ტვისტი ალისა ფრეინდლიხთან, მაკკეინის საკანი და ქართველი რეჟისორის ცნობილი „სერენადა“

© თ. მალანიას პირადი არქივირეჟისორი თენგიზ მალანია, მეუღლესთან ლუდმილა მალანიასთან ერთად
რეჟისორი თენგიზ მალანია, მეუღლესთან ლუდმილა მალანიასთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც თვითონ ამბობს, მისი ცხოვრება ფილმის მსგავსად რომ შეეფასებინათ, ალბათ, ლირიკული ტრაგიკომედია უფრო იქნებოდა, თავად კი „ფილმის“ გმირია, რომელიც ყველა ტაბუს ანადგურებდა და ყოველთვის პიროვნული თავისუფლებისადმი სწრაფვით გამოირჩეოდა.

სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-სასცენარო ექსპერიმენტული ფაკულტეტის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულს ბედისწერამ საოცარ ადამიანებთან შეხვედრა და მეგობრობა არგუნა. საბჭოთა საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა დიპლომირებული კინორეჟისორი გახლდათ და პეტერბურგის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში იგი უშუალოდ გიორგი ტოვსტონოგოვმა მიიღო. არის 40-მდე სხვადასხვა ფილმის ავტორი, კინოაკადემიის წევრი და მისი სახელი და გვარი უდიდეს რუსულენოვან ენციკლოპედიაშია შესული. საკუთარი ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო, მე ვიტყოდი, დღეს უკვე ისტორიულ ამბებს ნიჭიერი რეჟისორი თენგიზ მალანია ინტერვიუში იხსენებს.

– ბატონო თენგიზ, სტუდენტობიდან დავიწყოთ. უნივერისტეტის ორი ფაკულტეტი გაქვთ დამთავრებული და ტელე-კინო-სასცენარო ექსპერიმენტულ ფაკულტეტზე ლექციებს ცნობილი ქართველი კორიფეები გიკითხავდნენ.

— დიახ, ჯერ იმას გეტყვით, რომ ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლის დროს პირველად უნივერსიტეტის ისტორიაში გაიხსნა ექსპერიმენტული ტელე-კინო-სასცენარო ფაკულტეტი, სადაც პირველივე ცდაზე ჩავირიცხე. ორ ფაკულტეტზე პარალელურად ერთად ვსწავლობდი. ჩემ ჯგუფში აღმოჩნდნენ გურამ პეტრიაშვილი და ჯემალ აჯიაშვილი, შემდგომში კი სხვა ცნობილი ადამიანებიც. ლექციებს ისეთი კორიფეები გვიკითხავდნენ, როგორებიც იყვნენ: კაკო ბაქრაძე, მიხეილ ჭიაურელი, ოთარ იოსელიანი, კინოსცენარისტი ამირან ჭიჭინაძე, გელა კანდელაკი, ოთარ სეფიაშვილი, ჭაბუას და, ნათია ამირეჯიბი და სხვ. ეს იყო დაუვიწყარი დრო ჩემ ცხოვრებაში…

– საქართველოში ორი ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში პირდაპირ გიორგი ტოვსტონოგოვთან მოხვდით…

— მე მქონდა ბედნიერება, რომ პეტერბურგის ამ ინსტიტუტის კინო-სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი ვყოფილიყავი. თანაც, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თეატრალური რეჟისორისა და პედაგოგის ჯგუფში აღმოვჩნდი. ეს იყო, როგორც თქვენ ახსენეთ, ლეგენდარული ადამიანი, დედით თბილისელი, გიორგი ტოვსტონოგოვი, რომელმაც ინსტიტუტში მართლა პირადად მიმიღო. შესაძლოა, ამის გამოც ჩემი სტუდენტობა მაშინდელ ლენინგრადში საინტერესოდ წარიმართა. ლენინგრადი იმხანად ე.წ. „საჩვენებელი'' ქალაქების რიგს განეკუთვნებოდა და მეზობელი ფინეთიდან მარაგდებოდა. თუმცა სურსათის მხრივ პრობლემები მაინც შეინიშნებოდა, რაც ჩვენზე, სტუდენტებზეც პირდაპირ აისახებოდა. საღამოს 8 საათზე ყველა მაღაზია იკეტებოდა და პურის ყიდვაც გაძნელებული იყო. არა და, სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, რეპეტიციები ხშირად ღამის 10 საათზე გვიმთავრდებოდა. რთული დრო იყო, მაგრამ ისეთ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა, რომ ეს ცხოვრებას მიიოლებდა და მილამაზებდა კიდეც…

