ტაისონის გურული მეგობარი, კაშპიროვსკის „ტრენერი“ და წიფნარელი მასწავლებლის წყევლა

© FB/ Pasieshvili Gochaმსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში გოჩა ფასეიშვილი
მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში გოჩა ფასეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის ჟურნალისტი ესაუბრა ბრუკლინში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენს, გოჩა ფასიეშვილს, რომელიც მსოფლიოს, ინტერკონტინენტალის ჩემპიონი და კიკბოქსინგში ამერიკის ვიცე-ჩემპიონია. ის ამერიკაში თავის დროზე ჩაკ ნორისმა მიიწვია, მეგობრობს მაიკლ ტაისონთან და კაშპიროვსკის ავარჯიშებს.

თავის დროზე, გურიის სოფლიდან თბილისში ჩამოსული ბიჭი ალბათ ვერც იოცნებებდა იმაზე, რაც მისთვის დღეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა. სპორტული კარიერის პირველ ეტაპზე, ანუ ქართულ-საბჭოურ პერიოდში მან კრივსა და კიკბოქსინგში საქართველოსა და საკავშირო არა ერთი ჩემპიონატი მოიგო და კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე პირველი ქართველი გახდა. ერთ მშვენიერ დღეს ის მსახიობმა ჩაკ ნორისმა მიიწვია, რის შემდეგაც გონება ამერიკული ოცნებით „მოეწამლა“, რაც საბოლოოდ აისრულა კიდეც. მისი ძლიერი ქართული ხასიათი ყველაფერში ვლინდებოდა. ერთხელ ატლანტა სითიში გამარჯვების შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნის ნაცვლად ამერიკელებს,,წინწყარო“ და,,ოროველა“ მოასმენინა. დღეს იგი მსოფლიოს, ინტერკონტინენტალის ჩემპიონი და კიკბოქსინგში ამერიკის ვიცე-ჩემპიონია. ოჯახთან ერთად ბრუკლინში, სამსართულ სახლში ცხოვრობს და მის ცნობილ მეგობრებს შორის მაიკლ ტაისონი, შეგირდებს შორის კი კაშპიროვსკია, ამერიკელები დაბადების დღეზე სიურპრიზს უწყობენ, ზაფხულობით კი ლას ვეგასში ისვენებს. უფრო ვრცლად და გურული იუმორით საკუთარ ცხოვრებაზე წარმატებული სპორტსმენი, გოჩა ფასეიშვილი თავად მოგვითხრობს.

© FB/Paseishvili Gochaგოჩა ფასეიშვილის ჯილდოები
გოჩა ფასეიშვილის ჯილდოები - Sputnik საქართველო
გოჩა ფასეიშვილის ჯილდოები

- გოჩა, როგორია თქვენი ცხოვრების ამერიკული ამბავი?
— 14 წლის ვიყავი, როდესაც სასწავლებლად გურიის სოფელ წიფნარიდან  რუსთავში ჩამოვედი. საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. სოფლიდან ჩამოსულს ბევრი სხვანაირად მიყურებდა და ჩემს დაჩაგვრას ცდილობდა. მივხვდი, პირველ რიგში თავის დაცვა უნდა მესწავლა. ცნობილი მოკრივის დავით კვაჭაძის გამოსვლებს ინტერესით ვადევნებდი თვალს და მეც მინდოდა ჩემპიონი ვყოფილიყავი. 1998 წელს მსახიობ ჩაკ ნორისისგან მოწვევა მომივიდა. მოგეხსენებათ, თავის დროზე ის ამერიკისა და მსოფლიოს ჩემპიონი იყო კარატესა და კიკბოქსინგში და საერთაშორისო შეჯიბრებებს ყოველ წელს ატარებდა. მოკლედ ამერიკის საკონსულოში ვიზა მომცეს, რაც მაშინ სასწაულს ნიშნავდა, მაგრამ გზის ფული ვერ ვიშოვე და ვერ წავედი. შეჯიბრება ორი თვის დამთავრებული იყო, როცა სამგზავრო  ფული ვაი-ვაგლახით შევაგროვე და ამერიკაში მაინც ჩამოვედი. იმ დროს აქ ქართველები ცოტანი იყვნენ. რამდენიმე ღამე ქუჩაში სკამზე მეძინა და მალე ჩემი 120 დოლარიც გამითავდა. ინგლისური არ ვიცოდი, მაგრამ რამდენიმე კვირა ბენზინგასამართ სადგურზე მაინც ვიმუშავე. პარალელურად ვეძებდი ისეთ სპორტულ კლუბს, რომელიც შეჯიბრებებზე გამიყვანდა. მივედი ლუის ნეგლიას აკადემიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრომოუტერი და შეჯიბრების ორგანიზატორია. ასე გავხდი პროფესიონალი კიკბოქსიორი. ყველა მოწინააღმდეგე ჩამოვიშორე და უფლება მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლა.

