რა არის კნიკი?

© NINI RAZMADZEახალგაზრდებმა პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსში გაიმარჯვეს
ახალგაზრდებმა პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსში გაიმარჯვეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა მრავალფუნქციური ბეჭედი „კნიკი“ შექმნეს. როგორ შეუძლია ბეჭედს სიცოცხლის გადარჩენა და სხვა რა ფუნქციებს ითავსებს, ამის შესახებ „სპუტნიკს“ ბეჭდის შემქმნელთა გუნდის ერთ-ერთი წევრი გიორგი მიქაცაძე ესაუბრა.

ნინი რაზმაძე

– გიორგი, როგორ გაგიჩნდათ ბეჭდის შექმნის იდეა?

— ჩვენი პროექტის იდეა გაგვიჩნდა თავისუფალი უნივერსიტეტის ყოველდღიურობიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, ჩვენ უნივერსიტეტში, სხვა სასწავლებლების მსგავსად, საშვების სისტემა მოქმედებს, რომლის მიმაგრება პირადობის მოწმობაზე, ან სხვა უკონტაქტო ბარათზე ხდება. ყოველდღე გვიწევდა საფულის ამოღება და მასში შესაბამისი ბარათის მოძებნა, რომელზეც საშვი იყო მიმაგრებული, რათა უნივერსიტეტში შევსულიყავით. გვინდოდა, რამე ისეთი მოგვეფიქრებინა, რაც საფულის ამოღებისა და ბარათის მოძებნის ნაცვლად ერთი ხელის მოძრაობით გაგვატარებდა უნივერსიტეტის შესასვლელში. ასე შეიქმნა პირველი ბეჭედი, რომელსაც თავდაპირველად მხოლოდ უნივერსიტეტის საშვის ფუნქცია ჰქონდა.

© NINI RAZMADZE„კნიკი“ მომხმარებლის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს
„კნიკი“ მომხმარებლის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს - Sputnik საქართველო
„კნიკი“ მომხმარებლის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს

- რა არის „კნიკი“ და ამ ეტაპზე რა ფუნქციები აქვს?

— Cnick-ი („კნიკი“) არის ხის პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ხელის ერთი მოძრაობით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ტერმინალებით ისარგებლოს. „კნიკი“ მომხმარებლის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს. გარკვეულ შემთხვევებში მისი მეშვეობით სიცოცხლის გადარჩენაცაა შესაძლებელი. კერძოდ, „კნიკში“ ჩატვირთული იქნება პირველადი სამედიცინო ინფორმაცია (სისხლის ჯგუფი, გადატანილი დაავადებები, ალერგიულობა და ა.შ.), რომელზე წვდომაც მხოლოდ სამედიცინო პერსონალს ექნება. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომლის გათვალისწინებით „კნიკს“ მომხმარებლის სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლია. გარდა დებიტორული ბარათისა, „კნიკი“ ასევე ითავსებს: აბონემენტების, ორგანიზაციის საშვებისა და ლოიალობის ბარათების ფუნქციას, რისი მეშვეობითაც ის სრულად ანაცვლებს საფულეს.

– რამდენი ადამიანი მუშაობდით პროექტზე?
— მენეჯმენტის გუნდში ვართ თავისუფალი უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი, ოპერაციების დირექტორი გიორგი მიქაცაძე, აღმასრულებელი დირექტორი დავით კვიციანი, ფინანსური დირექტორი კობა ცერცვაძე და ტექნოლოგიური მიმართულების დირექტორი ნიკა ჩხარტიშვილი, თუმცა პროექტზე დამატებით მუშაობს ხის ორი სპეციალისტი და ერთი დიზაინერი.

– რა მასალისგან დაამზადეთ ბეჭედი?

— „კნიკი“ ერთადერთი ჭკვიანი სამკაულია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან მზადდება და მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, თავად შეარჩიოს საკუთარი ბეჭდის დიზაინი, დაიტანოს ნებისმიერი წარწერა და აირჩიოს სასურველი ფერების განაწილება. გარდა ამისა, ერთადერთი სამკაულია, რომელიც ანაცვლებს მომხმარებლის საფულესა და, ამავდროულად, ზრუნავს მომხმარებლის სიცოცხლის გადარჩენაზე.

© Nini Razmadze„კნიკი“ - პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს
„კნიკი“ - პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს - Sputnik საქართველო
„კნიკი“ - პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს

– საიდან მოგაქვთ მასალები?

