16:09 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
პრეზიდენტის სასახლე

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობაზე

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
17 0 0

გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ერთმანდატიან ოლქებში გამჭვირვალედ, მშვიდობიანად და სამართლიანად ჩატარდება.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს, განაცხადა პრეზიდენტის სპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართა. იმის გამო, რომ ერთმანდატიანი ოლქების უმეტესობაში (73-დან 50-ში) ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმის მიღება ვერ შეძლო, ამ ოლქებში მეორე ტური დაინიშნა, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს გაიმართება.

„პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება გამჭვირვალედ, მშვიდობიანად და სამართლიანად, ყველა იმ ხარვეზის გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი ტურის დროს რამდენიმე ოლქში. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს საჩივრების განხილვის პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი იყოს გამოძიებული“, — განაცხადა მიშველაძემ.

მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გაეცეს ყველა ეჭვსა და კითხვას, რაც გაჩნდა სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ხმის დათვლის პროცესთან დაკავშირებით. საქმის სიცხადეში პასუხისმგებელი, პირველ რიგში, ცენტრალური საარჩევნო კომისიაა, აღნიშნა მან.

„შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დროულად გამოქვეყნდეს ყველა ოფიციალური მონაცემი, მათ შორის, ბათილი ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებით, იმისთვის, რათა დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია არჩევნების პროცესის ანალიზისთვის“, — განაცხადა მიშველაძემ.

არასაკმარისმა ინფორმაციამ ამ მნიშვნელოვანი არჩევნების სამართლიანობასა და ობიექტურობას ჩრდილი არ უნდა მიაყენოს, აღნიშნა პრეზიდენტის სპიკერმა.

არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს „ლეიბორისტებმა“ და ბურჯანაძის „დემოკრატიულმა მოძრაობამ“. ისინი ბიულეტენების ხელახლა დათვლას მოითხოვენ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 67 ადგილი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ — 27, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ – 6.

მთავარი თემები