გენო პეტრიაშვილი – სამშობლოს, მეგობრებისა და სიცოცხლის სიყვარულით

© photo: Sputnik / Denis Aslanovგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ი პროექტის „საქართველო რიოს ოლიმპიადაზე“ ფარგლებში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს გაგაცნობთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები თავისუფალ ჭიდაობაში შეკრებაზე ბაკურიანში იმყოფება. რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში საქართველო სპორტის ამ სახეობაში ექვსი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ბიჭებთან გატარებულ ერთ დღეში მოვასწარით გავსაუბრებოდით არა მხოლოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, არამედ 21 წლის გენო პეტრიაშვილსაც – მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, ევროპის მოქმედ ჩემპიონს (მანამდე — ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონს), საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულს.

თუ ხინჩეგაშვილი ყველაზე მსუბუქ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, პეტრიაშვილი ყველაზე მძიმე – 120 კილოგრამს ზემოთ კატეგორიაში გამოდის.

გენო გარეგნულად კლდესავით კაცია, მაგრამ ამავე დროს მისგან იმდენი დადებითი ენერგია მოდის, რომ სიტყვებით ვერ აღწერ. ამის შეგრძნება მხოლოდ მასთან ურთიერთობით შეიძლება.

© Denis Aslanovთავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი

– ძალიან დიდი ხარ, ჩვეულებრივ, დიდი ადამიანები ძალზე კეთილი არიან. რატომ ჭიდაობა? ეს ხომ სპორტის არც თუ „კეთილი“ სახეობაა?

– არც კი ვიცი. ჭიდაობა რომ დავიწყე, ექვსი თუ შვიდი წლის ვიქნებოდი. მწვრთნელმა მიმიწვია და მეც წავედი. ვცადე, მომეწონა. ბიჭები, სექციაში რომ ვნახე, ფიზიკურად ძალიან განვითარებული იყვნენ – კუნთიანი, ნავარჯიშევი. მეც მომინდა ასეთი გავმხდარიყავი და დავრჩი ჭიდაობაში.

– ჭიდაობასა და სხვა სახეობას შორის არჩევანის გაკეთება მოგიხდა?

– არა, მხოლოდ ჭიდაობა.

– ბევრი სპორტსმენი თავისი მშობლების გზას ირჩევს ხოლმე. შენც ოჯახური სპორტული ტრადიციების მიმდევარი ხარ?

– რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არა. ჩვენ ოჯახში სპორტსმენები არ ყოფილან, მაგრამ ყოველთვის იყვნენ გულშემატკივრები და ჭიდაობის ყურება ყოველთვის უყვარდათ. ამიტომ მწვრთნელს მათი დათანხმება, რომ ჭიდაობა დამეწყო, დიდხანს არ მოუწია.

– რას ნიშნავს შენთვის ჭიდაობა? ეს გარკვეული თვითგამოხატვის საშუალებაა თუ მას რაიმე მიზნის მისაღწევად იყენებ?

– ვისაც საკუთარი მიზანი ან ოცნება არა აქვს, ის ცუდი სპორტსმენია. ჩვენთვის, პროფესიონალებისთვის, ჭიდაობა – ეს მთელი ცხოვრებაა. რამდენ დროს ვატარებთ სპორტულ დარბაზებში, შეკრებებზე, შეჯიბრებებზე – ვერც კი წარმოიდგენთ. ყოველთვის მთელი აზრები ჭიდაობაზეა, ტურნირებსა და მეტოქეებზე. ჩვენთვის ეს ყველაფერია.

© Denis Aslanovგენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ზურაბ იაკობაშვილი
გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ზურაბ იაკობაშვილი - Sputnik საქართველო
გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ზურაბ იაკობაშვილი

– მუდმივად ჭიდაობაზე ფიქრით ჯერ არ დაღლილხარ?

– არა, დაღლა არ შეიძლება (იცინის)! ასე არ გამოვა. თავს ერთხელ თუ მოდუნების ნებას მისცემ, მერე ამ ტალღაზე აწყობა გაგიჭირდება.

– ამჟამინდელი ოლიმპიური ნაკრებიდან თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გარდა ოლიმპიურ თამაშებზე არავინ ყოფილა. როგორ წარმოგიდგენია ოლიმპიური თამაშები? რას მოელი მისგან?