– გავიგე, რომ საგამოცდო ეტიუდების დადგმაში, თურმე, თვით ალისა ფრეინდლიხი გეხმარებოდათ. როგორ გახსენდებათ მასთან შეხვედრა?

— ამ ამბავს ხშირად ვიხსენებ… მახსოვს, მისაღები გამოცდის დროს აბიტურიენტები ჯგუფებად დაგვყვეს და კონსულტანტებად მსახიობი ქალი და მამაკაცი გამოგვიყვეს. მათ უნდა აეხსნათ ჩვენთვის, როგორ მოგვემზადებინა ეტიუდი და საცეკვაო ნომერი, როგორ წაგვეკითხა ლექსი და ა.შ. ჩვენი კონსულტანტი ქალბატონი მხრებამდე ძლივს მწვდებოდა. ჩემზე ათიოდე წლით უფროსს დიდრონი, ლამაზი თვალები ჰქონდა. ის ამავე ინსტიტუტის წარჩინებული კურსდამთავრებული ალისა ფრეინდლიხი იყო… მისი სახელი და გვარი მაშინ პირველად გავიგე, რას წარმოვიდგენდი, რომ კარგა ხნის შემდეგ იგი, როგორც მე-20 საუკუნის თეატრისა და კინოს ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი, ხელოვნების ისტორიაში შევიდოდა. მან მკითხა: Вы, наверное, лезгинку будете танцевать?— მე ვიუკადრისე: Лазгинку пусть горцы танцуют, а я тбилисский парень, мой кумир — Чапи Чекер и я буду танцевать твист-მეთქი! მოკლედ, ისეთი ტვისტი გავახურეთ, რომ ხალხი გვერდით აუდიტორიებიდან მორბოდა…

© თ. მლანიას პირადი არქივიფრანგი კინორეჟისორი ფილიპ დე ბროკა, ფრანგი ვარსკვლავი კატრინ ალრიკი, თენგიზ მალანია და ფრანგი კინოპროდიუსერი
ფრანგი კინორეჟისორი ფილიპ დე ბროკა, ფრანგი ვარსკვლავი კატრინ ალრიკი, თენგიზ მალანია და ფრანგი კინოპროდიუსერი - Sputnik საქართველო
ფრანგი კინორეჟისორი ფილიპ დე ბროკა, ფრანგი ვარსკვლავი კატრინ ალრიკი, თენგიზ მალანია და ფრანგი კინოპროდიუსერი
 

– ბატონო თენგიზ, მისი რაიმე ნათქვამი, ან პროფესიული რჩევა ხომ არ დაგამახსოვრდათ?

— სხვათა შორის, ქალბატონმა ალისამ ერთი ფასდაუდებელი რჩევა მართლაც მომცა, თანაც, კონფედენციალურად… მან მითხრა: ლენინგრადი მოსკოვისგან განსხვავებული ქალაქია, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია პეტერბურგულ—არისტოკრატული დამოუკიდებელი სული და იგივე ჩვენ ინსტიტუტზეც ვრცელდება. ასე რომ, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო და შეგამჩნიონ, დახავსებულ ბოლშევიკურ შტამპებზე უარი თქვი! ეს განსაკუთრებით გაითვალისწინე კოლოკვიუმზე, ანუ პირველივე გასაუბრებაზე, სადაც შენ პირისპირ გრძელ მაგიდასთან ჭკუითა და ცოდნით გაძეძგილი ებრაელი გამომცდელები ისხდებიან. შეეცადე, რომ ისინი არაორდინარული აზროვნებითა და საგნების შენეული ხედვით დააინტერესო, თორემ ამ გასაუბრებაზე ''გლუპი'' აბიტურიენტების ''პაჩკობით'' დაფერთხვა ხდებაო. ალისა ფრეინდლიხის ამ რჩევა-შეგონების დღემდე მადლიერი ვარ… 

– ვიცი, რომ მსახიობ მიხეილ ბოიარსკისთან მეგობრობდით, სად და რა სიტუაციაში გაიცანით ის?

