ჯარიდან გაქცეული რუსი, კახელი გოგო და შეხვედრა მამასთან 20 წლის შემდეგ

© photo: Sputnik / Levan Avlabreliანდრეი მალახოვი
ანდრეი მალახოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამა რომ გვერდით მყოლოდა, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ სხვაგვარად მოხდებოდა, ვეღარავინ დამჩაგრავდა... 15 წლისა ვიყავი, რომ მომიტაცეს. ქმარი მცემდა და მამა რომ მყოლოდა, ამას ხომ ვეღარ გამიბედავდა?

ანასტასია შრაიბერი

ანდრეი მალახოვის გადაცემა Пусть говорят სამი თვის წინ ერთ რუს, კრასნოურალსკელ კაცსა და კახელ გოგონას მიეძღვნა. კაცი ჯარიდან გაქცეულა და თავი საქართველოსთვის შეუფარებია, სადაც იქაური ქალი შეჰყვარებია და კიდეც დაოჯახებულა. მაგრამ მერე ცოლი და ორი ქალიშვილი მიუტოვებია და უკან, რუსეთში დაბრუნებულა.

ზემოხსენებული გადაცემის მთავარი გმირი, ორიდან ერთ-ერთი ქალიშვილი, სვეტლანა რემიზოვა მაშინ ორი წლისა ყოფილა. თუმცა მამა არც დავიწყებია და არც გულიდან ამოუღია. პირიქით, უყვარდა და ეძებდა.

სვეტა კახეთში გავიცანი, სრულიად შემთხვევით და როცა მასში მალახოვის გადაცემის გმირი ამოვიცანი, გადავწყვიტე, გამომეკითხა, რა და როგორ მოხდა.

© FB/ Светлана Ремизоваსვეტლანა რემიზოვა
სვეტლანა რემიზოვა - Sputnik საქართველო
სვეტლანა რემიზოვა

— სვეტა, რატომ გადაწყვიტე მალახოვისთვის მიგემართა?

— მამას დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი. ეს ჩემი უკანასკნელი იმედი იყო, იმიტომ რომ მანამდე პროგრამა „ჟდი მენიას“ მივწერე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. რატომღაც იმედი მქონდა, რომ მალახოვის გადაცემიდან გამომეხმაურებოდნენ, მაგრამ მაინც დავიბენი, როცა მიპასუხეს. ინტერნეტით მივწერე ჩემი ისტორია და დაახლოებით ნახევარ საათში გადმომირეკეს. რედაქტორმა ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა, ყველა დეტალი, ისიც კი, შენიანები წინააღმდეგი ხომ არ იქნებიან, საჭიროების შემთხვევაში რუსეთში ჩამოსვლამ რომ მოგიწიოსო… მე ეს არ ვიცოდი; ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ჩემი და ძალიან ნაწყენი იყო მამაზე და მისი დანახვაც არ უნდოდა. მაგრამ მაინც მქონდა იმედი, რომ გადაცემაში ვიღაც მაინც შენიშნავდა ჩემს დას, ინას და ოპერაციის გაკეთებაში დაგვეხმარებოდა…

— დას რა სჭირს?

— თანდაყოლილი ანომალია. მისი საძილე არტერია ყბაზე გადის. ხუთი თვის ორსული იყო, როცა კბილიდან სისხლდენა დაეწყო და ექიმთან წავიყვანეთ. უთხრეს, ჰემატომაა, საშიში არაფერია, კბილს ამოვიღებთ და მორჩაო. მაგრამ როცა კბილი ამოაძრეს, საშინელება დატრიალდა: ინამ ორ წუთში ორი ლიტრი სისხლი დაკარგა და კომაში ჩავარდა. ერთი კვირა უგრძნობად იყო. როცა გონებაზე მოვიდა, ეს უკვე ის ინა აღარ იყო: სახე გასიებოდა, თავი გადაეპარსათ, მთელი ყელი და მკერდი ჭრილობებით დაესერათ… ექიმები დიდხანს ეძებდნენ არტერიას, ძლივს მიაგნეს.
კომის შემდეგ ოთხი ოპერაცია გაუკეთეს, ცალ მხარეს ყბა საერთოდ არ აქვს. ოპერაცია სჭირდება, რომ ყბა ჩაუდგან.

