თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. თბილისში 14 ივნისის ღამეს დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მონაცემებით, 457 ადამიანი დაზარალდა, მათგან 119 ბავშვია, 56 ხანდაზმული და 5 ორსული.
„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული 106 ოჯახია, უფრო კონკრეტულად, 457 ადამიანია აღრიცხვაზე აყვანილი. მათგან 119 ბავშვია, 56 ხაჯდაზმული და ხუთი ორსული. გამოკითხვა სპეციალურად შემუშავებული კითხვარით ჩატარდა, რის საფუძველზეც დაზარალებულებს დახმარება გაეწევათ ინდივიდუალური საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად", – ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი, ხოლო სამი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
დამანგერველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.