმიტომ რომ ვტიროდი…“

მეც ვტირი ახლა და, დარწმუნებული ვარ, თქვენც ვერ იკავებთ ცრემლებს… მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ გზა გაზის კამერამდე. ეს იყო გზა უკვდავებისკენ, რადგან სწორედ ასეთი ხალხი რომ არსებობდა – და, მადლობა ღმერთს, რომ დღესაც არსებობს და იარსებებს – ამიტომაც გადარჩა კაცობრიობა.

და ბოლოს მახსენდება კორჩაკის ერთი სასწაულად კეთილი რჩევა:

„ეცადეთ, ბავშვებმა არ გაგაღიზიანონ, არასდროს. მაშინაც კი, როდესაც კარზე ყოველ დაკაკუნებაზე მირბიან მის გასახსნელად და ფეხებში გედებიან. გახსოვდეთ, რომ ისინი ასე ფიქრობენ — იმ კარის უკან დგას უფროსი, რომელიც ვერ შემოვა, თუ პატარები არ დაეხმარებიან. შეაჩვიეთ ბავშვი სხვისი დახმარებით და მხარდაჭერით მიღებულ ბედნიერებას! ასწავლეთ ბავშვებს სიყვარული!“

გისურვებთ ლამაზ და წარმატებულ დღეს!

ყველა ახალი ამბავი
0