თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, რომელმაც დღეს ოფიციალურად დატოვა თანამდებობა, უწყების თანამშრომლებს დაემშვიდობა.
თინათინ ხიდაშელმა თანამდებობა დატოვა, რათა აქტიურად ჩაერთოს „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო კამპანიაში. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლის შემდეგ მიიღეს, რომლის ერთ-ერთი წევრი „რესპუბლიკური პარტია“ იყო.
„საკმაოდ მძიმე წელი იყო, პრობლემებით და წინააღმდეგობებით დატვირთული. სწორედ, ასეთია ჩვენი ქვეყანაც — მშვენიერი, ძლიერი, საინტერესო, მაგრამ, პრობლემებით და წინააღმდეგობებით სავსე. იმედი მაქვს, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ ერთად გაწეული შრომის შედეგად, შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო მცირედით მაინც უკეთესია, ცოტა მეტად მაინც გაძლიერდა და განვითარების მეტი პერსპექტივა გაუჩნდა“, — აღნიშნულია ხიდაშელის განცხადებაში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „ფეისბუქის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.
მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება, დაწერა ხიდაშელმა.
ვინ გახდება თავდაცვის ახალი მინისტრი, ჯერჯერობით უცნობია. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ კონსულტაციებს მართავს. უწყებების ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე მინისტრის მოვალეობას პირველი მოადგილე — დავით ებრალიძე შეასრულებს.
ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს სათავეში 2015 წლის 1 მაისს ჩაუდგა. ის ამ თანამდებობაზე საქართველოში პირველი ქალი მინისტრი იყო.