საქართველო-თურქეთის საზღვარზე მანქანები დაგროვდა

© Flickr / orientalizingსარფი
სარფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფზე" მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, საბაჟო პროცედურები შეზღუდულ რეჟიმში სრულდება.

თბილისი, 29 ნოემბერი– Sputnik. ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფზე“ მანქანების რიგი გაჩნდა, იუწყება ტელეარხი "იმედი".

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გამოაცხადა, რომ 28 ნოემბრიდან, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვები პუნქტზე  „სარფი“ სარეკონსტრუქციო სამშენებლო სამუშაოების დაწყების გამო, საბაჟო პროცედურები ორივე მიმართულებით განხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში. სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს ექვსის ნაცვლად მხოლოდ 2 გასასვლელი მოემსახურება. ერთი ქვეყნიდან გამსვლელ, მეორე კი შემომსვლელებს მოემსახურება.

შემოსავლების სამსახური მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, გაითვალისწინოს შექმნილი ვითარება, ან ისარგებლოს საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა ("კარწახი", "ვალე") საბაჟო გამშვები პუნქტებით. წინასწარი ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები ერთი წლის შემდეგ დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0