– ლადო არა მარტო მონაწილეობდა, არამედ ლონდონის ვერცხლიც მოიპოვა. რაც შეგვეხება ჩვენ, ვინც არ ვყოფილვართ თამაშებზე, ვემზადებით, ვვარჯიშობთ, და, რაც ყველაზე მთავარია, მოგების სურვილი გვაქვს. ყველა ასე ვართ განწყობილი. როგორც ამბობენ, ვინც კარგად მუშაობს, იგებს კიდეც (იცინის). რა თქმა უნდა, ვინც ნამყოფია ოლიმპიურ თამაშებზე, ამბობს, რომ იქ სულ სხვაგვარი ვითარება და ატმოსფეროა. ჩვენც გვინდა ამ ემოციების გამოცდა.

– ოლიმპიურ სოფელში რომელი ცნობილი და დიდი სპორტსმენის გაცნობას მოისურვებდი, ვისთან გადაიღებდი ფოტოს?

– რიოში ბევრი დიდი და ცნობილი ადამიანი იქნება. ძალიან მინდა ამერიკელ კალათბურთელებს შევხვდე. ძალიან მომწონს კობი ბრაიანტი, მაგრამ მან კარიერა უკვე დაასრულა და ბრაზილიაში არ მიდის. ასე რომ, ვეცდები, სურათი ლებრონ ჯეიმსთან გადავიღო (იცინის).

– სტეფენ კარისთან ჯობია (შორიდან ხინჩეგაშვილის ხმა ისმის).

– ისე, კარგი იქნებოდა, ყოფილ მოჭიდავეებს გავსაუბრებოდი, რომლებიც თავის დროზე ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. ალბათ, ბევრი მათგანი იქნება რიოში.

© Denis Aslanovგენო პეტრიაშვილი ვარჯიშზე
გენო პეტრიაშვილი ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
გენო პეტრიაშვილი ვარჯიშზე

– მოჭიდავეებს შორის ვინ არის შენთვის სამაგალითო?

— თუ ქართველ მოჭიდავეებზე ვისაუბრებთ, ჩემ გუნდში არის ასეთი ადამიანი, რომელზე სწორებაც შეიძლება. ეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილია. და არა მხოლოდ ქართველებს შორის. ის მსოფლიოშიც ლიდერია თავის წონით კატეგორიაში და უკვე ძალზე ავტორიტეტულ და ტიტულოვან მოჭიდავედ მიიჩნევა. თუ უცხოელებზე ვისაუბრებთ, მომწონს აზერბაიჯანელი ხეთაგ გაზიუმოვი (-97 კგ), ამერიკელი ჯორდან ბაროუზი (-74).

– გყავს ვინმე მუდმივი მეტოქე, რომელთან რაც შეიძლება ხშირად გინდა შეხვედრა ხალიჩაზე, ან, პირიქით — არ გინდა შეხვედრა?

— ჩვენთან, მძიმეწონოსნებში საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა. არიან ძალიან ძლიერი მოჭიდავეები: რუსი ბილიალ მახოვი, თურქი ტაჰა აქგიული, უკრაინელი ალენ ზასეევი. ჭიდაობა და გამარჯვება ყველასთან საჭიროა. თითოეულთან ინდივიდუალური მიდგომის, სუსტი ადგილის პოვნაა საჭირო. ადვილად არავინ მოგაგებინებს.

– პირადად შენ როგორ განეწყობი ხოლმე თითოეული ორთაბრძოლისთვის?

— მთავარია, ბევრი არ იფიქრო და ზედმეტად არ ინერვიულო, გააანალიზო, რა და როგორ იქნება. თავს უნდა უთხრა — წადი, იჭიდავე და მოიგე! უბრალოდ, უნდა გახვიდე და იჭიდაო.
მახსოვს, ბავშვობაში ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა, ვფიქრობდი, აი, ახლა მოვიგებ და მერე უკვე ნახევარფინალია, აი, შევძლებ ახლა გამარჯვებას და უკვე ჩემპიონი ვარ. როგორც წესი, ასეთი ფიქრების შემდეგ ვაგებდი. ეს სრულებით არასწორი განწყობაა ორთაბრძოლისთვის.

© FB/ unitedworldwrestlingგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გენო პეტრიაშვილი

– მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი, ალექსანდრ მედვედის ტურნირის გამარჯვებული ხარ. გამარჯვების შემდეგ თუ გიფიქრია — ნახე, რა მაგარი ბიჭი ვარ?

