თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. 140 ყაზახი ტურისტი ბათუმიდან შინ დაბრუნებას უკვე მეოთხე დღეა ვერ ახერხებს, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ კომპანია SkyBus-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ბელობოროდოვმა.
რეისის დაგვიანებას საფუძვლად ის ფაქტი დაედო, რომ ბათუმიდან გაფრენის თარიღი ბორტზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების თარიღს დაემთხვა.
„ჩვენმა თვითმფრინავებმა ახლა სავალდებულო სამუშაოების შესრულების პროცესი უნდა გაიარონ. რთული სამუშაო არ არის, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა, რის გამოც უფლება არ გვაქვს, მგზავრები ამ თვითმფრინავებით გადავიყვანოთ“, — განაცხადა ბელობოროდოვმა.
მიუხედავად იმისა, რომ, გენერალური დირექტორის განცხადებით, თვითმფრინავები გამართულია, მათ მგზავრების გადაყვანა არ შეუძლიათ.
ალმათიდან უახლოეს პერიოდში გამოფრინდება თვითმფრინავი, რომელიც ყველა მგზავრს სამშობლოში წაიყვანს, აღნიშნა ბელობოროდოვმა.
„ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რა სისწრაფით გააფორმებს საავიაციო სამსახური გადაფრენის მარშრუტის ნებართვას. როგორც კი ნებართვას მივიღებთ, თვითმფრინავი გამოფრინდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს დღეს მოხდება“, — ვარაუდობს ბელობოროდოვი.
ავიაკომპანიამ ბათუმში ჩარჩენილები საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყო, მათთან მუდმივად მუშაობს ავიაკომპანიის წარმომადგენელი. გარდა ამისა, SkyBus-ი მზადაა გადაუხადოს პირგასამტეხლო ტურისტებს, რომლებიც იძულებული გახდნენ, შვებულება გაეხანგრძლივებინათ.
„ვფიქრობ, როცა ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან, ვინმე დაწერს განცხადებას, საჩივარს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას კანონმდებლობის შესაბამისად განვიხილავთ“, — აღნიშნა ბელობოროდოვმა.
ყაზახი ტურისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ სამშობლოში დაბრუნების ზუსტი დრო არ იციან.
„უკვე ჩავალაგეთ ჩემოდნები, აეროპორტში წასვლას ვაპირებდით, მაგრამ ბოლო მომენტში გვაცნობეს, რომ გაფრენა გადაიდო. კითხვაზე „რატომ?“ არავინ გონივრული პასუხი არ გაგვცა. კი, უზრუნველყოფილი ვართ საცხოვრებლითა და კვებით, მაგრამ გვინდა გავიგოთ, როდის გავფრინდებით სამშობლოში“, — განაცხადა ტურისტმა ვიტალი ნესილბაევმა ტელეკომპანია „24 kz“-სთან საუბრისას.


