მამუკა არეშიძე: სააკაშვილის დაპატიმრება პრაქტიკულად შეუძლებელია

© Photo: courtesy of TV Show "2030"მამუკა არეშიძე
მამუკა არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვა, იმავე დროს მისმა მეუღლემ საქართველოს პარლამენტში შესვლა იუარა. „ქართულმა ოცნებამ“ მეცხრე მოწვევის პარლამენტში საკომიტეტო თანამდებობები, პრაქტიკულად, დააკომპლექტა. Sputnik-ის სტუმარია ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

– ბატონო მამუკა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა, მისმა მეუღლემ სანდრა რულოვსმა კი საქართველოს პარლამენტის წევრობაზე თქვა უარი. ეს პოლიტიკისგან გამიჯვნაა თუ ახალ ასპარეზზე გადასვლის წინაპირობა?

— მიაქციეთ ყურადღება: სააკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა 7 ნოემბერს. ეს არ გახლდათ შემთხვევითი – მან ერთი დღით დაასწრო ამერიკაში ჩასატარებელ არჩევნებს, რადგან 8 ნოებრიდან მისი მოქმედება აღარავის დააინტერესებდა. ამას გარდა, მან დაასწრო უკრაინის პრეზიდენტსაც, რომელიც, სავარაუდოდ, ემზადებოდა უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური ველიდან გვერდზე გასაწევად. მან ყველაფერი სწორად გათვალა ამ ეტაპზე. ხოლო რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯებს, შემიძლია ვივარაუდო, რომ ძალიან მალე დააფუძნებს ახალ პარტიას, შეურიგდება იულია ტიმოშენკოს და დაუპირისპირდება ყოფილ მეგობარსა და თანამებრძოლს პოროშენკოს. ეს არის მოსალოდნელი სცენარი, რომლის განხორციელებაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი - სად და ვისთან ერთად - Sputnik საქართველო
ოდესური ოდისეა - ახალი არია თუ პოლიტიკური რეკვიემი?

პირველი და უმთავრესი გახლავთ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები. თუ ამერიკის ახალი პრეზიდენტი გააგრძელებს უკრაინაში დღეს არსებულ პოლიტიკას (რაც, ალბათ, ასეც იქნება, თუ გავითვალისწინებთ მილიარდობით ინვესტიციებს), მაშინ სააკაშვილი ისევ საჭიროა, და უკვე არა როგორც პოროშენკოს თანამებრძოლი, არამედ მისი საპირწონე ძალა. საქმე ისაა, რომ უკრაინა კვლავინდებურად საომარ მდგომარეობაშია რუსეთთან, ამავე დროს პოროშენკოს ბიზნესის 50% იმავე რუსეთის ტერიტორიაზეა, რაც თავიდანვე იძლეოდა ერთგვარი ეჭვის საბაბს. ამიტომ სჭირდებათ დასაყრდენი, რომელიც პრეზიდენტს მოდუნების და გვერდზე გადახრის საშუალებას არ მისცემს. ამ როლს სააკაშვილი და ტიმოშენკო იდეალურად ერგებიან. თუ გავითვალისწინებთ მიშას ენერგიულობას, მას არ გაუჭირდება ერთდროულად სამ ფრონტზე ბრძოლა: უკრაინაში პოროშენკოს წინააღმდეგ, საქართველოში — პარტიის გადასარჩენად და დასავლეთთან თავისი საჭიროების დასამტკიცებლად.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა

– რამდენად შესაძლებელია, რომ უკრაინის მთავრობამ მისი დაკავების და საქართველოში ექსტრადირების ბრძანება გასცეს?

