მატარებლიდან როცა ვარდები... ზოგჯერ ხდება რომ... იასამნდები...

© www.ladocumentationfrancaise.frპოლ დეშინელი საფრანგეთის პრეზიდენტი 1920 წელს
პოლ დეშინელი საფრანგეთის პრეზიდენტი 1920 წელს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს პირველად ვნანობ, თან სერიოზულად და გულთან ახლოს მიტანით, რომ საერთოდ არაფერი გამეგება მებაღეობისა და მეყვავილეობის ხელოვნებაში… ამიტომაც ამხელა აივანზე ერთი კინკილა ბროწეულის ხეა მიყრდნობილი. კიდევ, მართალია, სიგანეში და სიგრძეში გასული, მაგრამ მაინც ერთი ვაზია, ხოლო ძველი მიწით სავსე ქოთანში ყოველგვარი მოვლის გარეშე დაუღლელად ხარობს დანდური. შესაბამისად, მეც მასთან ერთად, რადგან ძალიან მიყვარს…
ისე კი, დღეს ჩვენს აივანს ნამდვილად დაამშვენებდა იასამნის ბუჩქი, თანაც პოლ დეშინელის ჯიშის… და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ ზუსტად ამ დღეს, 1920 წლის 24 მაისს ადგილი ჰქონდა მოვლენას, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტი პოლ დეშინელი შევიდა მსოფლიო ისტორიაში… არა, ის ამ დღეს არც დაიბადა, არც გაპრეზიდენტდა, არც ომი მოუგია… ის უბრალოდ… მატარებლიდან გადმოვარდა! უცნაურია ეს წუთისოფელი – დღეს დეშინელის სხვა წარმატების, პოლიტიკური კარიერის და ადამიანური თვისებების შესახებ ბევრს არც სმენია, ხოლო მისი „მატარებლის ისტორია“ ნებისმიერმა ფრანგმა იცის.
სინამდვილეში კი პრეზიდენტს, რომელიც მატარებლის ღია კართან მივიდა, თავბრუ დაეხვა და წონასწორობა დაკარგა… წარმოიდგინეთ მისი დაცვის წევრების მდგომარეობა, როდესაც მათ აღმოაჩინეს, რომ პრეზიდენტი სრული სისწრაფით მოძრავი მატარებლიდან გაქრა…  
ცოტა ხანში კი ქალაქ მონტარჟის სარკინიგზო სადგურზე გამოჩნდა 65 წლის ტალახში ამოსვრილი კაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი იყო… რა თქმა უნდა, მას არ დაუჯერეს, ვერც იცნეს, რადგან მაშინ არც ტელევიზია იყო, არც ინტერნეტი და სახეზე პრეზიდენტს ცოტა ვინმე თუ იცნობდა. ის დააკავეს და პოლიციის უბანში გადაიყვანეს… ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი ტელეგრაფის მეშვეობით იპოვეს, მაგრამ ამ ინცინდენტის შესახებ გაიგო პრესამ, რომელმაც არ დაიშურა უკბილო ხუმრობები და პარალელებიც კი გაავლო დეშინელის ყოფილ მთავარ კონკურენტთან საპრეზიდენტო ბრძოლაში ჟორჟ კლემანსოსთან, რომელიც, როგორც ცნობილია, არჩევნების შემდეგ ფსიქიურად დაავადდა… ეს ყველაფერი ემოციური დეშინელისთვის აუტანელი აღმოჩნდა და მან თავისი ნებით დატოვა პრეზიდენტის პოსტი…
ამბობენ, რომ დეშინელი გამოირჩეოდა განათლებით, ინტელიგენტობით, საოცარი კეთილშობილებითა და მიმტევებლობით. ის იყო საფრანგეთის ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის მმართველობისას არც ერთი ადამიანი სიკვდილით არ დაუსჯიათ.
ალბათ სწორედ ამიტომ პოლ დეშინელის სახელი შეარქვეს ისეთ მშვენიერ, სუფთა და მშვიდ ყვავილს, როგორიც იასამანია…   
სხვათა შორის, მცენარეებისთვის ცნობილი ადამიანების სახელების მინიჭება არც თუ ისეთი იშვიათობაა…
აფრიკაში იზრდება საოცრად ლამაზი ხე „ნაპოლეონი“, რომელსაც ეს სახელი ნაპოლეონ I საპატივსაცემოდ შეარქვეს… ნაპოლეონ ბონაპარტის მეუღლის ჟოზეფინა დე ლა პაჟერის სახელი ჰქვია „ლაპაჟერიას“, რომელიც  ანდებში ხარობს… ახალ ზელანდიაში შეხვდებით ულამაზეს „არისტოტელიას“, რომელსაც პატარა წითელი გულის ფორმის ყვავილები ამკობს და მისგან უგემრიელეს ლიქიორს ამზადებენ… “ჰერბერამ“ თავისი სახელი  გერმანელი ბოტანიკოსის ჰერბერ თრაუგოტის საპატივსაცემად მიიღო, „მაგნოლია“ ფრანგ ბოტანიკოს პიერ მანიოლს უნდა უმადლოდეს, ხოლო მოსკოვის დიდი თეატრის წინ იზრდება გალინა ულანოვას სახელობის თეთრი ტიტები… 
ძალიან მომწონს დამკვიდრებული ლამაზი ტრადიცია, რომლის მიხედვით, ვარდების ახლადგამოყვანილ ჯიშებს ანიჭენებ კინოვარსკვლავების სახელებს. მაგალითად, „ჯინა ლოლობრიჯიდა“ ყვითელი ფერის ვარდია, რომლის გარე ფურცლები ოქროსფერია; „მერლინ მონრო“ — ბაცი ატმისფერი უნაზესი ვარდია; „ბარბარა სტრეიზანდს“ ორიგინალური, ლავანდის ფერი და ციტრუსის არომატი დაჰკრავს; „ოდრი ჰეპბერნი“ კი  ვაშლისფერი, ძალიან თხელი და დახვეწილია…
მაგრამ  ყველაზე საოცარი ვარდი ლუი დე ფიუნესს მიუძღვნეს. ის მართლაც წარმოუდგენლად ჰგავს ფრანგ კომიკოსს — ცოტა გაჩეჩილია, ოდნავ არეული და ძალიან მხიარული!
თქვენც გისურვებთ მხიარულ და ბედნიერ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0