თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ქართული მხარე მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციაში ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების კონკრეტული ვადები შევიდეს, — განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში პარასკევს, 22 მაისს.
რიგის სამიტის დეკლარაცია დღის ბოლოს გამოქვეყნდება. დოკუმენტის პროექტზე მუშაობა ბოლო მომენტამდე გრძელდებოდა, რათა შეეთანხმებინათ მთელი რიგი რთული საკითხები, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსა და უკრაინისთვის.
„რიგის სამიტზე ჩვენ ჩამოვედით შესრულებული დავალებებითა და განხორციელებული რეფორმებით. რაც შეეხება დროს, ის შეტანილია (ევროკომისიის) მოხსენებაში“, — განაცხადა ბაქრაძემ.
ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის (VLAP) 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. ამასთან, აღნიშნულია, რომ შემდგომი მოხსენება შესრულებული სამუშაოს თაობაზე 2015 წლის ბოლოსათვის მომზადდება.
„მნიშვნელოვანია (აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის) დეკლარაციაში აღინიშნოს, რომ ეს მოხსენება საკმარისი იქნება საიმისოდ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ისარგებლონ უვიზო რეჟიმით. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
მანამდე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკვე მიიღო ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება და ახლა მხოლოდ ტექნიკური საკითხები დარჩა გადასაჭრელი.