22:09 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ტუსკი, კვირიკაშვილი, მოგერინი, ჯანელიძე

ტუსკი: საქართველო იმსახურებს ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის სწრაფ გაუქმებას

© FB/Георгий Квирикашвили
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
28 0 0

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით გადაწყვეტილების არარსებობა ევროკავშირის შიდა პრობლემაა, აცხადებს ტუსკი.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის მხრიდან დროულ გადაწყვეტილებებს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. აღნიშნული განცხადება ტუსკმა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ყველა წევრმა-ქვეყანამ (ევროკავშირის, რედ.) დაადასტურა, რომ საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა. ახლა ჩვენ  ამ საკითხზე თავად ევროკავშირში ვმუშაობთ, რათა სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით — ეს ჩვენი შიდა პრობლემაა“, — ციტირებს სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტუსკის განცხადებას.

მისი სიტყვებით, „საქართველო იმსახურებს ამ პროცესის დროულად და წარმატებით დასრულებას“. 

2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

მანამდე, 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ მოხსენებაში აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.

საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე 2016 წლის ზაფხულში დააწესებდა, თუმცა, ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ მაშინ გერმანია, საფრანგეთი და იტალია წავიდნენ. მოგვიანებით კი ამ ქვეყნებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მხარდაჭერა ღიად დააფიქსირეს.

ამ ეტაპზე პროცედურებით გათვალისწინებულია ევროკავშირის პარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკებების დაწყება. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მხარეებმა უნდა შეათანხმონ და მოამზადონ რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტი. ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო შემდეგ დაამტკიცონ ევროკავშირის საბჭოში.

თუ ევროპარლამენტარები მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 180 დღის მანძილზე 90 დღე უვიზოდ დაჰყონ შენგენის ზონაში. 

 

 

მთავარი თემები