პრემიერი: საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის სტანდარტებისკენ სწრაფვას

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და დონალდ ტუსკი
გიორგი კვირიკაშვილი და დონალდ ტუსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელი დაარწმუნა, რომ საქართველო მზადაა, გააგრძელოს რეფორმები და გააძლიეროს ევროკავშირთან თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს რეფორმების გატარებას, რათა ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში.

ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2014 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

„ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულება უცვლელია — გავაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს მივუახლოვოთ. მოუთმენლად ველით ასოცირების დღის წესრიგის განახლებულ ვარიანტს, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველო მზადაა, გააძლიეროს თანამშრომლობა ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში, აღნიშნა პრემიერმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარესთან დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ტუსკი, კვირიკაშვილი, მოგერინი, ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ტუსკი: საქართველო იმსახურებს ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის სწრაფ გაუქმებას

„მე უდიდეს შეფასებას ვაძლევ საქართველოს ამბიციური რეფორმების გეგმას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებას, რომელიც ემსახურება საქართველოს კეთილდღეობას და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას. ევროკავშირი მომავალშიც გაგიწევთ დახმარებას ამ პროცესში“, — აღნიშნა ტუსკმა.

ბრიუსელში პარასკევს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა გაიმართება, რომელზეც 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის განხილვა იგეგმება. დოკუმენტი საქართველოში მომავალი რეფორმებისთვის თავისებური გზამკვლევი გახდება.

ევროკავშირმა 29 ნოემბერს გამოაქვეყნა „ასოცირების შესრულების ანგარიში“, რომელიც 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დოკუმენტის თანახმად, ევროპული სტრუქტურები საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს პოზიტიურად აფასებენ.

ევროკავშირის დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, კერძოდ, ტერორიზმთან და იარაღით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლაში.

ყველა ახალი ამბავი
0