საქართველოში ყოველწლიურად 80 000 ავტომობილი იყიდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაცობი თბილისის ქუჩაში
საცობი თბილისის ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს მონაცემების თანახმად, საქართველოში 2016 წლის იანვარ-ივლისში 50 ათას 520 ავტოსატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 ათას 215 ერთეულით ნაკლებია.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ავტომობილების შეძენის მსურველთა რაოდენობა ფინანსურად შეჭირვებული ადამიანების ხარჯზე მატულობს, — განუცხადა   არასამთავრობო ორგანიზაცია ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა Sputnik-ს.

„ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ავტომობილების შეძენის მსურველების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ  80 000-ს სცდება ხოლმე, მაგრამ აქ მთავარი ისაა, თუ ვინ, რატომ და რისთვის ყიდულობს მათ. ავტომობილების ძირითადი ნაწილი, რომლის ხარჯზეც მივიღეთ მილიონ ორასიათასამდე ავტომობილი, 20-ზე მეტი წლისაა  და მათი ღირებულება ადგილზე შესაძლოა 500-1000 დოლარს შეადგენდეს.  ამ მანქანებს სესხით ყიდულობენ და შემდეგ „ტაქსაობენ“, — აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

მეორე მიზეზი, რომელიც საქართველოში ავტომობილების რაოდენობის ზრდას იწვევს, მესხიშვილის აზრით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებლობაა.

„როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ახალია, კომფორტულია, არ გიწევს ნერვიულობა, მგზავრობა არის სასიამოვნო, რა ძალა გადგია, რომ დაახლოებით 20 წლის საკუთარი ავტომობილით იმგზავრო?“ — კითხულობს მესხიშვილი.

Rolls-Royce - Sputnik საქართველო
საქართველოში Rolls-Royce-ს ავტომობილების გაყიდვა დაიწყება

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებლობას  ხელისუფლებაში  ტრანსპორტის პოლიტიკის არარსებობა განაპირობებს.

„ეს პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს ჯერჯერობით“, — აღნიშნა მესხიშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუს-ჯორჯია“ შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოში 2016 წლის იანვარ-ივლისში 50 ათას 520 ავტოსატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 5 ათას 215 ერთეულით ნაკლებია.

მესხიშვილის თქმით, სტატისტიკურ მონაცემებში  5 ათასი ავტომობილით სხვაობა 50 000 ათასის ფონზე, არ არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი.

შსს-ს ცნობით, 2016 წელს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა ასე გამოიყურება:

•    იანვარი — 5 ათას 227 მანქანა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2 ათას 389 ერთეულით ნაკლებია;

•    თებერვალი — 6 ათას 838, რაც 1 ათას 795 ავტომობილით ნაკლებია 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით;

•    მარტი — 7 ათას 215, რაც წინა წელთან შედარებით 2 ათას 646-ით ნაკლებია;

საცობი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ ქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმა წარადგინა

•    აპრილი — 7 ათას  572, რაც 1 ათას  212-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით;

•    მაისი — 7 ათას 685 ავტომანქანა, რაც 458-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

რაც შეეხება 2016 წლის ივნისსა და ივლისს, ამ თვეებში დარეგისტრირებული მანქანების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით, მეტია. კერძოდ ივნისში 7 ათას 753 მანქანა გაფორმდა, რაც 1 ათას  509 ერთეულით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  ხოლო ივლისში კი რეგისტრირებული მანქანების რაოდენობამ 8 ათას  230 ავტომობილი შეადგინა. ეს კი  1 ათას  776 —ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

ეკონომისტ ლევან კალანდაძის აზრით, ამ ტენდენციას ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებს: პირველ ი ის, რომ ზაფხულის სეზონში მანქანის შეძენის მსურველები უფრო აქტიურები ხდებიან, ხოლო მეორე კი — ლარის კურსი. 

„როცა ლარის კურსი მერყევია აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში, ავტომობილების პოტენციური მყიდველებისთვის ეს არასტაბილურობა გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორია. ზაფხულის თვეებში ლარის კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდა წინა თვეებთან შედარებით და ბუნებრივად მოიმატა ავტომობილებთან დაკავშირებულმა ტრანზაქციებმაც“, — განუცხადა კალანდაძემ Sputnik-ს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი კი წლის პირველ ნახევარში წინა წელთან შედარებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის კლებას მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვაზე გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს უკავშირებს. 

„2016 წლის პირველ ნახევარში მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა ერთგვარად შეაფერხა ავტომანქანების შეძენა, რადგან, როგორც ცნობილია, ქვეყნის ავტოპარკში მათზე ძალიან დიდი წილი მოდის“, — აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ყველა ახალი ამბავი
0