თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუნესკოს გენერალურ დირექტორს ირინა ბოკოვას საჩუქრად რაჭაში აღმოჩენილი I-III საუკუნეების ბრინჯაოს ჭვირული ბალთის ასლი გადასცა, აღნიშნულია სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მარგველაშვილი 20 აპრილიდან ვიზიტით იმყოფება საფრანგეთში. მხარეებმა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში საქართველოსა და იუნესკოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
„უკვე 20 წელია საქართველოსთან ვთანამშრომლობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. ჩვენ ვისაუბრეთ ძველი ქართული კულტურის მნიშვნელობაზე, ქართული ანბანის, საკათედრო ტაძრების, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის შესახებ. გავაცანით პრეზიდენტს UNESCO-ს საქმიანობა განათლების მიმართულებით”, — განაცხადა ბოკოვამ, იუწყება პრეზიდენტის პრეს-სამსახური.

მან ორმხრივი თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აღნიშნა.
საქართველოს პრეზიდენტმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა 1992 წლიდან UNESCO-ს ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის.
ვიზიტის მსვლელობისას მარგველაშვილი ასევე შეხვდება თავის ფრანგ კოლეგას ფრანსუა ოლანდს და საფრანგეთის სენატის ხელმძღვანელს ჟერარ ლარშეს.
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში მეუღლესთან მაკა ჩიჩუასთან ერთად გაემგზავრა. ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრებიან, ასევე დაათვალიერებენ ლევილის მამულს.
პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.