— მოგიყვებით როგორ დაიწყო ჩვენი მეგობრობა… ჩვენი ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს ერთი სავაჭრო დაწესებულება იყო, რომელსაც დიდი ასოებით РЮМОЧНАЯ ეწერა. მაშინ თბილისშიც არაფერი იშოვებოდა და ვიფიქრე, ახლადშექმნილი ოჯახისთვის ლამაზ „რიუმკებს“ შევიძენ-მეთქი. როცა კარი შევაღე, აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი, ფეხზე დასადგომი ''ზაკუსოჩნაია'' ყოფილა. დახლზე 5 სახეობის თევზის ბუტერბროდი იყო ჩამწკრივებული. ისე მშიოდა, რომ ხუთივე ბუტერბროდი მოვითხოვე. მაშინ ქართველებს ფულის პრობლემა სად გვქონდა?! გამყიდველმა მკითხა: Вы один?— На этот раз один — ვუპასუხე. თან ცნობისმოყვარეობა მკლავდა, რატომ მეკითხება-მეთქი. გოგონამ მხრები აიჩეჩა, ბუტერბროდების გასწვრივ 5 „რიუმკა“ ჩამოამწკრივა და მათი არყით შევსება დაიწყო. ალკოჰოლთან მთელი ცხოვრება მწყრალად ვარ, ამიტომ ვეუბნები — А я разве водку заказывал?— А мы только с водкой отпускаем бутерброды-ო მიპასუხა. ის-ის იყო, ამ ამბის გაპროტესტება დავიწყე, რომ კარი გაიღო და სამი ახალგაზრდა შემოვიდა. მათ თითო ბუტერბროდი მოითხოვეს. ერთ-ერთი მათგანი, ჩემი სიმაღლის, შავგვრემანი და ჩემსავით წვრილულვაშებიანი ახალგაზრდა მაშინვე მეცნო. ვეკითხები, შენ ის არა ხარ, გუშინწინ ინსტიტუტის სასწავლო თეატრის სცენაზე როკ-ანსამბლში რომ მღეროდი, მეც ბიტლომანი ვარ და კარგად დაგიმახსოვრე-მეთქი. კი, მე ვარ, თეატრალურში ვსწავლობ მუსკომედიის ფაკულტეტის მესამე კურსზეო, — მიპასუხა. როცა ვუთხარი, რომ წელს სარეჟისორო ფაკულტეტზე გიორგი ტოვსტონოგოვმა მიმიღო–მეთქი, მოწიწებით გამომიწოდა ხელი და დაამატა: მე მიშა ვარ, ბოიარსკი, ვგიჟდები ქართველებზე. სიამოვნებით დაგპატიჟებდი სახლში, მაგრამ 5 სული 6 კვადრატულ მეტრ ''კომუნალკაში“ ვცხოვრობთ, არც მაგიდა გვაქვს და არც სკამები რომ გაგიმასპინძლდე. არა და, დედაც და მამაც ცნობილი მსახიობები მყავსო. ჩემმა ახალმა მეგობრებმა ჩემთვის დასხმული ის 5 „რიუმკა“ არაყი რომ გადაყლურწეს, მერე კიდევ დავუმატეთ. ის დაწესებულება გვიან ღამით დავტოვე. სამაგიეროდ შევიძინე ისეთი მეგობარი, რომლის გარეშეც ქართველ სტუდენტებს მთელი სწავლის მანძილზე ''პური არ გაგვიტეხავს''… შემდეგ კინოსტუდიაში ბიჭები ასე ოხუნჯობდნენ: მიშა ბოიარსკი თენგიზამ გაალოთაო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მას შემდეგ მე და მიშას ერთმანეთთან კონტაქტი არ გაგვიწყვეტია. 

