28 ცოლი 22 ქმრის წინააღმდეგ...

CC0 / Pixabay / საქორწინო ცერემონია
საქორწინო ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, ამ ორშაბათ დილას, იმედია, არ დაგავიწყდათ ჩემი „ლამაზად და მხნედ გაღვიძების“ რეცეპტი და კარგ განწყობაზეც იმყოფებით, ანუ, მედგრად და შეუპოვრად ხვდებით ახალი სამუშაო კვირის დასაწყისს… 

ერთადერთი, რასაც გთხოვდით, არის ის, რომ არ გაგიკვირდეთ, თუ ჩვენი აივნიდან დღეს მენდელსონის ნაცნობი ჰანგები მოგესმათ და არ იფიქროთ, რომ, მაგალითად, გავთხოვდი… 

არა, მე, რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ასეთ ამბავს მოულოდნელად არ მოგახლით, აუცილებლად გაგაფრთხილებთ წინასწარ…

დღეს კი ჩვენი აივნის სტუმარია საოცარი წყვილი, ცოლი და ქმარი, რომლებიც გინესის რეკორდების წიგნში არიან შეყვანილი როგორც სათითაოდ, ასევე ერთად!

ესენი არიან კალიფორნიის შტატის მცხოვრები გლინ ვულფი და მისი მეუღლე, ინდიანას შტატის მკვიდრი ლინდა ლუ ტეილორი… გარეგნულად, საკმაოდ სასიამოვნო მოხუცები ბრძანდებიან და, როგორც იტყვიან, გუგულებივით შესციცინებენ თვალებში ერთმანეთს.

ზუსტად ამ დღეს კი, 1994 წლის 27 ივნისს გლინ ვულფმა ცოლად მოიყვანა მასზე 56 წლით უმცროსი ფილიპინელი ქალბატონი კრისტინ კამაჩო, რომელიც მისთვის გახდა რიგით 28-ე მეუღლე, თანაც, აბსოლუტურად ოფიციალური!

ახლა მკითხეთ, მაშინ რატომ არ დავპატიჟე კრისტინა და დავპატიჟე ლინდა, თანაც მასაც რატომ აცვია საქორწინო კაბა?

გაგიკვირდებათ და, ლინდამ, რამდენიმეწლიანი დაუცხრომელი ძალისხმევის შედეგად, იმას მიაღწია, რომ ფილიპინელ კრისტინას მეუღლე წაართვა და თავად გახდა გლინის უკვე 29-ე და ბოლო ცოლი… თუმცა მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, რომ თავად ქალბატონი ლინდასთვის გლინი 23-ე ქმარი გახდა…

ახლა კი სხვა თვალით შეხედეთ ამ „გუგულებს“ — ერთმა 28 ცოლი მოიტოვა უკან, მეორემ — 22 ქმარი…

ამაზეა ნათქვამი: ზეცამ აპოვნინათ ერთმანეთიო…

© Flickr / Leland Franciscoსაქორწინო ცერემონია
საქორწინო ცერემონია - Sputnik საქართველო
საქორწინო ცერემონია

მათ განვლილ წლებს რომ გადახედოთ, ბევრ საერთოს ნახავთ…

გლინი პირველად 19 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება 7 წელი გაგრძელდა, ყველაზე მოკლე კი 36 საათი…

ლინდა პირველად 16 წლის ასაკში გათხოვდა (ქალია და გლინს ამაში რომ აჯობა, ეპატიება). მისი, ისევე როგორც გლინის, ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება ასევე 7 წელი გრძელდებოდა და, ზუსტად გლინივით, ერთ-ერთ მეუღლეს 36 საათში დაემშვიდობა…

აღსანიშნვია, რომ გლინის გარდაცვალების შემდეგ ლინდამ გამოსცა თავისი მოგონებების წიგნი და განაცხადა, რომ ის სიამოვნებით გათხოვდებოდა კიდევ ერთხელ (სიტყვა „ერთხელ“, რა თქმა უნდა, მე დავამატე), მაგრამ გლინს დაპირდა, რომ ბოლომდე უერთგულებდა… მე კი ერთი რამ მაკვირვებს: ელიზაბეტ ტეილორი, მაგალითად, ამბობდა (მის გულწრფელობაში კი ეჭვი არასდროს შემპარვია), რომ ყოველთვის ერეოდა ერთმანეთში მე-3 და მე-4 მეუღლეები… საოცარია, გლენი და ლინდა როგორ იმახსოვრებდნენ ამდენს?