— ევროპის ჩემპიონატი რომ მოვიგე, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ ეიფორიაში არ ჩავვარდნილვარ, იმიტომ, რომ შეცდომა ყველგანაა. და იმისთვის, რომ კვლავ და კვლავ გაიმარჯვო — ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატზე — სულ ერთია, სად, უნდა იშრომო, ბევრი იშრომო.

ახლა რიგში ოლიმპიური თამაშებია. აქ მომზადების სულ სხვა დონეა, და საკუთარ თავს რომ უთხრა – საუკეთესო ხარ, მაგარი, რომ ყველას მოუგე ევროპაზე, ასე არ გამოვა. ეს ყველაფერი უნდა დაივიწყო და ყურადღება მხოლოდ რიოს ოლიმპიადაზე უნდა გადაიტანო.

ასეთი ფიქრებით თუ გახვალ ხალიჩაზე, 10:0-ს წააგებ მაშინვე და სახლშიც მაშინვე წახვალ (იცინის). თითოეულ მეტოქესთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო და მხოლოდ მაშინ გაქვს საერთო გამარჯვების შანსი.

– სწავლობ შენი მეტოქეების ორთაბრძოლებს? უყურებ ბრძოლებს მათი მონაწილეობით?

— რა თქმა უნდა. ყველა ნიუანსი უნდა იცოდე, ყველა ტექნიკური ხერხი, რომელსაც შენი მეტოქე ფლობს. ყველას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები.

© FB/ Geno Petriashviliგენო პეტრიაშვილი ორთაბრძოლისას
გენო პეტრიაშვილი ორთაბრძოლისას - Sputnik საქართველო
გენო პეტრიაშვილი ორთაბრძოლისას

– როცა ოლიმპიური თამაშები დასრულდება, ალბათ, დასვენებისთვის რაღაც დრო გექნება. სად აპირებ შვებულების გატარებას?

— ჯერ არ ვიცი. მართალი რომ გითხრა, ახლა ამისთვის არ მცალია. ახლა შეკრებები გვაქვს. მოგვიანებით კიდევ ერთი, მერე კიდევ ერთი შეკრება გვექნება და უკვე ოლიმპიადაც დაიწყება. ასე რომ, იმის დრო, იმაზე ვიფიქრო, შვებულებას სად გავატარებ-მეთქი, არ მაქვს (იცინის). თუ კარგად გამოვალ, კარგადაც დავისვენებ.

– საერთოდ, რა უფრო მოგწონს, ზღვა თუ მთა? იქნებ, სპორტის ექსტრემალური სახეობები გიტაცებს?

— ზღვაც მომწონს და მთაც. ძალიან მიყვარს თხილამურებით სრიალი, მაგრამ ახლა სეზონი არ არის (იცინის). ზამთარში კი აუცილებლად წავალ.

– ახლა შეკრება გაქვთ, პარალელურად კი ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს ფეხბურთში. ახერხებ ყურებას?

— ვარჯიშის მერე ძალა თუ გვრჩება, ვუყურებთ.

– ვის გულშემატკივრობ?

— საფრანგეთს.

– შენთვის მნიშვნელობა თუ აქვს, სად ტარდება შეჯიბრება?

— როცა ევროპის ჩემპიონატი თბილისში ტარდებოდა, სულ 18 წლის ვიყავი. პირადად მე სახლში თავს ძალზე კომფორტულად ვგრძნობდი, ვგრძნობდი ტრიბუნების მხარდაჭერას, მათ ენერგეტიკას. მაგრამ ახლა, სამი წლის შემდეგ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, სად იმართება ტურნირი. უნდა გამოხვიდე ხალიჩაზე და შენი საქმე გააკეთო.

კარგი არაა, როცა მსაჯები, როგორც წესი, მასპინძელ მოჭიდავეებს ეხმარებიან. ვთქვათ, თუ შეჯიბრება აშშ-ში ტარდება, მაშინ ამერიკელ მოჭიდავეებს „გაქაჩავენ“, თუ რუსეთში — რუსებს და ა.შ.

© Denis Aslanovსაქართველოს ოლიმპიური ნაკრები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
საქართველოს ოლიმპიური  ნაკრები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში - Sputnik საქართველო
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

– რამდენად ხშირად აფუჭებენ მსაჯები ორთაბრძოლას? ხომ შეიძლება ბევრი სადავო მომენტის ნახვა და ქულის დაწერა როგორც ერთი, ისე მეორე მხრისთვის?