– თქვენ მუშაობდით თბილისის ახლად ჩამოყალიბებულ საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში, რომელიც თავისი ტრადიციებით გამოირჩეოდა. გაიხსენეთ გამორჩეული საავტორო ნამუშევრები და ფილმები…  

— სიამაყით გეტყვით, რომ 1975 წლიდან საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა დიპლომირებული კინორეჟისორი ვიყავი და სამუშაოდ გადავედი სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების კინოსტუდიაში, სადაც ჩემი დირექტორი და გზის გამკვლევი დიდი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გახდა. როდესაც რუსულენოვან საიტზე, სადაც უამრავი ფილმია წარმოდგენილი, მოულოდნელად წააწყდები წარწერას, რომელიც იუწყება, რომ უცხოელი კინომოყვარული „გთავაზობთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ქართულ ფილმს", ეს ფაქტი თქვენი მონა-მორჩილისთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან ამ ფილმის შექმნაში გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის. ეს არის ფილმი „სერენადა“. მისი გამოსვლისთანავე, რადგან სხვა არჩევანი არ ჰქონდა, საბჭოთა კინოს ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, შორეულ ავსტრალიაში დაგეგმილ სატელევიზიო ფილმების პირველ მსოფლიო კინოფესტივალზე სწორედ ამ ქართული ფილმით წარმდგარიყო. "სერენადა" ჩემთვის, როგორც რეჟისორის ასისტენტისთვის, ისევე, როგორც დამდგმელი რეჟისორის ქართლოს ხოტივარისთვის სადებიუტო ფილმი იყო. იმ დროს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, რომ საქართველოში გადაღებულმა სრულიად ევროპული ტიპის ფილმმა მსოფლიო მასშტაბის კინოფორუმზე გაიმარჯვა და შემდეგ მისი ტრიუმფალური სვლა თითქმის ყველა ქვეყნის ეკრანებზე გაგრძელდა. მოხდა ისე, რომ ჩემს მეტი ამ ფილმზე მომუშავე ადამიანებიდან ცოცხალი არავინ დარჩა… აქვე უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოგვარეს, მწერალს, კომპოზიტორსა და რეჟისორს, ბატონ კოტე მალანიას, რომელიც გვერდში დამიდგა და დამეხმარა, რათა "სერენადა" მაქსიმალურად პირვანდელი სახით, ქართულ და რუსულ ვარიანტებად აღგვედგინა. 48 წლის წინ გადაღებული ეს ფილმი დღესაც აბსოლუტურად თანამედროვე, ევროპულ ფილმად გამოიყურება…

© თ. მალანიას პირადი არქივიკინოფილმ "სერენადას''გადაღების შემდეგ: რეჟისორი ქართლოს ხოტივარი, მსახიობი ზოზო ბაქრაძე, მეორე რეჟისორი თენგიზ მალანია, კინოოპერატორი იური კიკაბიძე მეუღლითურთ და მსახიობები ლალი ხაბაზიშვილი და რამაზ გიორგობიანი.
კინოფილმ სერენადას''გადაღების შემდეგ:  რეჟისორი ქართლოს ხოტივარი, მსახიობი ზოზო ბაქრაძე,  მეორე რეჟისორი თენგიზ მალანია, კინოოპერატორი იური კიკაბიძე მეუღლითურთ და მსახიობები ლალი ხაბაზიშვილი და რამაზ გიორგობიანი. - Sputnik საქართველო
კინოფილმ "სერენადას''გადაღების შემდეგ: რეჟისორი ქართლოს ხოტივარი, მსახიობი ზოზო ბაქრაძე, მეორე რეჟისორი თენგიზ მალანია, კინოოპერატორი იური კიკაბიძე მეუღლითურთ და მსახიობები ლალი ხაბაზიშვილი და რამაზ გიორგობიანი.