© FB/ Paseishvili Gocha1998 ჩემპიონატის აფიშა
1998 ჩემპიონატის აფიშა - Sputnik საქართველო
1998 ჩემპიონატის აფიშა

- ამერიკაში ერთი შეჯიბრების შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნის ნაცვლად დარბაზს თურმე,,წინწყარო“ მოასმენინეთ, როგორ იყო ეს ამბავი?
— ეს შეჯიბრება ატლანტი სითიში კაზინო,,ტროპიკანაში“ 1998 წლის 19 სექტემბერს ჩატარდა. სწორედ მაშინ საბჭოთა კავშირის ჰიმნი უნდა გაეშვათ, მე კატეგორიული უარი ვთქვი. ჩემს ძმას, ვახტანგს მანქანიდან ანსამბლ,,რუსთავის“ კასეტა მოვატანინე და დარბაზს ჰიმნის ნაცვლად,,წინწყარო“ და შემდეგ,,ოროველა“ მოვასმენინე. მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ დავამარცხე ცნობილი სპორტსმენი ვიზიო, მაგრამ გამარჯვება მაინც მას ჩაუთვალეს. მახსოვს, როგორ ყვიროდნენ ამერიკელები- გოჩა ჩემპიონიაო. იმ წელს მსოფლიო რეიტინგში მეორე ნომრად დამასახელეს. არც რუსთავში და არც ჩოხატაურში, სადაც დავიბადე საუკეთესო სპორტსმენთა ათეულშიც კი არასოდეს დავუსახელებივარ. შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი და ინტერკონტინენტალის ჩემპიონი გავხდი, ასევე ამერიკის ვიცე-ჩემპიონი კიკბოქსინგში.

© FB/ Paseishvili Gochaგოჩა ფასიეშვილი მეუღლესთან და ანატოლი კაშპიროვსკისთან ერთად
გოჩა ფასიეშვილი მეუღლესთან და ანატოლი კაშპიროვსკისთან ერთად - Sputnik საქართველო
გოჩა ფასიეშვილი მეუღლესთან და ანატოლი კაშპიროვსკისთან ერთად


- ანატოლი კაშპიროვსკისთან რა ურთიერთობა გაქვთ?
— ანატოლი კაშპიროვსკი ამერიკაში, ერთ სპორტდარბაზში გავიცანი. არასდროს მინახავს ასეთი ფიზიკური ძალის პატრონი, ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფსიქოთერაპევტია, მან რამდენიმე წამში ცხვირის სუნთქვის პრობლემა აღმიდგინა. დღესაც ოჯახებით ვმეგობრობთ. ჩვენს ვარჯიშებს და იმ მომენტს, სადაც მან NTV-ს სტუდიაში ერთი კაცი გათიშა, მსოფლიოს სხვადასხვა არხი დღესაც ხშირად აჩვენებს.
-,,გურულები ამერიკაში“ —ძველი და ნაცნობი თემაა — თქვენი სახით ეს თემა კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟით გამდიდრდა…
— გურულები ამერიკაში კარგ მოჯირითეებად იყვნენ ცნობილი, მაგრამ მათ რატომღაც რუსებად თვლიდნენ და გურულ კაზაკებს ეძახდნენ. ამ მოჯირითეებს შორის ქალებიც იყვნენ. მართალი ხართ, ახლა ჩემი სახით ამერიკას კიდევ ერთი გურული სპორტსმენიც შეემატა. რა მახსენდება იცით? გურიაში, სკოლაში ჩემი მასწავლებელი სულ მწყევლიდა: შენ წადი მოუსვლელშიო და ხომ ხედავთ, სად ვარ? ასე რომ, თუ ვინმეს ამერიკაში ჩამოსვლა უნდა, ჩემს სოფელში ჩავიდეს, დააწყევლინოს თავი გურულ ქალს და ამერიკის ვიზას უპრობლემოდ მისცემენ.
- თქვენს ერთ დაბადების დღეზე ამერიკელებმა საოცარი სიურპრიზი მოგიწყვეს როგორ იყო ეს ამბავი?
— ის დაბადების დღე ჩემთვის მართლაც დაუვიწყარია. საღამო მომიწყვეს ატლანტა სითიში, სადაც მაიკლ ტაისონიც დაპატიჟეს. ეს იყო კაზინო,,სიერზში“, საიდანაც დამირეკეს და მთხოვეს, მე და ჩემი მეუღლე აუცილებლად ჩავსულიყავით, მითხრეს, რომ სასტუმრო გადახდილია, რესტორანი შეკვეთილი და 5000 დოლარიც გამზადებულია საჩუქრადო. ამის გარდა გამაფრთხილეს, ერთი სიურპრიზიც გელისო. როცა ადგილზე ჩავედით, იქ ტაისონი დაგვხვდა… თბილად ვისაუბრეთ და მას მერე დავმეგობრდით.

