თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის“ მერვე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის განვითარების პროცესში სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონფერენციას ესწრებოდნენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სამოქალაქო სექტორისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ფორუმი ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა გახსნა.
„სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ყველა იმ ფუნდამენტური მიზნის მიღწევისთვის, რაც გააჩნია ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას — ეს არის რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა“, — განაცხადა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღის წესრიგის შესრულების პროცესში.
ევროკავშირის პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მიმართულია ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი) ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. აქედან სამმა სახელმწიფომ (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა) 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოებას ვარაუდობს.