თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან თავისი საუბარი საქართველოში შესაძლო რევოლუციის შესახებ დაადასტურა. ჩანაწერი უკრაინულმა პორტალმა გამოაქვეყნა.
გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერში ექს–პრეზიდენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის თავდაცვის დაგეგმვის დავალებას იძლევა. სააკაშვილი აცხადებს, რომ ბარიკადების მოწყობის შემდეგ საქართველოში რევოლუცია დაიწყება და ყველაფერი სროლით დასრულდება.
„დღევანდელი ფაქტით საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ტოტალური უკანონო მოსმენები, არ არსებობს თავისუფალი სივრცე. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება მისმენდნენ, არის ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ. ეს გაკეთებულია უფრო ადრე, ვიდრე ეს გამოძიება დაიწყებოდა, სავარაუდოდ 19 ოქტომბერს“, – განაცხადა გვარამიამ პრესკონფერენციაზე.
ყველა პოლიტიკოსს აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება, აღნიშნა გვარამიამ.
„პირველ რიგში სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი, მისი პოზიციები ჩემთვის საინტერესოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვიზიარებ ყველა პოზიციას. ჩვენ სიტყვის თავისუფლება უნდა დაგვეცვა იმ მეთოდებით, რაზეც ის საუბრობს. რამდენად გავიზიარე ეს რჩევა, შეგიძლიათ ნახოთ. ყველა პოლიტიკოსს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი“, – განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, ის ტელეკომპანიის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან განიხილავდა.
„იგივე შინაარსის მესიჯი გამოუშვა ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ ჩემთან საუბარში. არც ერთი ძალა არ გამორიცხავს სროლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან“, – აღნიშნა გვარამიამ.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ირწმუნება, რომ ტელეკომპანიის სიმპათიები ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიებისადმი საინფორმაციო პოლიტიკით არის განპირობებული, რაც ტელეარხის გარშემო პროცესების გაშუქების ხედვას ეფუძნება. თუმცა, გვარამიას თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ტელეკომპანია იმას ემსახურება, რომ რომელიმე პარტია პოლიტიკიდან ან ხელისუფლებიდან წავიდეს, ან იმას, რომ ის ხელისუფლებაში მოიყვანოს.
გვარამიამ აღნიშნა, რომ რევოლუციურ სცენარებს ამზადებენ პოლიტიკოსები და არა მედიასაშუალებები.