© FB/ Светлана Ремизоваსვეტლანა და ინა რემიზოვები
სვეტლანა და ინა რემიზოვები - Sputnik საქართველო
სვეტლანა და ინა რემიზოვები

— სვეტა, შენ როგორ ფიქრობ, რატომ მიგატოვათ მამამ, ან რატომ იყო შენი და მასზე ნაწყენი?

— დედაჩემის ბრალია. იცით, ოჯახში რაც ხდება, ის გარეთ არ უნდა გავიდეს. დედაჩემი კი, რამე არ მოეწონებოდა მამაჩემის ნათქვამიდან, ეგრევე დედამისთან გარბოდა საჩივლელად. მამა კი მარტო იყო და სულ ის გამოდიოდა დამნაშავე. ხშირად ჩხუბობდნენ. იმ ერთადერთ წერილშიც კი, რომელიც სახლში ვიპოვე, დედას სწერდა: ჩვენ კი არ ვცხოვრობდით, ვარსებობდითო.

დედა და ბებია გამუდმებით გვიჩიჩინებდნენ მე და ჩემს დას, მამათქვენი ცუდი კაცია და იმიტომ გშიათ და გწყურიათ, რომ მამა არ გყავთო. მოკლედ, ყველაფერი მამაჩემს ბრალდებოდა და ინას ეს თავში გაუჯდა. ის სულ ათი თვისა იყო, მამა რომ წავიდა და არ ახსოვდა, მე კი მახსოვდა… მახსოვდა, როგორ წვავდა კარტოფილს ლორთან ერთად, როგორ მასეირნებდა ცხენით, როგორ ველოდებოდი, როდის დაბრუნდებოდა სამსახურიდან… მერე სხვებიც მეუბნებოდნენ, ხელიდან არ გიშვებდაო. გარეგნობითაც მამას ვგავარ და ხასიათითაც. დედა სულ მეუბნებოდა, მეორე მამაშენი ხარო. მსჯიდა ამის გამო.

თანაც, როცა ინას ეს უბედურება დაემართა, მამის ძმას დავურეკეთ — ისიც კრასნოურალსკში ცხოვრობს — და ვთხოვეთ, რომ ძალიან გვჭირდებოდა და მამასთან შეხვედრაში დაგვხმარებოდა. მაგრამ გვატყუებდა და გამუდმებით ტელეფონის არასწორ ნომრებს გვაძლევდა.

— დედას მძიმე ხასიათი აქვს?

— კი, ხასიათიც მძიმე აქვს და ცოტა გადამეტებული წარმოდგენაც საკუთარ თავზე. ისე, ძლიერი ქალია. მთელი ცხოვრება მარტო იყო, აღარ გათხოვილა. თუმცა მთხოვნელები ჰყავდა. ბებიაჩემი თავიდან ამბობდა, რა დროს გათხოვებაა, იქნებ სერიოჟა დაბრუნდესო, მერე კი, როცა მამის მოძებნა გადავწყვიტე, მოღალატე ხარო, მითხრა.

— ანუ შენი მცდელობის გამო ურთიერთობები შეიცვალა?

— კი, შეიცვალა. ბებიამ ისიც კი წამომაყვედრა, რომ გაგვზარდა. ყველაზე მეტად პაპის სიტყვები მეწყინა, სანამ პატარები იყავით და საჭმელ-სასმელი გაკლდათ, გჭირდებოდით და ახლა სახეში შემაფურთხეთო. მეწყინა, იმიტომ, რომ მართლა მისი დამსახურებაა, დღეს რომ ცოცხლები ვართ. თანაც, ჩვენ ხომ მის მიტოვებას არ ვაპირებდით?

ისე, პაპისთვისაც რთული იყო გადაცემაში მონაწილეობა. მოსკოვში წამოსვლას არც აპირებდა, ფსიქოლოგმა გადააფიქრებინა…

მოსკოვში გადაცემის ჩაწერისას ძალიან ვნერვიულობდი, იმიტომ რომ მამას პირველად უნდა შევხვედროდი და ვღელავდი, კარგად გამოვიყურებოდი თუ არა.

© FB/ Светлана Ремизоваსვეტლანა მამასთან და ნათესავებთან ერთად
სვეტლანა მამასთან და ნათესავებთან ერთად - Sputnik საქართველო
სვეტლანა მამასთან და ნათესავებთან ერთად

— რა გითხრეს გადაღების წინ?