— კი, ბატონო, ცინცხალი მაგალითი: ცოტა ხნის წინ მსოფლიოს გუნდური თასი გაიმართა ლოს-ანჯელესში. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მასპინძლებს შევხვდით. გადამწყვეტი ჩემი ბრძოლა იყო. იმ მომენტისთვის 4:3-ს ვაგებდით და ბრინჯაო რომ მოგვეგო, უნდა გამემარჯვა.

ამერიკელს ყველანაირად ეხმარებოდნენ და რამდენჯერმე მსაჯებმა ისეთი შეცდომები „დაუშვეს“, რომ უბრალოდ გამეცინა. მაინც გავიმარჯვეთ და ბრინჯაო მოვიპოვეთ. უბრალოდ, საკუთარ ძალებში დარწმუნებული უნდა იყო და ისე გაიმარჯვო, რომ მეტოქეს შენ უპირატესობაში არანაირი ეჭვი არ გაუჩნდეს.

– ასეთ ლოგიკას თუ მივყვებით, მაშინ თბილისში თქვენ დაგეხმარებიან?

— ვცდილობთ, მათ გადაწყვეტილებებს ყურადღება არ მივაქციოთ. თუ „დაგვეხმარებიან“ — კარგია. მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს. უბრალოდ, უნდა იჭიდაო და მსაჯის ვერანაირი გადაწყვეტილება ორთაბრძოლას ვერ გააფუჭებს.

– მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ჩვენს მოჭიდავეებს თბილისში არასდროს არავინ დახმარებია. ლადო, ხომ ასეა?

— (ვლადიმერ ხინჩეგაშვილი) არა, არ დახმარებია. უფრო მეტიც, ოდიკაძეს (ელიზბარს) ორთაბრძოლა გაუფუჭეს.

— მაგრამ ეს ჩივილისა და წუწუნის საბაბი არ არის. ჩვენ მოჭიდავეები ვართ და ჩვენი საქმე ჭიდაობაა და არა მსაჯობა. ბოლოს და ბოლოს, ისინიც ადამიანები არიან და შეცდომისგან დაზღვეული არავინაა.

მართალია, არის ისეთი შეცდომები, რომლებიც შეიძლება ძალიან ძვირი დაგვიჯდეს. ოთხი წელი ემზადები თამაშებისთვის, მერე კი ვინმემ რამე შეიძლება ვერ ან არ დაინახოს.

© FB/ Geno Petriashviliგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გენო პეტრიაშვილი

– როგორ დაახასიათებდი თავს სამი სიტყვით?

— არასდროს მიფიქრია ამაზე. მაგალითად… (ღრმად ამოისუნთქა). პირველად მისვამენ ასეთ კითხვას. უნდა მოვიფიქრო (იცინის)… ალბათ, პატრიოტი, ეს ყველაზე მთავარია. მიყვარს ჩემი სამშობლო. მიყვარს ჩემი ბიჭები და მეგობრები, რომლებთან ერთად ვვარჯიშობ და ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ვატარებ. კიდევ რა?.. (იცინის) მოღალატე არ ვარ და სიმართლე, გულწრფელობა მიყვარს.

P.S. მას შემდეგ, რაც ინტერვიუ დასრულდა, აღმოჩნდა, რომ დიქტოფონი გამორთული არ იყო. გენოსთან ერთად დიდხანს ვარჩევდით, რა დაეწერა მას Sputnik-ის მკითხველისთვის. დისკუსიაში ჰოლში შეკრებილი გენოს თითქმის ყველა მეგობარი მონაწილეობდა. მაშინ კი მივხვდი, რატომ უწოდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მას ყველაზე დიდი ოხუნჯი ნაკრებში. ადამიანი თავის ირგვლივ ისეთ ატმოსფეროს ქმნის, ისე კარგად ხუმრობს, რომ გულგრილი დარჩე და არ გაიღიმო, უბრალოდ, შეუძლებელია.

© Denis Aslanovგენო პეტრიაშვილის ავტოგრაფი Sputnik-ს
გენო პეტრიაშვილის ავტოგრაფი Sputnik-ს - Sputnik საქართველო
გენო პეტრიაშვილის ავტოგრაფი Sputnik-ს

 

ყველა ახალი ამბავი
0