ბილ გეიტსი: ყოველი e-mail-ის გაგზავნის წინ თმას ვივარცხნი...

ბილ გეიტსი
ბილ გეიტსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ასაკს ჩვენ ცხოვრებაში თავისებური სიბრძნე და სიღრმე შემოაქვს. ასე რომ არ ყოფილიყო, ამ დილით, რა თქმა უნდა, უსაშველოდ გამოვიპრანჭებოდი და ჩვენ აივანზე იუბილარ ეროს რამაზოტის მოვიწვევდი თავისი გულშიჩამწვდომი სიმღერებით უიმედო და იმედიან სიყვარულებზე, მაგრამ…

დღეს უკვე ვერავითარი, მომაჯადოებლად მომხიბვლელი „რამაზოტი“ ვერ გადამიფარავს აღტაცებას იმ კაცის მიმართ, რომელიც მას ვარჩიე.

ხომ კარგად მიცნობთ… არა იმის გამო, რომ 2016 წლის მაისის თვის მდგომარეობით ჩვენი დღევანდელი სტუმრის ქონება 76,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, არც იმის გამო, რომ ეს მილიარდერი ცხოვრობს ვაშინგტონის ტბის მიმდებარე უზარმაზარ სახლში (3720 კვ.მ), რომლის ღირებულება 125 მილიონი დოლარია, რომელიც ყველაზე თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და რომლის უკან 30-ავტომანქანიან ავტოსადგომს ამშვენიერებს კოპლებიანი კალმახებით სავსე ტბა, გოლფის სათამაშო მოედანი და იაპონური აბანო… არა და არა!

პატარა მზარეული - Sputnik საქართველო
ბებია მყავდა „პოვარი...“

უბრალოდ, სხვა ყველაფერთან ერთად, აი ამ დიდ სახლში განთავსებული ბიბლიოთეკის ჭერზე ამოტვიფრულია ციტატები ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ჩემი უსაყვარლესი რომანიდან — „დიდი გეტსბი“.  

ისე კი, ჟღერადობით გეტსბი და გეიტსი რაღაცით კი ჩამოჰგავს ერთმანეთს…

ასე რომ, დღეს ჩვენი მოკრძალებული აივნის სტუმარია ამერიკელი მილიარდერი, საზოგადო მოღვაწე, ფილანტროპი, კომპანია Microsoft-ის ერთ-ერთი შემქმნელი ბილ გეიტსი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1955 წლის 28 ოქტომბერს.

სწორედ მას ეკუთვნის საოცარი ფრაზა — „ცხოვრება გაცილებით უფრო მხიარული და სახალისო ხდება, თუ მას შემოქმედებითად მიუდგები“.

კადრი ფილმიდან ჩემი მშვენიერი ლედი - Sputnik საქართველო
ხან შველია და ხან გედი ჩვენი მშვენიერი ლედი...

თავად ბილ გეიტსი ცხოვრებას ყოველთვის შემოქმედებითად უდგებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამაში, მის ნიჭსა და არაორდინალურობაშია მისი წარმატებების მთავარი საწინდარი…

ბილ გეიტსი დაიბადა ქალაქ სიეტლში, წარმატებული კორპორატიული ადვოკატის და რამდენიმე მსხვილი ამერიკული კომპანიის დირექტორის ოჯახში. ბუნებრივია, ის შეიყვანეს სიეტლის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელ Lakeside-ში. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ბილის საყვარელი საგანი არის პროგრამირება, რომელსაც ის უმეტეს დროს უთმობდა და, თანაც, სხვა საგნების ხარჯზე. თავად ბილი კი თვლის, რომ მისი მომავალი კარიერის საწყისი იყო ამ სასწავლებელში მის მიერ Basic-ის ენაზე შექმნილი პირველი თამაში „ჯვრები და ნულები“, როგორც ჩვენ ბავშვობაში ვეძახდით… უფროს კლასებში ბილმა გაიცნო თავისი მომავალი ბიზნეს-პარტნიორი პოლ ალენი და მასთან ერთად 15 წლის ასაკში უკვე მუშაობდა   კომპანია Information Sciences-ში.

1973 წელს ბილ გეიტსი ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. თავიდან ის აპირებდა სპეციალიზაციას პროგრამული უზრუნველყოფის დარგში, მაგრამ მას თავიდანვე უფრო მეტად ამ სფეროს პრაქტიკული გამოყენება აინტერესებდა. ის აცდენდა, მისი აზრით, არაფრისმომტან ლექციებს, რის შედეგადაც ბილ გეიტსი ჰარვარდის უნივერსიტეტის მესამე კურსიდან გარიცხეს!..

კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე - Sputnik საქართველო
ბიძინა კვერნაძე: „ხან-დაზმული ვარ, ხან არა“...

ყველაზე სასაცილო კი, იცით, რა არის? რომ მან საბოლოოდ მაინც მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომი, თუმცა მას ის წლების განმავლობაში სახლში არ წამოუღია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მრავალრიცხოვანი შეხსენებების მიუხედავად.

რაც შეეხება ბილ გეიტსის პირად ცხოვრებას, მან 32 წლის ასაკში ერთ-ერთ თათბირზე გაიცნო Microsoft-ის თანამშრომელი მელინდა ფრენჩი და მათ 1994 წლის 1 იანვარს იქორწინეს. ჰყავთ ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. 

ძალიან მომწონს ბილის გამონათქვამი — „საოცარია, მაგრამ მელინდამ მაიძულა, რომ ის ცოლად მომეყვანა… არა, ეს მართლაც უცნაურია, თუ მხედველობაში მივიღებთ ჩემს ტკივილამდე რაციონალურ შეხედულებებს ქორწინებასთან დაკავშირებით“.

დღეს ბილს და მელინდას შექმნილი აქვთ მათი სახელობის საქველმოქმედო ფონდი, რომელმაც 1994-დან 2010 წლამდე ქველმოქმედებაზე 28 (!) მილიარდი დოლარი დახარჯა, და ბილ გეიტსი საქველმოქმედოდ გაცემული სახსრების რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთ რეკორდსმენად ითვლება. სხვათა შორის, 2010 წლის თებერვალში გეიტსმა ყველა მილიარდერს მოუწოდა, მასთან ერთად მთელი შემოსავლის ნახევარი საქველმოქმედო მიზნებისთვის გაეცათ. სამწუხაროდ, პასუხი არავისგან მიუღია…

იცით, კიდევ რატომ მიყვარს ბილ გეიტსი? ის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი და წინააღმდეგობრივია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური და კომფორტული სახლის პატრონია, შინაგანად ძალიან უამბიციო, უპრეტენზიო და მოკრძალებულია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წესიერი ადამიანია, ის სამჯერ იყო დაკავებული პოლიციის მიერ — ერთხელ სიჩქარის გადაჭარბების, ერთხელ მართვის მოწმობის გარეშე მართვისა და ერთხელაც ავტომანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო.

გაიდაის სახელგანთქმული სამეული: ნიკულინი, მარგუნოვი და ვიცინი - Sputnik საქართველო
გაიდაის „შესანიშნავი სამეული“ და... ჯინა ლოლობრიჯიდა...

ბოლოს კი მინდა კიდევ ერთ რამეზე გავამახვილო თქვენი ყურადღება: უდიდეს პატივს ვცემ ადამიანებს, ვისაც შეუძლია საკუთარი შეცდომების აღიარება.

ახლა გაგიკვირდებათ და ბილ გეიტსი თავიდან საოცრად სკეპტიკურად იყო განწყობილი ინტერნეტის პროექტის მიმართ და განაცხადა, რომ ინტერნეტი სრულიად უპერსპექტივოა, მაგრამ შემდეგ თავისი სიტყვები უკან წაიღო და სწორედ ინტერნეტის ფრონტზე გადაისროლა თავისი საუკეთესო პროგრამისტები.

შესაძლებელია, სწორედ ამ დიდი შეცდომის გამო, მან გადაწყვიტა მომავალში უფრო მეტად ენდოს პირველი შეხედვით ფანტასტიკურ პროექტებს და საკმაოდ სერიოზული თანხები ჩადო, მაგალითად, ე.წ. „ამინდების მართვის მსოფლიო პროგრამაში“.

ჰოდა, ჩვენც ვენდოთ ბილ გეიტსის ინტუიციას და ერთად დაველოდოთ იმ დღეს, როდესაც თითოეულს, დღეში რამდენიმე წუთით მაინც, ჩვენთვის ძალიან საჭირო დროს… შეგვეძლება შევიდეთ კომპიუტერში და გამოვიძახოთ მონატრებული მზე, ჟუჟუნა წვიმა ან, მაგალითად, ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და მხოლოდ გულის პროგრამით დაპროგრამებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0