© FB/ Paseishvili Gochaგოჩა ფასიეშვილი და მისი მეუღლე მაიკლ ტაისონთან ერთად
გოჩა ფასიეშვილი და მისი მეუღლე მაიკლ ტაისონთან ერთად - Sputnik საქართველო
გოჩა ფასიეშვილი და მისი მეუღლე მაიკლ ტაისონთან ერთად

- ყველაზე უფრო რა მოგწონთ ამერიკულ ცხოვრებაში?
— ყველაზე მეტად ამერიკაში ის მომწონს, რომ აქ ადამიანი 21 წლამდე არასრულწლოვნად ითვლება და სიგარეტსა და სასმელს ვერ იყიდის, კაზინოშიც არ შეუშვებენ. ჩვენთან კი 15 წლის ბავშვს- კაცი ხარო- ეუბნებიან. თამადად ირჩევენ, სმის ნებასაც რთავენ და სიგარეტსაც აწევინებენ. მერე კი ჯარში წასვლის დროს  ირკვევა, რომ ის უკვე,,დაბრაკულია“. კიდევ ამერიკაში ის მომწონს, რომ აქ თითქმის ყველა ვარჯიშობს, რაც უნდა მძიმე სამსახური ჰქონდეს კაცს, სავარჯიშო დროს მაინც პოულობს. ქუჩაში მოვარჯიშე კაცს ღამის სამ საათზეც დაინახავთ, კარგი იქნება, თუ ქართველები ამერიკელებს ამაში მივბაძავთ.
- რომელ ამერიკულ წესს თუ ჩვევას ვერ მიიღებთ?
— რასაც ვერასდროს შევეგუები ამერიკაში ის არის, რომ კაცმა გინდა ცოლი მოიყვანე, გინდა გათხოვდი, სულ ერთია, ასევეა ქალებზეც. აქ ქალს უფრო მეტი ცოლი მოჰყავს, ვიდრე თხოვდება. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ მე და ჩემი ძმა ქუჩაში შვილს ვასეირნებდით და ბავშვმა რამდენჯერმე მამა დამიძახა, რაც ინგლისურად დედას ნიშნავს. ჩემთან ერთი ცისფერი მოვიდა და მეუბნება: რომ იცოდე, როგორ მინდა მეც დედა ვიყოო, ანუ თავისიანი ვეგონე…
- თქვენს ტრადიციულ ოჯახზე მოგვიყევით…
— ჩემი მეუღლე, ტანია, უკრაინელია, პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერია. ის ჩემი მოსწავლე იყო, კიკბოქსინგში ვავარჯიშებდი. როცა ვკითხე კიკბოქსინგი რატომ აირჩიე მეთქი, ასე მიპასუხა: როცა გავთხოვდები, ქმარი უნდა დავჩაგროო, მე სულელმა კი ყველა ილეთი ვასწავლე. ამიტომ როცა ცოლად გამომყვა, მას მერე ასე დაჩაგრული და ენა ჩაგდებული ვარ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.  ერთად კარგად ვართ, ბრუკლინში საკუთარი სახლი შევიძინე და მწვრთნელად ვმუშაობ. გვყავს 3 წლის გოგონა, რენე, რომელიც ძალიან სპორტული ბავშვია, ყოველ დღე ერთად ვვარჯიშობთ. სამომავლოდ გეგმებიც გვაქვს, ვნახოთ რა იქნება. ზაფხულში მე, ჩემი მეუღლე, შვილი და ძმა მაიკლ ტაისონთან ვაპირებთ სტუმრად ჩასვლას ლას-ვეგასში, სადაც მის დარბაზში უნდა ვივარჯიშოთ.
- დიდი მადლობა საუბრისთვის და ლას-ვეგასის მერე საქართველოშიც გელოდებით.

ყველა ახალი ამბავი
0