კვირიკაშვილი თურქეთის პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდა

© FB/Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი
გიორგი კვირიკაშვილი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის პრემიერმა თურქულ-ქართული თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრა და კვირიკაშვილს თურქეთისა და თურქი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში ვიზიტისას ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავრობის მეთაურს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

საქართველოს პრემიერი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ოთხ დღეში გაემგზავრა. კვირიკაშვილის ვიზიტის დროს ანკარაში ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

ნატო - Sputnik საქართველო
კერი: თურქეთი, შესაძლოა, ნატოდან გარიცხონ

კვირიკაშვილმა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან შეხვედრისას სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი შეთანხმებების დროულად ამოქმედების საკითხები განიხილა.

სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს რიგ შეთანხმებებს, მათ შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის, სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ, თანამშრომლობაზე დასაქმებისა და სოციალური დაცვის, სასჯელაღსრულების სფეროებში.

„იმ შეთანხმებებით, რასაც დღეს მოეწერა ხელი, ჩვენი ურთიერთობები ერთი ნაბიჯით მაღალ საფეხურზე ავიდა. ეს ვიზიტი (კვირიკაშვილის თურქეთში) არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ეს არის საქართველოს ხალხის სოლიდარობის გამოხატულება თურქი ხალხისადმი იმ მოვლენების ფონზე, რაც ვიხილეთ”, — აღნიშნა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.

ილდირიმმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილის ვიზიტი იმ პოტენციალის ინდიკატორია, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებშია.

მან ასევე მადლობა გადაუხადა კვირიკაშვილს თურქეთისა და თურქი ხალხის მხარდაჭერისთვის.

ერდოგანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი სიკვდილით დასჯის შესახებ: ხალხის მოთხოვნის იგნორირება არ შეიძლება

კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ თურქეთის სტაბილურობა და მისი დემოკრატიული განვითარება საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

„ვიდრე ამბოხი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, მე პირადად გავაკეთე მხარდამჭერი განცხადება თურქეთის ხელისუფლების მიმართ. ეს განცხადება მხოლოდ პირად მეგობრობას არ ეფუძნებოდა, ეს იყო გამოხატულება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილური, დემოკრატიული თურქეთის შეუფერხებელი განვითარება რეგიონში სტაბილურობისთვის და მათ შორის საქართველოსთვის. სტაბილური და ძლიერი თურქეთი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კვლავ გამოხატა თურქეთის კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება მნიშვნელოვანია.
თურქეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. თურქეთთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წელს დაახლოებით 1,52 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეს საქართველოს მთლიანი საგარეო ბრუნვის 15,3%-ია.

თურქეთი და საქართველო ერთმანეთს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორებად მიიჩნევენ. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას.

ყველა ახალი ამბავი
0