მასმედია: ენმ-ის წარმომადგენელი ავტომობილით „ქართული ოცნების“ კოორდინატორს დაეჯახა

© photo: Sputnik / Alexander imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ უარყოფენ, რომ გია ჩიტიშვილი, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელს დაეჯახა, მათი პარტიის წევრია და ამ ვითარებას პროვოკაციას უწოდებენ.

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. მცხეთის გამგეობის თანამშრომელი გია ჩიტიშვილი  სოფელ წეროვანში ავტომობილით „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ კოორდინატორს ზეინაბ მეტრეველს დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. მეტრეველი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები მომხდარში პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. „ქართულ ოცნებაში“ ირწმუნებიან, რომ ჩიტიშვილი ენმ-იდან პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის ნათესავია.

თბილისი - Sputnik საქართველო
კობახიძე: სააკაშვილის პარტია საქართველოში დესტაბილიზაციის ფონს ქმნის

„ქართული ოცნების“ წევრი ამომრჩევლებს ხვდებოდა. მასთან მანქანით ვინმე ჩიტიშვილი — „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წარმომადგენელი, გამგეობის წევრი მივიდა, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელის ნათესავია. მან ჰკითხა ქალს, რატომ იყო შეხვედრაზე. ამის მერე მან მანქანა უკან დახია, შემდეგ კი ქალს წინიდან დაეჯახა“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძემ.

ჩიტიშვილი პოლიციაში უკვე დაკითხეს და მალე გაათავისუფლეს. ის თავად ამ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ არ იცოდა, რომ მეტრეველი „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

„მოპირდაპირე მხარეს მანქანა მოდიოდა, შევანელე სვლა. მან არ გაიწია. ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო. შეჯახება არ ყოფილა. მანქანა შეეხო მას. მაშინვე ვკითხე, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა. პრეტენზიები არ გამოუთქვამს“, — განუცხადა ჟურნალისტებს გია ჩიტიშვილმა.

ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
"ქართულმა ოცნებამ" ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გაასაჯაროვა

დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს ცეზარ ჩოჩელიც, რომელიც იმავე რეგიონში იყრის კენჭს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.

საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სამსახურში განუცხადეს, რომ ჩიტიშვილი მათი პარტიის წევრი არ არის.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსსკ-ის მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება“. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით ან ოთხ წლამდე ვადით  პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0