– ბატონო თენგიზ, თქვენ კინოაკადემიის წევრი ბრძანდებით და უდიდეს რუსულენოვან ენციკლოპედიაში RuData.Ru ხართ შესული…

— ადრე კინოაკადემიას, მოგეხსენებათ, კინემატოგრაფისტთა კავშირი ერქვა და იქ მოხვედრას საქართველოში 100 წლის ლოდინი სჭირდებოდა. მე გამიმართლა, რომ კიევში, საკავშირო ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა ფორუმში ვმონაწილეობდი და, როგორც გამონაკლისი, კინოკავშირში საკავშირო კვოტით მოვხვდი. ეს იყო 1980 წელი. რაც შეეხება ენციკლოპედიას, ჯერ იმას გეტყვით, რომ ქართული ენციკლოპედია რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა და იქ, ვისაც კინოაპარატთან ახლოს გაუვლია, ყველას გვარია, ჩემი გვარის გარდა… ამიტომ იქ პროტესტის ნიშნად საბუთები არ წარვადგინე. მსოფლიო ენციკლოპედიაში ჩემი ყოფნა კი ლატვიელმა თანაკურსელმა შემთხვევით შემატყობინა და მომილოცა. ასე რომ, იქ, მსოფლიო კორიფეების კომპანიაში ჩემი მოკრძალებული პერსონით უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს… 

– გადაღებები ბევრ ქვეყანაში გქონდათ, მათგან საუკეთესო ფილმებს და დასამახსოვრებელ ეპიზოდებს ხომ ვერ გაიხსენებდით?

— 40-მდე ფილმის ავტორი ვარ. გადაღებები გვქონდა სხვადასხვა ქვეყანაში: ბულგარეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, მალტაზე, ესპანეთში, იტალიაში, ვიეტნამში, კამბოჯაში, ფილიპინებზე, ტაილანდში და ა.შ. ვმონაწილეობდი რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალში, მათ შორის ნიუ-იორკში. საქართველოდან ერთადერთი კინორეჟისორი ვარ, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის მემკვიდრესთან, ოპერატორ ნოდარ ფალიაშვილთან ერთად ვიეტნამსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში (მას შემდეგ, რაც იქიდან ამერიკელები წავიდნენ) 6 თვის განმავლობაში ვმოგზაურობდი. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ციხის იმ საკანში, რომელიც ჩვენ გადავიღეთ, თურმე, არც მეტი, არც ნაკლები, ის ამერიკელი მფრინავი იჯდა, რომელიც საბჭოთა მეზენიტემ ვიეტნამის დედაქალაქის თავზე როცა დაფრინავდა, მაშინ ჩამოაგდო. შემდგომში ის ცნობილი პოლიტიკოსი გახდა და მისი სახელი და გვარი ჯონ მაკკეინია!.. ასევე მინდა გავიხსენო ამბავი, როცა საიგონის ცნობილ სასტუმრო "მაჟესტიკში" ადგილობრივი ფეშენებელური რესტორნის ანსამბლს ქართული სიმღერა "ციცინათელა" შევასწავლე. სხვათა შორის, ის ვიეტნამურ ენაზე სრულდებოდა და დღესაც მათ რეპერტუარშია. მათ მიერ შესრულებული "ციცინათელა" საიგონში გადაღებული ჩემი ფილმისთვის საუკეთესო ფინალი აღმოჩნდა…

– ასეთი მრავალფეროვანი, საინტერესო ცხოვრება გქონდათ, თუ მას სიმბოლურად ფილმივით შეაფასებდით, რა ჟანრის ფილმი იქნებოდა?

— ჩემი ცხოვრება უფრო ლირიკული ტრაგიკომედიის ჟანრის ფილმი იქნებოდა… ყოველგვარი რელიგიური ფანატიკური პათოსის გარეშე ვიტყვი, რომ არსთა გამგები ყველაფერში მეხმარებოდა და ყველა ცხოვრებისეულ ოცნებას მისრულებდა. ეს ჩემს მოკრძალებულ კარიერასა და მოწესრიგებულ პირად ცხოვრებასაც ერთნაირად ეხება… საბჭოთა სინამდვილისთვის დამახასიათებელ აბსურდულ ტაბუებსა და აკრძალვებთან ბრძოლითა და კომედიური ეპიზოდებით შეზავებული ჩემი ცხოვრების „ფილმი“ თავისუფლებისადმი დაუოკებელი სწრაფვითაა გაჯერებული… უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი დღესაც არ დასრულებულა და, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება… 

ყველა ახალი ამბავი
0