01:48 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ევროკავშირის დროშა

"ასოცირების შესრულების თაობაზე ანგარიში" - ევროკავშირი პროგრესით კმაყოფილია

© Fotolia/ Grecaud Paul
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
3401

ევროკავშირმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის ნოემბრამდე პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები გააძლიერა.

თბილისი, 29 ნოემბერი— Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირთან ასოცირების შესრულების შესახებ ევროკავშირის ანგარიშს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიში ასახავს 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდს. დოკუმენტის თანახმად, ევროპული სტრუქტურები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებენ.

"საგულისხმოა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში პირველად გამოიცა სახელწოდებით "ასოცირების განხორციელების/შესრულების ანგარიში", რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების თვისობრივად ახალ, კერძოდ, ეკონომიკური ინტეგრაციისა და  პოლიტიკური ასოცირების ეტაპზე გადასვლის გათვალისწინებით",- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდშო საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა დემოკრატია, განამტკიცა კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა, გააძლიერა ადამიანთა უფლებების დაცვა, უზრუნველყო მასმედიის თავისუფლება.

გარდა ამისა, დადებითად შეფასდა ხელისუფლების ძალისხმევა, მიმართული სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარებაზე.

"მიღწეული პროგრესი მტკიცე საფუძველს ქმნის შემდგომი წარმატებებისთვის, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ინტერესშია. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სარგებელი სრულად გახდეს ხელმისაწვდომი მოსახლეობისათვის", — აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად მოკავშირეს უსაფრთხოების ხელშეწყობის სფეროში, კერძოდ  ტერორიზმისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ევროკავშირის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია ცალსახად უსვამს ხაზს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

ევროპული სტრუქტურები ხაზს უსვამენ, რომ საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე 2016 წლის ზაფხულში დააწესებდა, თუმცა, ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილების მიღებას მაშინ გერმანია, საფრანგეთი და იტალია შეეწინააღმდეგნენ. მოგვიანებით კი ამ ქვეყნებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მხარდაჭერა ღიად დააფიქსირეს.

თუ ევროპარლამენტარები მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 180 დღის მანძილზე 90 დღე უვიზოდ დაჰყონ შენგენის ზონაში. 2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

მთავარი თემები