საქართველოს პრემიერმა გაეროში ლტოლვილების პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა

© courtesy of Georgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული პრობლემებისა, საქართველომ სხვადასხვა ქვეყნიდან 4 ათასზე მეტი თავშესაფრის მძებნელი მიიღო.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოში მასობრივი მიგრაციისა და იძულებითი გადაადგილებულთა პრობლემის გადაჭრის სავალდებულო პირობაა, რომ არ დავუშვათ კონფლიქტების გამწვავება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას.

მაღალი რანგის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. ის მსოფლიოში ლტოლვილებისა და მიგრანტების პრობლემას მიეძღვნა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

„ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ უფრო პრევენციაზე, ვიდრე რეაგირებაზე, ანუ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტების გამძაფრება და იძულებით გადაადგილების შემდგომი მოზღვავება. აქ კი მთავარი კითხვაა — საიდან დავიწყოთ? კონფლიქტების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

თუ ყველა მხარე დაიცავს კანონებსა და ზედმიწევნით შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მაშინ მსოფლიოში ნაკლები კრიზისული ვითარებები იქნება, რაც მილიონობით ადამიანს გადაარჩენს ტრაგედიისგან, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი გამოსვლის ტექსტი მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული. 

მან აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე მიიღო თავშესაფრის 4 000-ზე მეტი მაძიებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომელთა შორისაა — უკრაინა, ერაყი, სირია, ეგვიპტე და სომალი. ქართული უნივერსიტეტები იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობენ.

„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ განათლების სფეროში დახმარების მიწოდებას დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ჩათვლით, რომლებსაც აქვთ ამ ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრობლემებზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
სახელმწიფო იძულებით გადაადგილებულთა ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს კვლავ გადასცემს

„საქართველო საკმაოდ პატარა ქვეყანაა და ჩვენც გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მაგრამ ჩვენ მომავალშიც შევიტანთ წვლილს საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია მიგრანტებისა და ლტოლვილების მასობრივი გადაადგილების მართვისკენ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემებს საქართველო თავის თავზე განიცდის.

„დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა სულ ოთხ მილიონს შეადგენს… მათი შინ დაბრუნების პერსპექტივა არცთუ ისე იმედისმომცემია“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ეთნიკური ქართველები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისკრიმინაციას ყოველდღე განიცდიან.

„უბრალოდ დაუშვებელია ამაზე და მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებზე თვალის დახუჭვა“, — დაასკვნა კვირიკაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0