ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო გემი შემოვიდა

გამოწერა
Mount Whitney საქართველოში ხმელთაშუა ზღვაში წვრთნების შემდეგ შემოვიდა. გემის პორტში ყოფნის პერიოდში ეკიპაჟი საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობა.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ფლაგმანი გემი Mount Whitney ბათუმის პორტში შემოვიდა.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული გემის შესვლა დაგეგმილია და მიმართულია ზღვაში უსაფრთხოების, სტაბილურობის ამაღლებისა და აშშ-ის მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების გამტკიცებისკენ, აღნიშნულია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„Mount Whitney-ს ეკიპაჟი ძალზე მოხარულია ბათუმში, საქართველოში ყოფნის გამო ხმელთაშუა და შავ ზღვებში ცურვის, წვრთნებისა და მუშაობის შემდეგ. ჩვენ ასევე გავეცნობით ქართველის ხალხის კულტურასა და ტრადიციებს“, — განაცხადა გემის კაპიტანმა კარლოს სარდიელომ.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
ბათუმში კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის საკითხს განიხილავენ

სამხედრო გემის დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბელინერი.

ფლაგმანი ხომალდი Mount Whitney ექსპლუატაციაში 1971 წელს შევიდა. მას უიტნის მთის სახელი ეწოდა, რომელიც კალიფორნიაში უმაღლესი წერტილია. 2005 წლიდან დღემდე Mount Whitney იტალიის საპორტო ქალაქ გაეტაშია ბაზირებული.

მეექვსე ფლოტი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპის სარდლობას ემორჩილება. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპული კონტინგენტი, თავის მხრივ, აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპული სარდლობის სამხედრო ოპერაციების სრული სპექტრის შემადგენელი ნაწილია. ის საერთაშორისო პარტნიორებთან დაუბრკოლებლად გადაადგილებასა და თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0