— მასალებს სხვადასხვა კომპანიებისგან ვიწერთ. გვაქვს კონტაქტი ამერიკელ, ბრიტანელ და ჩინელ მომწოდებლებთან. ჩვენი პროდუქტის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ეგზოტიკური ხეების ნედლეულს ვიყენებთ, რათა „კნიკი“ უფრო მიმზიდველი და სატარებლად სასიამოვნო იყოს მომხმარებლისთვის. ამ მასალების გამოყენებით ბეჭდის თანამედროვე მეთოდით დამზადებისა და დამუშავების შემდეგ ვიღებთ „კნიკს“, რომელიც წყალგამძლე და ძალიან მყარია. აქედან გამომდინარე, მისი დაზიანების შანსი ძალიან მცირეა, თითქმის არ არსებობს.

– მსოფლიოში თუ არსებობს ანალოგიური ბეჭედი?

— რა თქმა უნდა, გვყავს კონკურენტები მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ანალოგიური პროდუქტი არ არსებობს. საერთაშორისო ბაზარზე განვიხილავთ ორ კონკურენტს – NFC RING-ს და KERV-ს. ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ „კნიკის“ მომხმარებელი იქნება მაქსიმალურად დაცული, რადგან მასში იქნება პირველადი სამედიცინო ინფორმაცია. ასევე მათ შეუძლიათ  სასურველი დიზაინის შექმნა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „კნიკი“ არის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული. ყოველივე ეს მას სხვა პროდუქტისგან გამოარჩევს.

კონკურენტებისგან განსხვავებით, გარდა ჩამოთვლილი ფუნქციებისა, ჩვენ ასევე ვწერთ „კნიკზე“ მორგებულ აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, საკუთარ ბეჭედზე მიამაგროს სხვადასხვა ფაილები, შეინახოს საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია და, მაგალითად, სავიზიტო ბარათის დანიშნულებით გამოიყენოს ის.

– ახლა რა ეტაპზეა თქვენი პროექტი?

— ამჟამად პროექტი აქტიურად განაგრძობს განვითარებას. გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიებთან. ლიცენზირებისა და სერტიფიცირების საკითხების გარკვევა მიმდინარეობს პროდუქტის სერიულ წარმოებაში გასაშვებად. რეგულარულად ვმუშაობთ ბეჭდის დიზაინის განვითარებასა და მის სრულყოფაზე. ასევე წინ მივდივართ ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც, რათა „კნიკი“ კიდევ უფრო მრავალფუნქციური და გამოსაყენებლად კომფორტული გავხადოთ მომხმარებლისთვის.

© NINI RAZMADZEგიორგი მიქაცაძე - „კნიკის“ ერთ-ერთი შემქმნელი
გიორგი მიქაცაძე - „კნიკის“ ერთ-ერთი შემქმნელი - Sputnik საქართველო
გიორგი მიქაცაძე - „კნიკის“ ერთ-ერთი შემქმნელი

– როდის აპირებთ ბაზარზე მის გამოტანას?

— თავდაპირველად B-to-B მოდელის განვითარებას ვგეგმავთ, გვსურს ორგანიზაციებს შევთავაზოთ ბეჭდები მათი  თანამშრომლებისთვის, რომელსაც გამოიყენებენ ორგანიზაციაში შესასვლელად, ფაილებისა და ლინკების შესანახად/გასაზიარებლად (მობილური აპლიკაციის მეშვეობით) და, გარდა ამისა, შეუძლიათ მიამაგრონ, მაგალითად, ფიტნეს-კლუბის აბონემენტი. ამის შემდეგ ვაპირებთ B-to-C მოდელის განვითარებას, რომლის შედეგადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, შეიძინოს ჩვენი ბეჭედი. საპილოტე გაყიდვების დაწყებას, ამ მოდელის გათვალისწინებით, 2017 წლის დასაწყისში ვგეგმავთ.

– რა ეღირება ჭკვიანი ბეჭედი?

— იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე ვართ და ჩვენთვის გაურკვეველია იმ ხარჯების ჯამური რაოდენობა, რომელიც პროდუქტის საბოლოო სახის მისაცემად იქნება საჭირო, მისი ფასი დაზუსტებული ჯერ არ გვაქვს.

