საქართველოს თავს არ ვანატრებინებ, ანუ აზერბაიჯანელი ქართული „გულსართით“

გამოწერა
ორი სამშობლო მაქვს: საქართველო და აზერბაიჯანი. ერთმა გამზარდა, ქართული „ნაჩინკა“ ჩამიდო, არაჩვეულებრივი აღზრდა მომცა, მასწავლა, რომ „რასაც დავთეს, იმას მოვიმკი...“

ლიზა შელია

70 წლის როცა ხდება, ადამიანმა ზუსტად იცის, რომ სილამაზესა და ახალგაზრდობას ვეღარასდროს დაიბრუნებს, რომ ეს ყველაფერი სამუდამოდ დარჩა წარსულში და მხოლოდღა გაყვითლებულ სურათებს შემორჩა…

მაგრამ საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა, ეროვნებით აზერბაიჯანელმა სტილისტმა ანარ აგაკიშიევმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ თავისი საქმის ნამდვილი ოსტატი და ჯადოქარია და ნებისმიერი ასაკის ქალი შეუძლია გაალამაზოს.

Sputnik-თან ინტერვიუში, რომლის ნახევარიც ანარმა უაქცენტო და გამართული ქართულით მოგვცა — გეგონება, აქედან არც არსად წასულაო, მან სიამოვნებით გაიხსენა საქართველოში გატარებული წლები.

– ანარ, როგორ ახერხებთ ქალების ასე საოცრად გარდაქმნასა და გალამაზებას?

— მე დიდხანს ვსწავლობდი ამას. პროფესია მატერიალური გამორჩენისთვის არ ამირჩევია, მართლა გულით მიყვარს ეს საქმე. ვფიქრობ, ყველა ასე უნდა ეკიდებოდეს თავის საქმეს. მეუბნებიან, მუშაობას რომ იწყებ, საერთოდ ეთიშები სამყაროსო. მართლა ასეა, ამ დროს მთელი ყურადღება საქმეზე მაქვს გადატანილი და ამიტომ ჩემთან საუბარს აზრი არ აქვს. ჩემი საქმისგან კოლოსალურ სიამოვნებას ვიღებ და, შესაძლოა, ამაშიცაა საიდუმლო. 50% კოსმეტიკა, 50% ჩემი ნიჭი და 70 წლის ქალი 30 წლით ახალგაზრდავდება. ეს შესაძლებელია.

2016 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდის ტენდენციები - Sputnik საქართველო
2016 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის ტენდენციები

– რით განსხვავდებიან ქართველი გოგონები სხვებისგან? მოგწონთ როგორც იღებებიან?

— სიმართლე გითხრათ, სხვა ქვეყნებთან შედარებით ქართველი გოგონები ნაკლებად იღებებიან და იმით გამოირჩევიან, რომ მინიმალური მაკიაჟი აქვთ და მეტად ბუნებრივები არიან. მათ ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვთ. მომწონს, როგორ იქნიან წარბებს, როგორ იცვამენ, მომწონს მათი ვარცხნილობა. ქართველი გოგონები მაღალ დონეზე დგანან მაკიაჟის კუთხით.

© А. Агакишиевირინა შეიკი და ანარ აგაკიშიევი
ირინა შეიკი და ანარ აგაკიშიევი - Sputnik საქართველო
ირინა შეიკი და ანარ აგაკიშიევი

– მაგრამ იქნებ მაინც გაგვიმხილოთ – როგორია მაკიაჟის უკანასკნელი ტრენდი?

— ახლა ყველაზე მოდური მეიქ-აფი ასეთია: ლაპლაპა კანი, მქრქალი („მატოვი“) პომადა და ხშირი და გრძელი წამწამები. ასე იქნება 2017 წლის ზაფხულამდე და მერე უკვე ახალი ტრენდი შემოვა.

– ანარ, რა გაკავშირებთ საქართველოსთან?

— თბილისში დავიბადე, რუსთავში ვცხოვრობდი. ბაქოში 1998 წელს წავედი და დღემდე იქ ვცხოვრობ, მაგრამ მაინც საქართველოს მოქალაქედ ვრჩები. ჩემი ნათესავები — ბებია, დეიდა, ბიძა — აქ  ცხოვრობენ და ხშირად ჩამოვდივარ. სექტემბრის ბოლოსაც ვაპირებ ჩამოსვლას. მასტერ-კლასების ტურნე მეწყება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და რაღაც-რაღაც საბუთები მაქვს გასამზადებელი. საფრანგეთში, ინდოეთში, არაბეთის საამიროებში, უნგრეთსა და აშშ-ში ვარ მიწვეული. რა თქმა უნდა, საქართველოშიც ჩავატარებ მასტერ-კლასებს, თუ შემოთავაზება იქნება.

