16:11 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ზურაბ აბაშიძე

აბაშიძე და კარასინი საზღვარზე ტვირთის მონიტორინგზე შეთანხმებას განიხილავენ

პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
23 0 0

ზურაბ აბაშიძემ ის თემები დაასახელა, რომელთა განხილვასაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში გეგმავს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრაღაში საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის შეთანხმებაზე იმსჯელებენ.

ორმხრივ შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ საქართველომ და რუსეთმა ხელი 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში მოაწერეს. მხარეები მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც საერთაშორისო მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემისგან შედგება.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც უმთავრესად განიხილავს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, სატრანსპორტო პრობლემებს, ჰუმანიტარულ თემებს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საკითხები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის გაფორმებული შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის შესახებ“, — განაცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შეხვედრის დაწყებამდე სატელეფონო ჩართვისას.

მან ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება ქართველი რეჟისორების ფილმების გადმოცემის პროცესი, რომლებიც რუსეთის არქივებში ინახება.

უფრო ადრე აბაშიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივების საკითხის განხილვაც იგეგმება.

საქართველო–რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგზე შეთანხმების პირობების შესახებ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობა და შვეიცარიული კომპანია SGS აწარმოებდნენ.

SGS–ის საქმიანობა არა საბაჟო პროცედურები, არამედ რუსეთში შესული და რუსეთიდან გასული ტვირთების შესახებ ინფორმაციის წარდგენა იქნება. კომპანიამ უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი რუსეთ–საქართველოს საზღვარზე, მათ შორის ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად საზღვრის მონაკვეთებზე – მდინარე ფსოუსა (აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვარი) და როკის გვირაბზე (ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვარი).

2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრების ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს.

მთავარი თემები