ნუცა ხუბულავა: მადლობა მაყურებელს, რომ ჩვენი ნამუშევარი უძლიერეს ფილმებში გამოარჩია

© Фото: Мариам Хубулаваნუცა ხუბულავა
ნუცა ხუბულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 სექტემბერს რუსეთის კინოგაქირავებაში გამოდის კომედიური ჟანრის ფილმი „ტელი და ტოლი“, რომელიც ქართული და ოსური სოფლების — ტელისა და ტოლის მცხოვრებლებზე მოგვითხრობს.

ფილმში მთავარი როლი ნუცა ხუბულავამ შეასრულა, რომელმაც Sputnik-ს საკუთარ კინოდებიუტზე მოუთხრო.

თბილისიდან მოსკოვში და ფიგურული სრიალიდან თეატრში

სამი წლისა ვიყავი, როცა მშობლებთან ერთად თბილისიდან საცხოვრებლად მოსკოვში გადავედი. მამას სამსახური შესთავაზეს და ყველანი წავედით, რომ ოჯახი ერთმანეთს არ დაშორებოდა. საქართველოში, ჩვეულებრივ, წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ, უფრო ხშირად მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ.

ათი წლის განმავლობაში ფიგურულ სრიალზე დავდიოდი, სპორტის ოსტატიც კი გავხდი. სამწუხაროდ, ერთ დღეს ვარჯიშზე ტრავმა მივიღე და სპორტული კარიერა დავასრულე. ძალიან ვინერვიულე ამის გამო, მაგრამ მერე გავიაზრე, რომ ყველაფერი, რაც ხდება, უკეთესობისთვისაა. ადრე თუ გვიან, ადამიანი ამას აცნობიერებს.

ფიგურული სრიალი ჩემთვის სპორტი არასდროს ყოფილა, ეს ხელოვნების ისეთი სფეროა, სადაც ცეკვით შეგიძლია გამოხატო გრძნობები და ემოციები.

სკოლას რომ ვამთავრებდი, ისევ მომინდა აზარტის განცდა და მივხვდი, რომ მსახიობის პროფესია ყველაზე მეტადაა გაჯერებული ამით, რადგან თვითგამოხატვა მხოლოდ ცეკვითა და სხეულით არაა შესაძლებელი.

© მარიამ ხუბულავანუცა ხუბულავა
ნუცა ხუბულავა - Sputnik საქართველო
ნუცა ხუბულავა

სკოლა დავამთავრე და ისე, რომ არავისთვის არაფერი მითქვამს, თეატრალურში ჩავაბარე. მშობლებს ეს ამბავი მხოლოდ ჩარიცხვის შემდეგ ვუთხარი. ძალიან კი არ გახარებიათ, მაგრამ ჩემს არჩევანს გაგებით მოეკიდნენ.

ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს პროფესია ავირჩიე, მაგრამ მომავალში, შესაძლოა, რაღაც სხვამ დამაინტერესოს, მაგალითად, ფსიქოლოგიამ და იქნებ მაგისტრატურაშიც ჩავაბარო. 

თეატრალური სასწავლებლის შერჩევა

როცა სასწავლებელში ვაბარებდი, არ ვიცოდი რა და როგორ ხდებოდა. უბრალოდ ინტერნეტით ვადევნებდი თვალს ცხრილს. ჯერ შჩეპკინის უმაღლეს თეატრალურ სასწავლებელში ვცადე ბედი და მომდევნი ტურში გადავედი, მერე კი შჩუკინის სასწავლებელში წავედი. იქ მეც ყველა მომეწონა და იმათაც მოვეწონე. მკითხეს, კიდევ სად შეიტანე საბუთებიო. მერე მითხრეს, მეტი აღარსად აღარ წახვიდე, იმიტომ რომ ჩვენთან ხარ ჩარიცხულიო.

ახლა მესამე კურსზე ვარ და ჩემი გრაფიკი დილიდან საღამომდე შევსებულია.

თეატრი ისეთი სფეროა, სადაც გამოძახილს მყისიერად იღებ. თუ კარგად თამაშობ, მაყურებელი ამას ხედავს და შენც ხვდები, რა დონეზე ხარ იმ მომენტისთვის. კინო კი შეიძლება გადაღებიდან ორი წლის მერეც გამოვიდეს ეკრანზე, ანუ ენერგიების გაცვლა მაშინვე არ ხდება.