– დაკარგვის შემთხვევაში ბეჭედს რაიმე დამცავი მექანიზმი თუ აქვს?

— უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია „კნიკისთვის“. ამის მოსაგვარებლად ჩვენ ვავითარებთ აპლიკაციას, რომელიც შეძლებს ბეჭდის ონლაინ-დეაქტივაციას დაკარგვის შემთხვევაში. კერძოდ, მომხმარებელი ჩვენი აპლიკაციის ან საიტის მეშვეობით გათიშავს იმ პერსონალურ ინფორმაციასთან წვდომას, რომელიც ჩვენ ბეჭედში იქნება ჩაწერილი.

– პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსის გამარჯვებული ხართ, ცოტა რამ კონკუსის შესახებ მოგვიყევი, რა გამოცდილება მიიღეთ?

— დიდი ხანია ვცდილობთ სხვადასხვა დაფინანსებების მოპოვებას, რათა ჩვენი პროექტი უფრო სწრაფი ტემპებით განვავითაროთ. „სტარტაპ საქართველომდე“ სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებით 20 000 ლარი გვაქვს მიღებული, თუმცა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ეს კონკურსი საშუალებას გვაძლევდა, საკმაოდ სოლიდური თანხა მოგვეპოვებინა და, რაც ყველაზე მთავარია, მიგვეღო გამოცდილება ისეთი ინვესტორებისა და ვენჩორული კაპიტალისტებისგან, რომლებიც Silicon Valley-დან იყვნენ მოწვეული.

© NINI RAZMADZE„კნიკი“ - პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოიგონეს
„კნიკი“ - პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოიგონეს - Sputnik საქართველო
„კნიკი“ - პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოიგონეს

ერთკვირიანმა ტრენინგებმა და ტრენერებთან უშუალო კომუნიკაციამ დიდი გამოცდილება მოგვცა ბაზრის კვლევის, საწარმოო თავისებურებების, სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და სტარტაპების სწრაფი განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯებზე.

სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი გუნდისთვის გამარჯვება მოულოდნელი იყო, ვინაიდან კონკურენტობა გვიწევდა ისეთ პიროვნებებთან, ვისაც 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა ამ სფეროში. პროექტის ფინალურ ნაწილში იყო ბევრი საინტერესო იდეა. გვქონდა გარკვეული სირთულეები ფიჩთან დაკავშირებით, თუმცა, ამ ყველაფრის დაძლევა ტრენერების დახმარებით და ჩვენი მუშაობით დროულად მოვახერხეთ. ყველაფრის მიუხედავად, გამარჯვების იმედი მაინც გვქონდა.

ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის, განვავითაროთ ჩვენი პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე და შემდგომ ეტაპზე მოვახდინოთ მისი საერთაშორისო რეალიზაცია.

– საზოგადოების მხრიდან როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ბეჭედს?

— საზოგადოების გამოხმაურებას რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ ხალხი საკმაოდ კარგად შეხვდა „კნიკს“ და პირველი შეხედულებები ჩამოუყალიბდათ მასზე. ნებისმიერი პიროვნება ჩვენი პოტენციური მომხმარებელია, აქედან გამომდინარე ყოველი მათგანის აზრი და შეფასება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. საზოგადოებაში შეიქმნა გარკვეული მოლოდინები, რომლის გამართლებას ყოველდღიურად ვცდილობთ და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი პროდუქტის დასახვეწად.

– სამომავალოდ რა გეგმები გაქვთ?

— სამომავლო გეგმებში ძირითადად ფიგურირებს სხვადასხვა ლიცენზიებისა და სერტიფიკატების მოპოვება კომპანიებისგან, რათა მათი სერვისი მიებას ბეჭედს და ჩვენი პროდუქტი უფრო მრავალფუნქციური გავხადოთ.

“სტარტაპ საქართველოს” ფარგლებში გამარჯვებულებს საშუალება გვეძლევა ინტენსიური კონსულტაციები გავიაროთ Silicon Valley-ის მენტორთან. ასევე მივიღოთ გარკვეული რჩევები სტარტაპის სწრაფი განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს რეგულარული კონტაქტი ექსპერტებთან, რომლებიც სხვადასხვა საკითხებში გვიწევენ კონსულტაციას, მათთან ისევ გავაგრძელებთ თანამშრომლობას.

ყველა ახალი ამბავი
0