— პრაქტიკულად, შეუძლებელია. პოროშენკოს სააკაშვილი თავიდან სჭირდებოდა რეფორმების გასატარებლად, კორუფციასთან საბრძოლველად და ადგილობრივ ოლიგარქებთან დასაპირისპირებლად. მიშამ ვერც ერთ ამოცანას ვერ გაართვა თავი მრავალ მიზეზთა გამო. პირიქით, თავად ჩამოაყალიბა კორუფციული დაჯგუფება, რომელიც მასშტაბებით ჩამოუვარდებოდა ყველაზე დიდი კორუფციონერის, უკრაინის პრეზიდენტის დაჯგუფებას, მაგრამ საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. პოროშენკომ დაინახა, რომ რეფორმები ჩაფლავდა, თავად მოახერხა ოლიგარქებთან და, კერძოდ, კოლომოისკისთან მორიგება და ამდენად მიშას ჯგუფი უკვე ზედმეტი გახდა. მიუხედავად ამ დაპირისპირებისა, პოროშენკო ვერ გადაახტება დასავლეთის და ამერიკის სურვილს, ვერ გარისკავს სააკაშვილის დაპატიმრებას მანამ, სანამ ის ამერიკას და ევროპას სჭირდება. ჯერჯერობით კი ეს ასეა და მას მოუწევს მიშასა და ტიმოშენკოს ტანდემის „ატანა“. 

ჯონდი ბაღათურია - Sputnik საქართველო
ბაღათურია: სააკაშვილი გვერდზე იმიტომ გაიწია, რომ კარიდან გაგდებული ფანჯრიდან შეძვრეს

რაც შეეხება სანდრა რულოვსის მიერ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას, ესეც სააკაშვილს უკავშირდება. ბოკერიას ფრთა ღიად დაუპირისპირდა მიშას და სანდრამაც ვერ დაინახა თავისი ადგილი ამ ჯგუფთან ერთად. ეს ბუნებრივიც არის, გასაკვირი იქნებოდა, რომ დარჩენილიყო. 

– მეცხრე მოწვევის პარლამენტში თანამდებობები თითქმის გადანაწილდა. რა აზრის ბრძანდებით ახალ სახეებზე და საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეზე?

— საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებზე საუბარი, მით უმეტეს, საქართველოში და თან „ნაციონალების“ მიერ, სულ ცოტა, ღიმილის მომგვრელია. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ოთხი წლის მერე. თუ „ოცნებამ“ კონსტრუქციულად იმუშავა და წარმატებული რეფორმები განახორციელა, მაშინ საფრთხეებზე დღევანდელი საუბრები აღარავის ემახსოვრება. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილის გადადგომაზე საქართველოში კომენტარები გააკეთეს

რაც შეეხება ახალ სახეებს, სიმართლე გითხრათ, ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან არაფერი ვიცი თუნდაც მდინარაძის, ჯაშის და სხვათა შესაძლებლობის და მათი გამოცდილების შესახებ. პარლამენტში გამოცდილებას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, გამიხარდება, თუ ჩემი სკეპტიციზმი არ გამართლდება. 

– ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზეც გკითხავთ. აქამდე არსებულ „მოთამაშეებს“ დაემატა ჩინეთი, რომელმაც სირიაში ჩადებული მილიარდების დასაცავად გამოიღო ხელი. გააქტიურდა ისრაელიც. როგორი სცენარით განვითარდება მოვლენები და თუ ჩანს სინათლე გვირაბის ბოლოს?

— სინათლე კარგა ხანს არ გამოჩნდება. ხალიფატის წინააღმდეგ მებრძოლი მხარეები გაერთიანებული არიან თემატურად, რაც ძალიან არამყარია, ანუ ყველას საკუთარი ინტერესი ამოძრავებს. საბოლოო ჯამში ამ ომში ხალიფატი დამარცხდება, მაგრამ დაპირისპირება ამით არ დასრულდება. გაგრძელდება ტერაქტები, ლოკალური ბრძოლები იქნება სხვადასხვა უბნებზე, მოკლედ, ბევრი სისხლი დაიღვრება. ადვილი შესაძლებელია, ხალიფატის განადგურების შემდეგ მოკავშირეები ერთმანეთს დაერიონ: ქურთები — თურქებს, ეს უკანასკნელი — რუსებს და ამერიკელებს, სირიაში ასადის მომხრეები, სავარაუდოდ – ახლად არჩეულ ხელისუფლებას, ისრაელი და ამერიკა — რუსეთს და ა.შ. ერთი რამის თქმა შეიძლება გადაწყვეტით — კონფლიქტური სიტუაცია გაგრძელდება დიდხანს.

თენგიზ ჩოჩუა

ყველა ახალი ამბავი
0