ღარიბაშვილი: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა საქართველოში კრახი განიცადა

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულის ოჯახს სრულიად კანონიერი მოთხოვნა აქვს, რომ დამნაშავე დაისაჯოს და სახელმწიფომ ეს უნდა უზრუნველჰყოს, მიიჩნევს ღარიბაშვილი.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გადახედვა, რომელმაც სრული კრახი განიცადა.

"ჩვენ ვიხილეთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა, ჩვენ ვალდებულნი ვართ ამას გადავხედოთ და რაც ხარვეზებია, გამოვასწოროთ… ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ეს ინსტიტუტი ჩავარდა და სრული კოლაფსი განიცადა. ასე რომ, ამას აუცილებლად უნდა გადავხედოთ და რაც მთავარია, ძალიან მალე", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 8 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, რომ დამნაშავეების დასჯა უზრუნველჰყოს.

”დაზარალებულის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს, ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველჰყოფენ”, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გასულ კვირას ნაფიცმა მსაჯულებმა 13 საათიანი თათბირის შემდეგ ლაშა მახარაძის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. ნაფიც მსაჯულთა ახალ შემადგენლობას თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ივნისს აირჩევენ. ამასთან, იწურება ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა და ის სასამართლოს დასრულებამდე შეიძლება გაათავისუფლონ.


ყველა ახალი ამბავი
0