თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველო რუსეთთან ნორმალური და მშვიდობიანი ურთიერთობების გარეშე სტაბილურად ვერ განვითარდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში, ბათუმელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საპასუხოდ გაწყვიტა. ახალი ხელისუფლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ასახელებს.
„საქართველოში სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ ჩვენ არ გვექნება ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთთან. ეს აუცილებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ან სუვერენიტეტის ხარჯზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.