სხვათა შორის, ზოგიერთი თვლის, რომ მამაკაცი, რომელსაც ბევრი ოფიციალური მეუღლე ჰყავდა, სინამდვილეში ძალიან წესიერია, რადგან „ვისთანაც გაიარა, ყველა ცოლად მოიყვანა“… ამ ლოგიკით ჩვენი გლენი მთლად „წმინდანია“ – რამდენსაც შეხედა, ყველა საქორწინოდ გააქანა…

ამ თემასთან დაკავშირებით ერთი ისტორია გამახსენდა, როდესაც თავად ჩავვარდი უხერხულ მდგომარეობაში: მეორედ რომ გავთხოვდი, ჩემმა მეუღლემ თავისი პირველი ცოლი გამაცნო, რადგან არაჩვეულებრივი შვილი ჰყავდა იმ საოცრად კარგ ქალბატონთან და ჩავთვალეთ, რომ ცივილიზებულად უნდა მივდგომოდით საკითხს, რათა ბავშვი ნორმალურ სიტუაციაში  გაზრდილიყო… ამ დროს კი ის ქალბატონი მეორედ გათხოვდა. ცოტა ხანში ჩემი მეორე მეუღლის შვილის დაბადების დღე იყო და მისმა ყოფილმა მეუღლემ დამპატიჟა. მეც ჩემ შვილთან ერთად მივედი… უკვე გვიანი იყო, უკან რომ ვბრუნდებოდით და მისმა ახალმა მეუღლემ გამოგვაცილა. მოვდივართ და უცებ ისეთი სიცილი ამიტყდა…  

წარმოვიდგინე, ახლა ვინმე რომ შემხვდეს და მკითხოს ამ კაცზე, ვინ არისო, და რა მოუვა, როდესაც მე სრულ სიმართლეს მოვახსენებ — „ჩემი მეორე ქმრის პირველი ცოლის მეორე ქმარია“…

ამიტომაც, ასეთ „არეულობებს“ თავი რომ ავარიდოთ, სჯობს ერთხელ გავთხოვდეთ და ცოლიც ერთხელ მოვიყვანოთ… ადამიანურად… მით უმეტეს, რომ სინამდვილეში ყველა ქალი და მამაკაცი ღრმად გულში ოცნებობს, რომ უყვარდეს ერთხელ და მთელი ცხოვრების განმავლობაში… 

ამიტომაც გადავშლი ჩვენი გინესის წიგნს შემდეგ გვერდზე და სასიამოვნო ინფორმაციებით დავასრულებ. მაგალითად, გაგიმხელთ, რომ:

ყველაზე ხანგრძლივი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ ინგლისელ სერ თემულჯისა და ლედი ნარიმანს. ის 87 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ისინი ერთმანეთის გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებდნენ…

ისტორიაში ყველაზე ძვირი საქორწინო ტორტი 20 მილიონი დოლარი დაჯდა, რადგან ის შოკოლდის ნაფცქვენების ნაცვლად ნადვილი ბრილიანტებით იყო მოფენილი და შექმნეს Beverly Hills-ის საკონდიტრო ქსელში…

ხოლო მსოფლიოში ყველაზე დიდი საქორწინო თაიგული კატარის პრინცის ქორწილისთვის დამზადდა. მისი ფართობი 800 კვ. მეტრი იყო და მან მთელი სანაპირო დაფარა. თანაც ეს თაიგული დაწნული იყო იშვიათი ჯიშისა და ფერების ვარდებისგან, რომლებიც საგანგებოდ ეკვადორიდან და ტაილანდიდან ჩამოიტანეს…

აი, ასეთ ამაღლებულ და ლამაზ ნოტზე დაგემშვიდობებით და… 

გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დღეს და კვირას!

ლელა ანჯაფარიძე

 

ყველა ახალი ამბავი
0