— არ დაირცხვინო, თამამად მოყევი ამბავი, ოღონდ კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნაო. არ ვიცოდი, ვინ მოვიდოდა გადაცემაში. ისიც კი არ მითხრეს, რომ ჩემი და-ძმაც მონაწილეობდა…
მამა რომ დავინახე, კინაღამ გული წამივიდა. ფეხზე ვერ ვდგებოდი, გეგონება, ბამბისა მქონდა. მერე მაინც წამოვდექი და ჩავეხუტე, მისი სითბო ვიგრძენი და ყველაფერი დამავიწყდა… ხელი ჩავკიდე და გადაცემის ბოლომდე აღარც გამიშვია.

— გადაცემაში ძალიან ბევრი ადანაშაულებდა მამაშენს, რომ ხასიათის სისუსტე გამოიჩინა, მიგატოვათ და მთელი ამ წლების განმავლობაში არ დაგკავშირებიათ.

— თურმე გვიკავშირდებოდა. დედაჩემთანაც რეკავდა და სწერდა კიდეც, ეხვეწებოდა, აქ ჩამოდიო, მაგრამ დედას „ერთ ადგილზე“ გაუგზავნია და ისიც იმიტომ აღარ ჩამოსულა. არადა, მთელი ცხოვრება მამაჩემს აბრალებდა ყველაფერს.

— გადაცემას სოსო პავლიაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც პირველმა შემოჰკრა ტაში, მამაშენი რომ სტუდიაში შემოვიდა. გაიცანი?

— კი, და, იცით, რა მითხრა? რა და, ესეთი გოგოები მარტო საქართველოში შეიძლებოდა, გაზრდილიყვნენო, მამას აპატიეთო… 
მამა რომ გვერდით მყოლოდა, ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამ სხვაგვარად მოხდებოდა, ვეღარავინ დამჩაგრავდა… 15 წლისა ვიყავი, რომ მომიტაცეს. ქმარი მცემდა და მამა რომ მყოლოდა, ამას ხომ ვეღარ გამიბედავდა?

— რა შეიცვალა მალახოვის გადაცემის შემდეგ?

— ძალიან მადლიერი ვარ ამ გადაცემისა, იმიტომ რომ სხვაგვარად მამას ვერასდროს შევხვდებოდი… მამას კიდევ ექვსი თვე არ ექნება რუსეთიდან გასვლის უფლება, იმიტომ რომ ნასამართლევია. მერე კი, მინდა რომ ჩამოვიდეს და ჩემთან იცხოვროს.

— თავადაც უნდა?

— გადაცემის მერე მითხრა, შენ ჩემი პირველი შვილი ხარ, ჩემი პირველი სიყვარული, არც ერთი შვილის მიმართ არ მაქვს ისეთი გრძნობა, როგორიც შენს მიმართ და ძალიან მინდა, საქართველოში ჩამოვიდეო.

© FB/ Светлана Ремизоваსვეტლანა დედასთან და დასთან ერთად
სვეტლანა დედასთან და დასთან ერთად - Sputnik საქართველო
სვეტლანა დედასთან და დასთან ერთად

— იქნებ კარგი ცოლიც კი უშოვო?

— ან იქნებ დედას შეურიგდეს? ვგრძნობ, რომ დედას ძალიან უნდა, რომ ვინმეს უყვარდეს, რომ გვერდში ვინმე ედგეს… მესმის მისი და მეცოდება. მამაჩემს კი, რომ იტყვიან, ოქროს ხელები აქვს, სანტექნიკოსობაც ეხერხება, სახურავებსაც ცვლის და ყველანაირ რემონტსაც აკეთებს…

იცით, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მეორე მე ვიპოვე, იმიტომ რომ მამა ერთადერთი ადამიანია, რომელსაც სრულად ესმის ჩემი — უსიტყვოდ ესმის. გეგონება, დედამ კი არა, მან გამზარდა, ისე ზუსტად ხვდება, რა მინდა, რისკენ ვისწრაფვი. მე და მამა ერთი მთელის ორი ნაწილი ვართ და ამიტომაც ვეძებდი მთელი ცხოვრება. აი, ვიპოვე და შევივსე კიდეც.

ყველა ახალი ამბავი
0