© მარიამ ხუბულავანუცა ხუბულავა
ნუცა ხუბულავა - Sputnik საქართველო
ნუცა ხუბულავა

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ სწავლა უნდა დავამთავრო, კიდევ ორი წელი დამრჩა. სექტემბერში ჩვენ მხატვრულ ხელმძღვანელთან ანა დუბროვსკაიასთან ერთად „ლევ გურიჩ სინიჩკინს“ დავდგამთ. კინოში კი, თუ კარგი შემოთავაზებები მექნება, სიამოვნებით ვითამაშებ.

ისე, საქართველოში მინდა მუშაობა…

„ტელი და ტოლი“
ყველა მსახიობი ვართ ბაზაში და კასტინგებზე შეტყობინებები მოგვდის-ხოლმე. ასე გამომიგზავნეს „ტელისა და ტოლის“ სცენარი, გავეცანი და მაშინვე შემიყვარდა, იმიტომ რომ ძალიან გულწრფელი და კეთილი იყო. თანაც, მთავარი გმირი ძალიან ახლოს იდგა ჩემთან. ბევრი არ მიფიქრია, წინასწარ შერჩევაზე წასვლა გადავწყვიტე.

გამოცდა რთული იყო: ჯერ მარტოს უნდა გაგევლო კასტინგი, მერე პარტნიორთან ერთად. თანაც ყველაფერ ამას დრო სჭირდებოდა. მაგრამ საშა და სტიოპა (რეჟისორები) ძალიან კარგები იყვნენ და მეც კარგად განვეწყე მათ მიმართ, ამიტომ კომფორტულად ვგრძნობდი თავს.

გადასაღებ მოედანზე დიდხანს ვერ ვეგუებოდი ზედმეტ ყურადღებას, მაგალითად იმას, რომ ვიღაცას ყავა მოჰქონდა ჩემთვის. ვიდექი და ვფიქრობდი, კი მაგრამ, ვინ ვარ, რომ ასე მევლებიან თავს? ჩემითაც ხომ შემიძლია ამის გაკეთება? მერე მივხვდი, რომ იქ ყველას თავისი საქმე აქვს და საჭირო არ არის, ვიღაცას ლუკმა წაართვა. მოგიტანეს ყავა?— უბრალოდ, მადლობა გადაუხადე.

ცოტა არ იყოს, მანერვიულებდა პროფესიონალებთან თამაში. ამ დიდებულ მსახიობებს ყველაფერი პირველსავე დუბლზე გამოსდიოდათ, მერე კი ჩემი სცენა მოდიოდა და… მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ასე ცუდადაც არ იყო: ყველაზე ბევრი, ექვსი დუბლი მქონდა.

© მარიამ ხუბულავანუცა ხუბულავა
ნუცა ხუბულავა - Sputnik საქართველო
ნუცა ხუბულავა

გადასაღებ მოედანზე სირთულეებს არ გადავწყდომივარ, იქ ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა – საშაც (რეჟისორი), რინალიც (მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი) და კახი კავსაძეც.
ამ გუნდთან კიდევ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი.

ფილმს ვლადიკავკაზში, მთებში ვიღებდით დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. ადგილობრივები ძალიან კარგად გვექცეოდნენ, რომ იტყვიან, სიკეთედ იფრქვეოდნენ. მე და რინალი ერთ კონსიერჟ ქალს დავუმეგობრდით, რომელსაც გამუდმებით აინტერესებდა, როგორ მიდიოდა ჩვენი საქმეები და ჩვენც ძალიან გვსიამოვნებდა მისი ყურადღება.

მაყურებელმა მოსკოვურ ჩვენებაზეც თბილად მიგვიღო და ვოლოგდაშიც, სადაც საერთაშორისო კინოფესტივალი VOICES ტარდებოდა. ფესტივალში გამარჯვებამ გამაკვირვა, იმიტომ რომ იქ უძლიერესი ფილმები იყო წარმოდგენილი იტალიიდანაც და საფრანგეთიდანაც. მადლობელი ვარ მაყურებლისა, რომ ჩვენი ნამუშევარი გამოარჩია.

© Sputnik რეჟისორი ალექსანდრ ამიროვი და მსახიობი ნუცა ხუბულავა
რეჟისორი ალექსანდრ ამიროვი და მსახიობი ნუცა ხუბულავა - Sputnik საქართველო
რეჟისორი ალექსანდრ ამიროვი და მსახიობი ნუცა ხუბულავა

 

ყველა ახალი ამბავი
0