16:15 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
არჩევნები საქართველოში

პოლიტიკოსებმა ოპოზიციონერი აქტივისტების მოწოდებაზე კომენტარები გააკეთეს

© Sputnik / Levan Avlabreli
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
19 0 0

გიორგი ვაშაძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელმა ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიეღო, ამიტომ ის არ აპირებს შეუერთდეს სამოქალაქო აქტივისტების მოწოდებას.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ პროდასავლური ძალაა, რომელიც მოსახლეობის ნდობას გაამართლებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ასეთი კომენტარი გააკეთა ხადურმა სამოქალაქო აქტივისტების მოწოდების პასუხად, რომლებმაც საქართველოს პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართეს თხოვნით, არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციურ ძალებს დაუჭირონ, რითიც „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში შეუშლიან ხელს.

„არავის დედამიწის ზურგზე, გარდა იმისა, ვისაც არ უნდა ეს დაინახოს, ეჭვი არ ეპარება „ქართული ოცნების“ პროდასავლურობაში. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, საქართველოს მოსახლეობა არის ბრძენი, მათ ნდობა უკვე გამოუცხადეს „ქართულ ოცნებას“. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში ღირსეულად გაართმევს ამ ნდობას თავს“, — განაცხადა ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მოწოდების რეალური მიზანი — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაა.

„მთავარი მიზანი, რასაკვირველია, ის არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირონ მხარი და ეს განცხადება მეორე ტურში ძალების მობილიზაციას ითვალისწინებს და არა იმ საშიშროებას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელ მსოფლიოს დაანახა – აიღოს ძალაუფლება და გამოიყენოს ეს იმისთვის, რათა კონსტიტუცია მოირგოს საკუთარ თავზე. ასეთი რამ საქართველოში აღარ გამეორდება, განსაკუთრებით პასუხისმგებელი ვარ იმ პერიოდზე, სადაც „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში“, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში კარგი შედეგი მანიპულაციების შედეგად აჩვენა და ახლა შეეცდებიან, იგივე გაიმეორონ მეორე ტურშიც.

„პირველ ტურში ასეთ შედეგს „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია მნიშვნელოვანი მანიპულაციებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დამორჩილებით. იგივე მცდელობა მას ექნება მეორე ტურშიც, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით გაცილებით უფრო მეტად მობილიზებულები“, — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

რაც შეეხება „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს გიორგი ვაშაძეს, ის არ აპირებს შეუერთდეს სამოქალაქო აქტივისტების მოწოდებას.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შემდგარი ფაქტია თითქმის და, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს საფრთხეა ქვეყნისთვის და თავად „ქართული ოცნებისთვის“, თუმცა ნამდვილად არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას, იმიტომ რომ აზრს ვერ ვხედავ ამაში“, — აღნიშნა ვაშაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელმა ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიეღო.

მთავარი თემები