მოსკოვში ქართველ დიზაინერთა პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა - Sputnik საქართველო
მოსკოვში ქართველ დიზაინერთა პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა

– რატომ აირჩიეთ მაინც და მაინც ეს პროფესია?

— სიმართლე გითხრათ, ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. ხშირად დავყვებოდი დედას სალონში და ვუყურებდი, როგორ ლამაზდებოდნენ ქალები. ყველაფერი მაინტერესებდა. „ბიგუდები“ რომ დავინახე, მივხვდი, სტილისტობა მინდოდა.

სკოლა 2000 წელს დავამთავრე, 2001-ში კი უკვე ბაქოს წლის სტილისტი ვიყავი. მას მერე კიაფობს და კიაფობს ჩემი ვარსკვლავი, თანაც მარტო აქ კი არა, სხვა ქვეყნებშიც. სხვათა შორის, ქართული ენა არ დამვიწყებია და ამისთვის მადლობა ჩემს მასწავლებლებს. ბაქოში ხშირად ვუყურებ ქართულ ფილმებს და ქართულ რესტორნებში დავდივარ.

ქართული ჩემი მეორე მშობლიური ენაა აზერბაიჯანულის მერე და არც არასდროს დავივიწყებ. როცა უცხოურ პრესას ვაძლევ ინტერვიუს, მაგალითად, NBC-ს, New-York-ს, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ საქართველოდან ვარ.

— რა გაგყვათ საქართველოდან?

— მე ორი სამშობლო მაქვს: საქართველო და აზერბაიჯანი. ერთმა გამზარდა, ქართული „ნაჩინკა“ ჩამიდო, მეორემ კი მთელ მსოფლიოში გამიხსნა გზა. საქართველომ არაჩვეულებრივი აღზრდა მომცა, მასწავლა, რომ სამართლიანი და კეთილი უნდა ვიყო, რომ „რასაც დავთეს, იმას მოვიმკი“ და, რაც მთავარია, საოცრად დამიხვეწა გემოვნება, რასაც მარტო მე კი არა, სხვებიც აღნიშნავენ.

აღფრთოვანებული ვარ ამ ქვეყნით, რომელსაც ჩემ გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ბავშვობაში პაპა და ბებია მეუბნებოდნენ, კაცმა რაც მეტი ენა იცის, მით უკეთესია, მაგრამ ჯერ შენი მშობლიური ენები უნდა გიყვარდეს — ქართული და აზერბაიჯანული და მერე რუსული, ფრანგული და სხვებიო. ახლა ექვს ენაზე ვლაპარაკობ: აზერბაიჯანულად, ქართულად, რუსულად, ინგლისურად, არაბულად და ფრანგულად.

საქართველოში ჩემი საყვარელი ადგილები ბებიაჩემის სოფელი და ბათუმია. აქ რაღაც განსაკუთრებულად კარგად ვგრძნობ თავს, ენერგიით ვიმუხტები… საქართველო ნამდვილად მიწიერი სამოთხეა.

© А. Агакишиев ანარ აგაკიშიევი და ნიკოლ შენზინგერი
ანარ აგაკიშიევი და ნიკოლ შენზინგერი - Sputnik საქართველო
ანარ აგაკიშიევი და ნიკოლ შენზინგერი

— გენატრებათ აქაურობა?

— არა. აზერბაიჯანი აქვეა და სულ 5 საათი მჭირდება მანქანით ჩამოსასვლელად და ამიტომ არ ვანატრებინებ თავს საქართველოს. ვიგრძნობ, რომ მოვიწყინე? მაშინვე მანქანაში ვჯდები და რამდენიმე საათში უკვე ან შარდენზე ვზივარ, ან სადმე სხვაგან მივირთმევ ხინკალს. ისე, საცივიც მიყვარს და ფხალეულიც.

90-იანებში, აქედან რომ წავედი, ქვეყანა ურთულეს მდგომარეობაში იყო და, მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. საქართველო ახლა ყვავის. ტელევიზორში რომ ვხედავ, როგორ იცვლება აქაურობა, უფალს მადლობას ვწირავ, რომ საშინელი დღეები უკან მოვიტოვეთ…

Sputnik-ი საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ ანარ აგაკიშევის ის გარდასახვა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ხმა მიეცი საუკეთესოს.

ყველა ახალი ამბავი
0